Accessibility links

პერსპექტივა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ალექსანდრა დრიკი: „ლუსტრაცია არ ნიშნავს დასჯას“

ალექსანდრა დრიკი: „ლუსტრაცია არ ნიშნავს დასჯას“


ალექსანდრა დრიკი
ალექსანდრა დრიკი

ლუსტრაცია აუცილებელი არ არის მაინცდამაინც კომუნისტურ ტოტალიტარიზმთან იყოს დაკავშირებული. ლუსტრაციის მაგალითად მოიხსენიებენ ხოლმე დენაციფიკაციასაც - პროცესს, რომელიც გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამხობას მოჰყვა. უკრაინაში კი 2014 წლიდან მოქმედებს „ლუსტრაციის სამოქალაქო კომიტეტი“. მის თავმჯდომარეს, ალექსანდრა დრიკს, ვკითხეთ, რა მიზნები აქვს დასახული და რა დაბრკოლებების გადალახვა უწევს „ლუსტრაციის სამოქალაქო კომიტეტს“.

ალექსანდრა დრიკი: „არსებითად, უკრაინაში ლუსტრაცია ნიშნავს ანტიკორუფციული რეფორმის პირველ ნაბიჯს. ლუსტრაცია არ გულისხმობს დასჯას, ის გულისხმობს ხელისუფლებიდან გარკვეული ხალხის ჩამოშორებას, თუ ისინი იყვნენ იანუკოვიჩის პერიოდის არადემოკრატიული რეჟიმის წევრები, თუ მხარს უჭერდნენ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ ძალადობრივ ქმედებებს ევრომაიდნის დროს, თუ არიან უკრაინის კომუნისტური საბჭოთა წარსულის ნაწილი და თუ კავშირი ჰქონდათ უშიშროების სამსახურებთან - როგორც კაგებესთან, ისე ეფესბესთან, რუსეთის უშიშროების ამჟამინდელ სამსახურთან“.

რადიო თავისუფლება: „ეს გამოძიების შემადგენელი ნაწილია?“

პრობლემაა ის, რომ კანონს არღვევს თავად პრეზიდენტი პოროშენკო და არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მისი გუნდის წევრ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს ლუსტრაცია ეხება, პრეზიდენტი კი უარს ამბობს მათ მოხსნაზე...
ალექსანდრა დრიკი

ალექსანდრა დრიკი: „ეს არ არის გამოძიების ნაწილი, ეს არის მარტივი კრიტერიუმების წყება. თუ კონკრეტული კრიტერიუმი შეეხება რომელიმე საჯარო მოხელეს, ის უნდა დაექვემდებაროს აკრძალვას, რომ მმართველ პოზიციას ვერ დაიკავებს მომდევნო ათი წელი. ასეთია ლუსტრაციის არსის ძალიან მარტივი განმარტება“.

რადიო თავისუფლება: „როგორი იყო ძველი თაობის რეაქცია? მაგალითად, ემიგრაციაში წასული ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის, მომხრეთა რეაქცია? წინააღმდეგი იყვნენ?“

ალექსანდრა დრიკი: “რასაკვირველია. წინააღმდეგობა დიდია. ლუსტრაციის შესახებ კანონით, 5 000-მდე ადამიანს ეხება აკრძალვები, რაც ნიშნავს, რომ ეს 5 000-მდე კაცი 10 წლის განმავლობაში ვერ დაიკავებს თანამდებობას მთავრობაში. ეს არის ლუსტრაციის კანონის მთავარი შედეგი. ახლა ანტიკორუფციულმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ კონკრეტული ოფიციალური პირების მხრიდან დარღვევების ყველა შემთხვევა. ლუსტრაციის კანონი შეიქმნა იმისათვის, რომ დახმარებოდა ახალ მთავრობას, ახალ პრეზიდენტს, ახალ ანტიკორუფციულ ინსტიტუტებს თავ-თავიანთი საქმის კეთებაში“.

რადიო თავისუფლება: „მაგრამ იყო დრო, როდესაც პრეზიდენტი პოროშენკო სათავეში ედგა პრეზიდენტ იანუკოვიჩის ადმინისტრაციას. ეს ერთმანეთთან რა მიმართებაშია?“

ალექსანდრა დრიკი: „ეს არის ერთ-ერთი შეკითხვა! პრობლემაა ის, რომ კანონს არღვევს თავად პრეზიდენტი პოროშენკო და არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მისი გუნდის წევრ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს ლუსტრაცია ეხება, პრეზიდენტი კი უარს ამბობს მათ მოხსნაზე. ის თვითონვე არღვევს კანონს. რასაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ახლა აკეთებენ, არის მცდელობა, ჩაიშალოს უკრაინაში შექმნილი ყველა ანტიკორუფციული ინსტიტუტის მუშაობა. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში, არის რევანში. ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა არასოდეს ყოფილა ახალი პოლიტიკური ელიტა. ეს არის იგივე ხალხი - შესაძლოა, ახალი სახეები დაემატა - ხალხი, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს არსებული სისტემა“.

რადიო თავისუფლება: „ხელისუფლების რომელი შტო უჭერს ყველაზე მეტად მხარს ლუსტრაციის პოლიტიკას?“

ამჟამად ვხედავთ იმას, რომ უკრაინაში ანტიკორუფციულ ინსტიტუტებზე ყველა თავდასხმის მიზანია მათი განადგურება, რათა წინასაარჩევნო კამპანიების დროს ამჟამინდელ პოლიტიკურ ელიტას საქმე არ გაუფუჭონ...
ალექსანდრა დრიკი

ალექსანდრა დრიკი: „არც ერთი ... პრობლემაა ის, რომ, ჩვენი აზრით, პრეზიდენტი მხარს არ უჭერს მთავრობის გაწმენდას. პარლამენტში უმრავლესობას სურს კორუფციული სისტემის შენარჩუნება. მინისტრთა კაბინეტი, როგორც მისი ქმედებებიდან ჩანს, სავარაუდოდ, ასევე ემხრობა არსებული სისტემის დარჩენას. სასამართლო სისტემა, პროკურატურა - ყველა იმას აკეთებს, რაც კი შეუძლია არსებული სისტემის შესანარჩუნებლად. ახლა ეს არის მთავარი პრობლემა. ევრომაიდნის შემდეგ შექმნილი ყველა ინსტიტუტიდან ამჟამად ერთადერთი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ცდილობს თავისი საქმე აკეთოს“.

რადიო თავისუფლება: „რომელსაც სულ თავს ესხმიან - პრეზიდენტი, კანონმდებლები...“

ალექსანდრა დრიკი: „ზუსტად ასეა! ამიტომ არის განუწყვეტლივ თავდასხმის ქვეშ პრეზიდენტისგან, პარლამენტისგან და ა.შ. და ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ბიუროს დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დანარჩენი ინსტიტუტიც დამოუკიდებელი იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინაში რამდენიმე თვეში გაიმართება არჩევნები - პრეზიდენტის არჩევნები, შემდეგი კი - დაახლოებით, ერთ წელიწადში - საპარლამენტო არჩევნებიც. ამჟამად ვხედავთ იმას, რომ უკრაინაში ანტიკორუფციულ ინსტიტუტებზე ყველა თავდასხმის მიზანია მათი განადგურება, რათა წინასაარჩევნო კამპანიების დროს ამჟამინდელ პოლიტიკურ ელიტას საქმე არ გაუფუჭონ. ამიტომ დიდ იმედებს ვუკავშირებთ მომავალ არჩევნებს. მათ აუცილებლად უნდა მოჰყვეს ცვლილებები ამჟამინდელ პოლიტიკურ ელიტაში. ასეთ შემთხვევაში ანტიკორუფციული რეფორმა შედეგს მოიტანს, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, ვშიშობ, რეფორმა ჩაიშლება“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG