Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვისაც ჰგონია, რომ მათ არ უნდათ ქართული ენის სწავლა, შედით მარნეულის ქართულ სკოლებში და ნახავთ, როგორ სწრაფად ივსება იქ ადგილები"


ალექსანდრე კვახაძე, "რონდელის ფონდის" მკვლევარი
ალექსანდრე კვახაძე, "რონდელის ფონდის" მკვლევარი

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებიდან ყველაზე დიდ ჯგუფს აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. ეს ფაქტი საყოველთაოდ ცნობილია. ისიც ყველამ იცის, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ ინტერესი ხშირად პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. ამასთან, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის (აზერბაიჯანელების რაოდენობა 300 ათასამდეა) შესახებ „არაფერი ვიცით“:

„უბრალოდ, ექსპერიმენტი ჩაატარეთ ნებისმიერმა. შედით ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე და აკრიფეთ სიტყვა „მარნეული“, „გარდაბანი“. მაქსიმუმ, რასაც აღმოაჩენთ, იქნება კომუნისტური პარტიის რაღაც სხდომის დადგენილება მარნეულთან დაკავშირებით. რამდენიმე ამგვარი დოკუმენტი ამოვარდება. არ არის არც ისტორიული, არც ეთნოგრაფიული, არც ენობრივი ან სხვა სახის ფართომასშტაბიანი კვლევა, რაც არის თუნდაც სხვა ეთნიკურ უმცირესობებზე.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ სიცარიელის შევსების გარკვეული მცდელობა. მით უმეტეს ჩემი ცხოვრების მეოთხედი გატარებული მაქვს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში. ეს არ არის აზერბაიჯანელებით დასახლებული ტერიტორია, თუმცა მეც კი, როცა ამხელა შეხება მაქვს ამ მუნიციპალიტეტთან, არ მქონდა ინფორმაცია ამ ხალხის იქაური ყოფის შესახებ. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ამ რეგიონში შესვლა და კვლევის ჩატარება“.

გადაწყვიტა და დაიწყო გარდაბნის მუნიციპალიტეტით. ახლახან გამოქვეყნდა ალექსანდრე კვახაძის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი - „უცნობი გარეუბნები: გარდაბნის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანული დასახლებები“. ის ეხება აზერბაიჯანელი მოსახლეობის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს: ეკონომიკას, რელიგიას, განათლებას, პოლიტიკას, ქალთა უფლებებს, ორგანიზებულ დანაშაულს, ეთნოსთა შორის ურთიერთობებს.

მაინც რამ განაპირობა ამ მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობის ასეთი იზოლაცია საქართველოში? ალექსანდრე კვახაძე ამბობს:

„ბევრი ფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო გამაპირობებელი: პირველია, ალბათ, განსხვავებული სოციალური წყობა იმთავითვე, ვინაიდან აზერბაიჯანელები ტრადიციულად მესაქონლეობას მისდევდნენ და ადგილმონაცვლეობა ხდებოდა, ნაკლებ ინტერაქციაში შედიოდნენ ქალაქის მოსახლეობასთან. თუნდაც, იმავე თბილისის პირობებში, როცა იყვნენ წარჩინებული სომეხი, ებრაელი და სხვა ვაჭრები, აზერბაიჯანელები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილები. თუმცა, უკვე პირველი რესპუბლიკის დროს დაიწყო პროცესი და გავიხსენოთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი პარლამენტის დეპუტატი მუსლიმი ქალი იყო ფარი ხანუმ სოფიევა, რომელიც იყო გაჩიანის სოფელ ყარაჯალიდან. თუმცა, უდიდესი მიზეზი, რის გამოც მოხდა ასეთი გაუცხოება, იყო სწორედ საბჭოთა სისტემა“.

„დილის საუბრების“ სტუმარი ლაპარაკობს ქართული ენის სწავლა-სწავლების საკითხსა და სხვადასხვა დროის გამოწვევაზე ამ კუთხით. ბევრს ვერ გაუგია და ბევრს საქართველოში არ მოსწონს, რომ ეთნიკური უმცირესობების და, მათ შორის, აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცის ქართული ენა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი, ალექსანდრე კვახაძის თქმით, ითამაშა საბჭოთა პოლიტიკამ:

„აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებში არსებულ სკოლებში იყო 5 საათი რუსული ენის სწავლება და მხოლოდ 1 საათი - ქართული ენის და ისიც არ იყო სავალდებულო“.

მკვლევრის დაკვირვებით, რაც მეტი ინტერაქცია აქვთ აზერბაიჯანელებს ქართულ მოსახლეობასთან, მით უკეთესად იციან ქართული ენა:

„მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვარში ყველამ იცის ქართული, რადგან ის გარშემორტყმულია ქართული სოფლებით.

...მუღანლო ცნობილია, როგორც ვაჭრების სოფელი და ლილოს ბაზრობაზე ძალიან ძლიერი პოზიციები აქვთ მუღანლოელებს. იქ მითხრეს, რომ არდადაგებზე თავიანთ ბიჭებს უშვებენ ლილოში სამუშაოდ მშობლებთან ერთად. რომ ვიკითხე - რატომ? მარტივად გამცეს პასუხი - ლილოში უკეთესად სწავლობს ქართულს, ვიდრე სკოლაშიო“.

ალექსანდრე კვახაძე თვლის, რომ ქართული ენის სწავლებისა და მისი არმცოდნე ახალგაზრდებისთვის საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კარის გახსნის მხრივ დადებითი შედეგები მოიტანა პროგრამამ „1+4“, თუმცა, წუხს, რომ მსგავსი მიდგომა არ არის უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ. ამაზე მკვლევარს თავისი მოსაზრება აქვს:

„მაგალითად, ჯარი რომ ავიღოთ. ძალიან ცოტა აზერბაიჯანელი მსახურობს ჯარში. მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მიდიან და უმრავლესობა იღებს „გირჩის“ საბუთს. წარმოიდგინეთ, რომ არსებობდეს თავდაცვის აკადემიაში „1+4“-ის მაგვარი პროგრამა, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს 10-10 კვოტა. იგივე ხდებოდეს პოლიციის აკადემიაში. 10 წელიწადში გვეყოლება ეთნიკური აზერბაიჯანელი ოფიცრები.

...ვინც აქტივისტია და ვისაც ვხედავთ ეკრანებზე, ქართული ისწავლა „1+4“-ის პროგრამით და არა სკოლაში, რაც დიდი დროის და ენერგიის ფასად დაუჯდა.

...ვისაც ჰგონია, რომ მათ არ უნდათ ქართული ენის სწავლა, შედით მარნეულის ქართულ სკოლებში და ნახავთ, როგორ სწრაფად ივსება იქ ადგილები.

მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას“.

შესწავლის პროცესში (ის აგრძელებს ახლა კვლევის პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებებში) „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა საინტერესო ინფორმაცია მიიღო აზერბაიჯანული მოსახლეობის საქართველოდან მიგრაციის დინამიკაზეც:

„სამი ტალღა იყო გადინების: პირველი ტალღა იყო 1990-იან წლებში, რუსეთში მიდიოდნენ. აგრეთვე, მაგალითად, სოფელ ჯანდარიდან არის ძალიან დიდი დიასპორა მინსკში. ერთი ადამიანი წავიდოდა, მოეწყობოდა, შემდეგ მთელი სანათესაო და ახლობლები მიჰყავდა იქ. ფონიჭალელები, მაგალითად, ყაზახეთში არიან და ა.შ.. შეიძლება მთელი რუკა გააკეთოთ ამ მოსახლეობის. მეორე ტალღა უკავშირდება თურქეთთან ვიზალიბერალიზაციას, როდესაც მასობრივად დაიწყო უმეტესად მამაკაცების მიგრაცია. ძირითადად საქმდებოდნენ იქაურ ინდუსტრიულ ობიექტებზე. ვინაიდან არ არსებობს მათ შორის ენობრივი ბარიერი, ეს გაუადვილდათ და მესამე ტალღა - ეხება თურქეთში ლირის გაუფასურებას და ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას. ძირითადი ნაკადი ძირითადად პოლონეთში წავიდა. ასევე ნაწილი ახერხებს გერმანიაში სამუშაოდ წასვლას, ძირითადად გერმანელ თურქებთან ობიექტებზე მუშაობით“:


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG