Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუ არ იქნება მიღებული რადიკალური ღონისძიებები, ქვეყანა სულ რაღაც ორ-სამ თვეში დადგება ეკონომიკური კატასტროფის წინაშე"


ალექსანდრე რატიშვილი, "საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის" პრეზიდენტი
ალექსანდრე რატიშვილი, "საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის" პრეზიდენტი

ხუთმა ბიზნესგაერთიანებამ ეკონომიკის ექსპერტებთან კონსულტაციით შეიმუშავა რეკომენდაციები და მათი სწრაფად შესრულების მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართა. რეკომენდაციების ჩამონათვალშია რიგი გადასახადების (საშემოსავლო და ქონების გადასახადების, საპენსიო შენატანის) შეჩერება 6 თვით და დღგ-ს გადახდის გადავადება პროდუქციის განბაჟებიდან მისი რეალიზაციის ეტაპამდე.

მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის - „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე რატიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დოკუმენტის თანაავტორი ბიზნესგაერთიანებები აერთიანებენ საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა დარგისა და მიმართულების მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესორგანიზაციებს, „ბიზნესის აბსოლუტურ უმრავლესობას“.

ალექსანდრე რატიშვილის თქმით, ჯანდაცვის ნაწილში COVID-19-თან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა, ეკონომიკის სფეროს რაც შეეხება, მეტ რისკებს ხედავს:

„ჯანდაცვის ორგანიზების კუთხით, უნდა ვაღიაროთ და ძალიან მიხარია იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ ბრწყინვალე შედეგი აქვს ქვეყანას. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების დამსახურება, ყველასი უკლებლივ და, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის, რომელმაც ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა, დაუჯერა პროფესიონალებს. შედეგი სახეზეა. ფანტასტიური შედეგია!

მაგრამ, მეორე ფრონტს - ეკონომიკას რაც შეეხება, ამან შეიძლება ისეთ პრობლემებთან მიიყვანოს ქვეყანა, რომ კორონავირუსის შედეგები მონაგონიც კი იყოს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ძალიან ფხიზლად ვართ ამ საკითხის სწორად გადაწყვეტის სადარაჯოზე და გვინდა, ჩართულები ვიყოთ ყველა იმ მიმართულების სწორად მოგვარებასა და დაგეგმვაში, რასაც ეკონომიკური პრობლემების მაქსიმალურად მინიმიზაცია ჰქვია“.

ბიზნესგაერთიანებების რეკომენდაციებს შორის პირველი ეხება იმპორტირებული ტვირთის განბაჟებისას დღგ-ს წინასწარ გადახდის ვალდებულების მოხსნას:

„ფუნქციონირებადი ბიზნესებისთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას, ქვეყნის მომარაგებას უპირველესად კვების პროდუქტებით და სხვა პირველადი მოხმარების საქონლით. მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საბრუნავ ფულად სახსრებს და დღგ-ს ეგრევე გადახდის მოთხოვნით, იქვე ხდება ამ სახსრების ამოღება. იმის მაგივრად, რომ მათ ხელი შეეწყოთ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მათთან დარჩეს ეს ფულადი სახსრები, რომ როგორმე შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და ადამიანების გაშვება არ მოუწიოთ იძულებით საერთოდ, ან დროებით - უხელფასო შვებულებაში.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს „ყვითელი დერეფანი“ გაუქმდეს და დღგ-ს ვალდებულება დადგეს 45 დღეში მაინც მას შემდეგ, რაც შემოიტანენ საქონელს საქართველოს სავაჭრო სივრცეში და დაიწყებენ ამ საქონლის რეალიზაციას. სწორედ რეალიზაციის კვალობაზე უნდა მოხდეს დღგ-ს გადახდა და არა მაშინვე, საზღვარზევე“.

„საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ რეკომენდაციებზე მუშაობისას, ინიციატორებს გააზრებული ჰქონდათ, რომ მოთხოვნილი შეღავათები გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას, თუმცა, თვლიან, რომ ამ ნაბიჯების გარეშე ბევრად დიდი იქნება დანაკარგი და პოსტკრიზისულ პერიოდში უფრო გართულდება ეკონომიკის გაცოცხლება:

„დიახ, გამოიწვევს გადასახადების შემცირებას, მაგრამ უნდა გამოინახოს სხვა გზები, რომ ეს დანაკლისი შეივსოს: პირველ რიგში, ეს რესურსი არსებობს შიგნითვე, ბიუჯეტში, რომლის კორექტირება უნდა მოხდეს ამ სიტუაციის ადეკვატურად და ასევე ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხების მობილიზების გზით.

ლაპარაკია დაახლოებით ორ მილიარდ ლარზე, რომელიც შეიძლება მოაკლდეს ბიუჯეტს ამ გადასახადების შეჩერებით“.

რა მოხდება, თუკი ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ბიზნესგაერთიანებების პოზიციას?

„ცხადია, თუ არ იქნება მიღებული რადიკალური ღონისძიებები, როგორც ფისკალური კუთხით, ასევე მონტარული კუთხით (არ ვლაპარაკობთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, რომელიც მთავარი გამოწვევა გვგონია მე და ჩემს კოლეგებს. ეს კიდევ ცალკე თემაა), ქვეყანა სულ რაღაც ორ-სამ თვეში დადგება კატასტროფის წინაშე, რაც გულისხმობს ტოტალურ უმუშევრობას, კომპანიების უმრავლესობის გაკოტრებას, გაჩერებას და, შესაბამისად, გამოუვალი მდგომარეობის შექმნას იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანების უმუშევრად დარჩენა ნიშნავს მათ უხელფასოდ დატოვებას, რაც ნიშნავს, რომ მათი მსყიდველობითი უნარი რადიკალურად მცირდება. მცირდება მოთხოვნა და შესაბამისად ეკონომიკა შედის სტაგნაციაში, რომლიდან გამოყვანასაც ჩვენი ისედაც შედარებით არასტაბილური რესურსების პირობებში დასჭირდება ბევრად მეტი საშუალებების და სახსრების გამოყოფა და ბევრად მეტი ძალისხმევა, ვიდრე რა დანაკლისზეც დღეს ვსაუბრობთ. ეს ცალსახაა და ამას დიდი ეკონომიკური პროგნოზირება არ სჭირდება.

დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის სპეციფიკა ის არის, რომ ერთდროულად არის შემცირებული როგორც მიწოდება, ისე მოთხოვნა. ეს არის ეკონომიკისთვის კატასტროფა. ამიტომაც ამბობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე მსგავსი კრიზისი მსოფლიოს არ ახსოვს“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG