ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „ეპიზოდი“ რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდი შედევრების მნიშვნელოვან ფრაგმენტზე ვამახვილებთ ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ეპიზოდზე „ანა კარენინადან“, რომელიც აღწერს ანასა და ვრონსკის პირველ შეხვედრას. რა იციან გმირებმა უშუალოდ შეხვედრის წინ? ვრონსკიმ, რომელიც პეტერბურგიდან ჩამოსულ დედას ხვდება მოსკოვის რკინიგზის სადგურში, სტივასაგან იცის, რომ ამ მატარებლით ჩამოდის სტივას დაც, ანა კარენინაც. ანამ, რომელმაც მთელი გზა ვრონსკის დედასთან ერთად ერთ კუპეში გაატარა, იცის, რომ ალექსეი დედას უნდა დახვდეს. და როდესაც გმირები ერთმანეთს ვაგონის შესასვლელში შეხვდნენ, მათ იოლად იცნეს ერთმანეთი და ანას სახეზე გამოკრთა ნაცნობობის ღიმილი, რასაც მოჰყვა დამატებითი გამოხედვა, რომელიც ვრონსკიმ აღიქვა, როგორც იმედისმომცემი ნიშანი და სიყვარულმა იფეთქა ზუსტად ისე, როგორც ამას აღწერს სტენდალი თავის სიყვარულის თეორიაში. რა მოხდებოდა, გმირები ერთმანეთს სადგურში რომ არ შეხვედროდნენ? რა მოხდებოდა, ანას რომ ღამე ვრონსკიზე საუბარში დედამისთან არ გაეტარებინა? რა მოხდებოდა, მატარებელს რომ არ გაეტანა უბედური მუშა? რა მოხდებოდა, ვრონსკის მისი ქვრივისთვის 200 მანეთი რომ არ გადაეცა, — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: