არ აქვს მნიშვნელობა, იოსებ ჯუღაშვილზე ბევრი რამ იცით თუ არა, გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში სტუმრობისას, თუკი გიდის მომსახურებით ისარგებლებთ, მაინც აღმოაჩენთ ბელადის ცხოვრების მოულოდნელ დეტალებს.
„სტალინმა სასულიერო სემინარია ხუთებზე დაამთავრა, ოთხიანი მხოლოდ ორ საგანში გამოჰყვა - არითმეტიკასა და ბერძნულში. სოსო კარგი პოეტი და მომღერალი იყო. ის არასდროს თაკილობდა მადლიერი ხალხის მირთმეულ საჩუქრებს. მათ შორის, ამ ბეწვის ქურქსა და გორის ციხის მაკეტს ახლაც საპატიო ადგილი უკავია ჩვენს მუზეუმში“, - აი, ასე გააცნო იოსებ ჯუღაშვილი ერთ-ერთმა გიდმა უკრაინელ ტურისტებს.
- კი, მაგრამ, ცუდი რაღაცებიც ხომ ხდებოდა სტალინის დროს? - ეკითხება გიდს განცვიფრებული სტუმარი, რომელსაც სხვა რამის მოსმენის მოლოდინი ჰქონდა.
- რასაკვირველია, ხდებოდა, მაგრამ ერთი ადამიანი იყო, რამდენი რამ უნდა ეკონტროლებინა?! დღესაც უშვებენ შეცდომებს მსოფლიო ლიდერები, - პასუხობს დამთვალიერებელთა იმავე ჯგუფს ექსკურსიამძღოლი.
1937 წელს - მასობრივი გადასახლებებისა და დახვრეტის - პარალელურად, სტალინის სახლი იხსნება.
"რაიონის მშრომელ მოსახლეობასთან ერთად, ბელადის სახლის საზეიმო გახსნას დაესწრნენ თბილისიდან ჩამოსული სტუმრები, პარტიის და მთავრობის ორგანოების წარმომადგენლები, მეცნიერები, ხელოვნების დარგის მოღვაწენი, მწერლბი, თბილისის მოწინავე სტახანოველები და ჟურნალისტები".- წერს გაზეთი კომუნისტი 1937 წლის 12 ნოემბერს.
წლების შემდგომ კოლექცია გაიზარდა და სტალინის ბავშვობისდროინდელ ღარიბულ სახლს საექსპოზიციო შენობა და მატარებლის ვაგონი დაემატა, რომლითაც ბელადი მგზავრობდა. სტალინის სახლ-მუზეუმი 1957 წელს იხსნება.
კომპლექსი სახელმწიფო საკუთრებაა, სადაც 50-მდე ადამიანი მუშაობს. ყოველწლიურად მუზეუმი სახელმწიფოსგან 65 ათას ლარს იღებს, საკუთარი შემოსავალი კი, დაახლოებით, 15-ჯერ მეტია. 2018 წელს, მუზეუმის შემოსავალმა 1 მილიონ ლარს მიაღწია, წლიური ბიუჯეტის ძირითად ნაწილს გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხა შეადგენს.
სტალინის სახლ-მუზეუმის ნახვა 15 ლარი ჯდება (სტუდენტებისათვის - 10). ამ თანხაში შედის გიდის მომსახურებაც. დათვალიერების პროცესი, ექსკურსიამძღოლის თანხლებით, მეორე სართულიდან იწყება.
ცენტრალურ ოთახამდე, სადაც სტალინის ფოტოები, ლექსები და პირადი ნივთებია განთავსებული, წითელ ხალიჩას მიჰყავხართ. მუზეუმი ბელადის საქმიანობის შესახებ მოსალოდნელ კითხვებს ტურის დასაწყისშივე პასუხობს თავად „პოეტი სოსელოს“ სიტყვებით: „შეცდომა ბევრი იყო, მაგრამ წარმატებებიც ხომ გვქონდა? შეცდომებს, ბუნებრივია, მე მომაწერენ. ჩემს სამარეს ნაგავს მიაყრიან, მაგრამ მოვა დრო და ამ ნაგავს ისტორიის ქარი გაფანტავს“.
მართალია, ამ წარწერების წაკითხვას დამთვალიერებელთა უმრავლესობა ვერ ახერხებს, ინფორმაციის ძირითადი ნაწილი მხოლოდ ორ ენაზეა - ქართულსა და რუსულზე, მაგრამ 68 წლის ფრანგი ტურისტი, მარა ლაპორტი, ზუსტად ჩასწვდა მუზეუმის სულისკვეთებას.
„ეს არის პატივის მიგება ღირსეული ბატონისათვის! აქამდე არასოდეს შევხვედრივარ მსგავს ფენომენს. სხვაგან მართლა არ მინახავს, ხალხს ასე უყვარდეს ის ადამიანი, ვინც დღეს მსოფლიოს მასშტაბის ბოროტმოქმედად არის მიჩნეული. მგონია, რომ მუზეუმი ზუსტად იმ ისტორიებს მოგვითხრობს, რომლებსაც სტალინი მოჰყვებოდა საკუთარ თავზე“, - ამბობს მარა, რომელმაც მეუღლესთან ერთად საქართველოში რამდენიმე კვირა გაატარა და თავისი მოგზაურობა ისე დაგეგმა, რომ სტალინის მუზეუმში აუცილებლად მოხვედრილიყო.
კომპლექსში გამოფენილი ფოტოები ბევრს არაფერს გვეუბნება საბჭოთა სისტემის მანკიერებაზე. ტურის მთავარი ოთახი სამახსოვრო ფოტოალბომს მოგაგონებთ, ბელადის პორტრეტებითა და „იალტის კონფერენციის“ ცნობილი ისტორიული სურათით.
სტუმართა დიდი ნაწილი მუზეუმს გიდის კომენტარების თანხლებით ათვალიერებს. ექსკურსიამძღოლის მონათხრობიდან ბევრს შეიტყობთ საჭოთა პერიოდში შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამასა და სკოლების მასობრივ გახსნაზე. ასევე მოისმენთ ამბებს ინდუსტრიალიზაციასა და ეკონომიკურ წინსვლაზე, თუმცა, იმ პატარა ოთახს, სადაც განთავსებულია მასალა საბჭოთა რეპრესიების შესახებ, რამდენიმე წუთზე მეტი არ დაეთმობა, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი გაგიმართლებთ და ოთახის კარი ღია დაგხვდებათ.
სახლ-მუზეუმში სტუმრობისას ძნელია, „რეპრესიების ოთახმა“ ყურადღება მიიპყროს 2.5-მეტრიანი სტალინის ქანდაკების ფონზე. ოთახი კომპლექსს 2010 წელს დაემატა, მას შემდეგ, რაც ტურისტებმა მისი გახსნა დაჟინებით მოითხოვეს.
2008 წლის ომის შემდეგ დამთვალიერებლები უფრო და უფრო ხშირად გამოთქვამდნენ პრეტენზიას, რომ მუზეუმი საბჭოთა პერიოდის რეალურ სახეს მალავდა. მოთხოვნა დააკმაყოფილეს და კომპლექსს „რეალობის ამსახველი“ მასალაც დაემატა, თუმცა სტრატეგიულად არცთუ ისე თვალსაჩინო ადგილას მდებარე ოთახს არანაირი მიმანიშნებელი წარწერა არ აქვს, აქ მოსულ ადამიანს მხედველობიდან რომ არ გამორჩეს.
ოთახის კედლის ერთი მხარე გულაგებიდან გამოგზავნილი სამკუთხა წერილების ასლებს უკავია. კედელზე ოციოდე წერილია მიმაგრებული, რომელზეც გადასახლებული ადამიანების სახელები წერია, ოთახის მეორე მხარეს კი საბჭოთა ჟურნალებიდან ამოღებული ინფორმაციაა გამოფენილი.
როგორც ერთ-ერთი ამონარიდიდან ვიგებთ, ადამიანთა გადასახლებასა და დახვრეტაში ბრალი ედება არა სტალინს, არამედ თვითნებურ არასასამართლო ორგანოებს - ე.წ. სამეულებსა და ორეულებს. იმავე ამონარიდის მიხედვით, 1937-1938 წლებში ამ არასასამართლო ორგანოებმა დააპატიმრეს 1.5 მილიონ ადამიანზე მეტი, გასამართლდა 1.3 მილიონი და, დაახლოებით, 700 ათასი დახვრიტეს.
გერმანელ კლარა ბერნშტაინს მუზეუმის დათვალიერებისას ისევე გამორჩა ეს ოთახი, როგორც ბევრ სხვა ტურისტს. მან და მისმა მეგობარმა აღნიშნეს, რომ დიდი ხნის განმავლობაში სურდათ იმ ქალაქის ნახვა, სადაც დიქტატორის კულტი ჯერ ისევ ცოცხალია.
„დათვალიერების პროცესში, ორი წამით წარმოვიდგინე, იგივე ჰიტლერზე რომ ყოფილიყო. გერმანიაში ამას არავინ დაუშვებს. დავიჯერო, ხალხმა ისტორია არ იცის? ნუთუ სტალინი აქ არ მიაჩნიათ ბოროტების სიმბოლოდ? რატომ საუბრობთ მასზე ისე, როგორც სამყაროში ყველაზე პატივსაცემ ადამიანზე?“ - გვითხრა კლარა ბერნშტაინმა.
მუზეუმის ფონდის მცველის სიტყვებით, სახლ-მუზეუმი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა და კვლავ შეინარჩუნებს იმ სახეს, რომელიც დღეს აქვს. მისი თქმით, დამთვალიერებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა დამოკიდებულება აქვს სტალინის მიმართ.
„სტალინი ისტორიული პიროვნება იყო. ზოგისთვის შეიძლება ტირანი, სხვებისთვის კი გმირი. სხვა რა სახელი შეიძლება ამ მუზეუმს დაერქვას? სტალინის მუზეუმია. დიდი ადამიანი იყო, თავისი უარყოფითი თვისებებით, თუმცა ალბათ დადებითი ბევრად მეტი ჰქონდა“, - გვითხრა მან.
თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნუცა ბათიაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია იკვლევს სტალინის როლს ქართულ მეხსიერებაში, ამბობს, რომ, გარკვეულწილად, ბუნებრივიც შეიძლება იყოს ქართველების სენტიმენტები ბელადისადმი...
„ჩვენს მეხსიერებაში ის არის ქართველი, რომელიც ნახევარ მსოფლიოზე ბატონობდა. ეს ჩვენს ნაციონალურ სიამაყეს ერთიორად ზრდის“, - ამბობს ის.
გასული ათწლეულის განმავლობაში არაერთხელ დამდგარა სახლ-მუზეუმის შეცვლის საკითხი. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, კომპლექსის უნიკალური სახის შენარჩუნება, მისი რეორგანიზაციის ფარგლებშიც არის შესაძლებელი. მისი აზრით, საჭიროა, მთავარ დარბაზშივე მოხერხდეს იმ ოთახის დამატება, რომელიც იქნება ერთგვარი კრიტიკა თავად მუზეუმისა. ოთახი აუცილებლად რეალურ ისტორიებს უნდა ჰყვებოდეს.
„ეს მუზეუმი არის მაგალითი იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანაში ისტორიისადმი. ზოგადად, სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში ვიმყოფებით ისტორიასთან და ვერ ვახერხებთ მის გადააზრებას. ის პატარა „რეპრესიების ოთახი“ კი, რომელიც დღეს კიბის ქვეშ არის განთავსებული, მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრაა და სხვა არაფერი“, - გვეუბნება ის.
გასულ წელს კომპლექსს დაახლოებით 160 ათასი დამთვალიერებელი ჰყავდა. მუზეუმიდან გამოსული ტურისტების უმრავლესობას გულგრილს არ ტოვებს ქუჩაში გამოფენილი სუვენირები.
ნივთებს ადგილობრივი მოსახლეობა ყიდის. ყველაზე პოპულარული კი სტალინის მინიატურული, თიხისგან გამოძერწილი ქანდაკებები და ბიუსტებია. სუვენირები საუკეთესო საშუალებაა მიღებული ემოციის სამუდამოდ დასამახსოვრებლად.
„მინდა, ამით გავიხსენო ხოლმე საქართველო“, - გვითხრა ერთ-ერთმა ტურისტმა სტალინის გამოსახულებიანი ასანთის კოლოფების შეძენისას.