საქართველოს აშშ-ის ელჩი 16 თვეა არ ჰყავს. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ ვაკანტური პოზიცია, შესაძლოა ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ დაიკავოს. მეორე დღესვე ვერშბოუმ ტვიტერზე დაწერა, რომ ის “არ არჩეულა” აშშ-ის ელჩად. ვაშინგტონი ისევ შერჩევის პროცესშია, თბილისში კი ჩნდება კითხვები, რატომ გაჭიანურდა პროცესი და მაშინ ვინ, თუ არა ვერშბოუ?
ისინი, ვინც აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩახედულია, ვერშბოუს კანდიდატურას დადებითი მოლოდინით შეხვდა, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. ვერშბოუმ გავრცელებული ხმები ერთ ღამეში უარყო.
თავისი კარიერის მანძილზე ვერშბოუმ მართლაც ყოველთვის კარგად იცოდა საქართველო და მისი გეო-პოლიტიკური კონტექსტი. ის ქვეყანას აკვირდებოდა როგორც აშშ-ის ელჩი რუსეთში, ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისში 2001-2005 წლებში. კარგად იცნობდა რეგიონს მანამდე როცა იკავებდა ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას.
2009-2012 წლებში კი ვერშბოუ იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2012-2016 წლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე. ახლა ის ატლანტიკურ საბჭოში აგრძელებს საქმიანობას.
ვერშბოუს განცხადებით ის ამაყობს, რომ საქართველოს მეგობარია და ნატოსკენ მისი მისწრაფების მხარდამჭერია.
რადიო თავისუფლებასთან კომენტარში აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს: “ვაშინგტონში მიმდინარეობს მუშაობა კანდიდატის შესარჩევად, რომელიც იქნება ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად აცნობიერებს თავისი მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში ყოფნის მნიშვნელობას. ამერიკის საელჩო ყველაფერს აკეთებს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობის მეტად გაძლიერებისთვის”.
არის თუ არა ალექსანდრ ვერშბოუს პასუხი საბოლოო?
“ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ის უარყოფდა. ვფიქრობ, რომ მასთან დაკავშირებით პროცესი ჯერ არ დასრულებული", - უთხრა 2020news-ის დამფუძნებელმა ანი მიროტაძემ რადიო თავისუფლებას. ალექსანდრ ვერშბოუს კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია სწორედ 2020news-მა გაავრცელა.
"ჩემი წყაროს თქმით, ეს განხილვა საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობდა. ის [ვერშბოუ] ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებდა ამ ამბავს, ამიტომ მგონია, რომ მას ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა” - ამბობს ანი მიროტაძე და აზუსტებს, რომ მისი “სანდო წყარო ვაშინგტონიდანაა”.
საქართველოში ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია კი ფიქრობს, რომ ის რაც ამერიკელმა დიპლომატმა ტვიტერზე დაწერა, საბოლოო გადაწყვეტილებაა და ვერშბოუ ამ პოსტზე არჩეული კანდიდატი არ აღმოჩნდა.
ბათუ ქუთელიას აზრით, ის რომ აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს, პრობლემატურია რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით: “ის, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს, ბუნებრივია გარკვეულ პრობლემებს ქმნის ყოველდღიური დღის წესრიგიდან გამომდინარე, რასაც ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს. ამას არა მხოლოდ ბიუროკრატიული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ეს დიდხნიანი შეფერხება ნამდვილად არ არის კარგი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოსა და ზოგადად რეგიონში ძალიან მწვავე პოლიტიკური პროცესები ვითარდება”, ამბობს ბათუ ქუთელია.
რატომ გაჭიანურდა ელჩის დანიშვნის პროცესი
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო იმ ქვეყნების ვრცელ სიაშია, სადაც ელჩის დანიშვნის პროცესი დიდ ხანს გრძელდება.
აშშ-ს 188 ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ჰყავს დიპლომატიური წარმომადგენლობა. აქედან 62 ქვეყანასა და გაეროს რამდენიმე ოფისში ამ დრომდე ელჩი არ ჰყავს. მათგან ერთ ნახევარში კანდიდატურა უკვე ნომინირებულია, დანარჩენში კი ელჩის პოზიცია ვაკანტური რჩება. ასეთ ქვეყნებს შორის არიან ვაშინგტონის ისეთი სტრატეგიული პარტნიორები ევროპაში, როგორიცაა ესტონეთი და უკრაინა.
ჯერ კიდევ 2018 წელს პრეზიდენტი ტრამპი დემოკრატებს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ისინი ელჩების წარდგენილ კანდიდატურებს სენატში არ უჭერდნენ მხარს. 2018 წელს პრეზიდენტი ტვიტერზე წერდა წერდა:
“დემოკრატები განაგრძობენ ხელის შეშლას ასობით კარგი და ნიჭიერი ადამიანის დამტკიცების პროცესში, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების მუშაობის პროცესში არიან საჭირო… ეს რეკორდია აშშ-ის ისტორიაში. შენელებულია სახელმწიფო დეპარტამენტის, ელჩებისა და სხვების დანიშვნის პროცესი. სენატმა უნდა დაამტკიცოს ახლავე!”, - წერდა დონალდ ტრამპი.
ელჩების დანიშვნის დროში გაწელილ პროცესზე Washington Examiner-მა 10 ივლისს ალექსანდრ ვერშბოუსაც ჰკითხა აზრი. დიპლომატი ამბობს: “სენატის შეფერხება ამცირებს ჩვენი საელჩოების ეფექტურ მუშაობას საზღვარგარეთ, რადგან ჩვენ მათ ხელისუფლებებსა და ხალხს ვართმევთ საშაულებას, მაღალი დონის, ავტორიტეტულ წარმომადგენლობასთან ისაუბრონ. ეს ასევე უფრო ფართო შინაარსის გზავნილიც არის მათთვის, იმის შესახებ, რომ აშშ - არა მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაცია, არამედ კონგრესიც - დიპლომატიას უკვე აღარ აღიქვამს სერიოზულად”, - ამბობს ვერშბოუ ინტერვიუში.
ამერიკულ მედიაში კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობენ. 2018 წლის დეკემბერში Foreign Policy-ში გამოქვეყნდა სტატია სადაც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საუბარი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოში ელჩად შერჩეული დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა თბილისში დაიწუნეს. “ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით” ის მეტისმეტად კეთილგანწყობილი იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
სტატიაში ამერიკულ და ქართულ წყაროებზე დაყრდნობით ეწერა, რომ ბრინკის კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ბრიჯიტ ბრინკი მაისში სლოვაკეთში აშშ-ის ელჩად დაინიშნა.
აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენელი თბილისში 1992 წლიდან ჰყავს. აქამდე საქართველოში ვაშინგტონიდან 8 ელჩი იყო წარგზავნილი. ცვლილების პროცესში გასულა 11 თვეც, თუმცა ამჯერად მოლოდინი ყველაზე დიდ ხანს გაგრძელდა.