Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

შერონ სტოუნის თბილისში ვიზიტზე ბევრი ითქვა, და, სავარაუდოდ, უფრო მეტი შთამომავლობა ჩარეცხა უნიტაზში ბევრმა ქართველმა ჯეელმა. თუმცა, სასოწარკვეთილი ჟურნალისტების თავგადაკლული მონდომების მიუხედავად, ეს ვიზიტიც ნაწილობრივ გაშუქდა. კადრს მიღმა კი გაცილებით მეტი იყო საჭვრეტი, ვიდრე ტელეეკრანზე.

ახლავე მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ. ისე მოხდა, რომ, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ საპრემიერო ჩვენებაზე რუსთაველის კინოდარბაზში გახლდით.

წინა დღეს შერონი საპატრიარქოს სტუმრობდა. პატრიარქმა ამერიკელ სტუმართან ხელოვნებაზე ისაუბრა. შემდეგ საკუთარი ნაწარმოებები „ავე მარია“ და „სანქტუსი“ მოასმენინა. ამ ვიზიტმა, ცოტა არ იყოს, დამაბნია. თავის დროზე პაპი იოანე პავლე მეორე არ მიიღეს საპატრიარქოში. შერონ სტოუნს კი უარი ვითომ რატომ ვერ შებედეს? დავიჯერო, აქაც ძირითადი ინსტინქტი მუშაობს?

იმ დღეებში ყველა ქართულმა ტელეარხმა იმდენჯერ აჩვენა ქალბატონი შერონი, ჰოლივუდელი კინოდარბაზში რომ შემოვიდა, მეგონა, პირდაპირ ტელევიზორიდან გადმოხტა. უფრო სწორად, გადმოდინდა, ვითარცა მირონი. ოღონდ იმაზე უფრო მობერებული, ვიდრე ეკრანზე ჩანდა. ფრაკში გამოწყობილი მეშვიდე მოწვევის პარლამენტარი კობა ნაყოფია მერეღა შევნიშნე მის უკან, როგორც ერთგული მეაბჯრე. ხანმოკლე ფაციფუცის შემდეგ შერონმა, მისმა საჭურველთმტვირთველმა და ქართულმა პოლიტბომონდმა ადგილები დაიკავეს და მალე ფილმიც დაიწყო.

ბატონი კობა თურმე იშვიათი ნაყოფია. ჯერ დაგვანამუსა, თუ ფილმი არ მოგწონთ, რუსეთის აგენტები ხართო. მერე აგენტობას აღარ დასჯერდა და უფრო შორს წავიდა: „ყველა, ვინც კრიტიკულად უდგება ფილმს 'აგვისტოს 5 დღე', საქართველოს მტერია... ეს ის თემაა, რომელშიც ყველა ერთი უნდა ვიყოთ, ვისაც თავის ქვეყანა უყვარს“. მოკლედ, ბოლომდე ვეცადეთ, ნაყოფიას კადენციისთვის აგვეწყო ფეხი და წითელ ხალიჩაზე ფაშისტური გერმანიისთვის შესაშური მარშით გაგვევლო. გავიარეთ კიდეც. იყო ამ სცენაში რაღაც ეპიკური და ღირსეული. თითოეული ჩვენგანი გოროზი, მოქნილი და უძლეველი სხეულის ამა თუ იმ კიდურად გრძნობდა თავს. დევგმირის სხეულის ნაწილი იყო არა მარტო იქ შეკრებილი ხალხი, არამედ მთელი გამზირი, მთელი რუსთაველი, კერძოდ კი - კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორია. სამშობლოსთვის თავდადებული სპარტელებიც ხომ წითელი ნაჭრით იფარავდნენ სხეულს, რათა სისხლის კვალი დაემალათ.

ფილმზე ამბობენ, იაფფასიანი პროპაგანდააო. არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. სად მეცალა ფილმისთვის! მთელი გულისყური შერონისკენ მქონდა მიმართული. დიდ ხანს უძრავად იჯდა. მეგონა, ალბათ აღარ ჩაატარებს-მეთქი იმ თავის საფირმო „ნომერს ფეხებით“. რომ, უცბად, ჰოი სასწაულო, ვარსკვლავმა ჯერ ფეხი ფეხზე გადაიდო. სულ მალე კი იმავე ფეხებს ადგილი შეუცვალა და რაღაც წამით სრულიად საქართველოს მამაკაცთა სალოცავი სამკუთხედი გამოუჩნდა, რომელსაც, სიმართლე გითხრათ, იწრო არაფრით ეთქმოდა. სწორედ იმ სამკუთხედის შემყურემ ვიფიქრე, რომ ფართე არს დედაკაცთა ბუნებაი.

ფილმი რომ დამთავრდა, შერონს თვალთაგან ორი კურცხალი ჩამოუგორდა, ვითარცა მარგალიტნი. ის მარგალიტები ნაყოფიამ იატაკზე დაყრილი პოპკორნიდან უმალ აკრიფა და ფრაკის ჯიბეში ჩაიდო. ფაქტი მოტეხა.

დელეგაცია დარბაზიდან რომ გავიდა, ერთხანს ჩემს ადგილზევე შევრჩი. ისევ სრულიად საქართველოს მამაკაცთა საოცნებო შერონის სამკუთხედზე ვფიქრობდი. ალბათ, რამდენი ქართველი კაცი ისურვებდა შერონში შესვლას. მაშინ მივხვდი, რომ სწორედ შერონს და არა ნატოს შეუძლია საქართველოს გადარჩენა. მთავარია, თავისი კალთა ზედ გადაგვაფაროს ანუ შერონის წილხვედრი ქვეყანა გავხდეთ. ჩვენ პატარა ერი ვართ, შერონის ფეხებს შორის თავისუფლად შევეტევით. თან უსაფრთხოდაც ვიგრძნობთ თავს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი მტრისგან - პუტინისგან დაცულები ვიქნებით. მოგეხსენებათ, უსაფრთხოდ მაშინ ხარ, როცა მეგობარი ახლოს გყავს, მტერი კი უფრო ახლოს. პუტინისა და შერონის სიახლოვე ხომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.

შერონ სტოუნის თბილისში ვიზიტზე ბევრი ითქვა. თუმცა სამკუთხედზე ფიქრს დღემდე ვერ დავაღწიე თავი. მართლაც, რა უცნაური (და ფართო!) სასიყვარულო სამკუთხედი იკვრება: მიშა, შერონი, ვოვა. ამაზე თუა ნათქვამი, სიყვარული გზად და ხიდადო.

”მასმოდა” და შერონი შავებში

ანტონიონის ფილმი ”ბლოუ-აფი” ხომ გახსოვთ? არაფერია იმაზე შემაწუხებელი, როცა რაღაცის გჯერა, რაღაც ნანახი გაქვს, მაგრამ შენს ნაამბობს სხვას ვერ აჯერებ. უფრო მეტიც, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შეიძლება დაგცინონ, ანდა მიგითითონ, რომ წახვიდე და იმკურნალო.

დაახლოებით ისეთი რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან ჟურნალისტ ნესტან ცეცხლაძის დღიურებს, რომელიც ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა. ვერ გაბედეს ეთქვათ, არაა გულწრფელიო, ფარისევლობსო... თუკი აქამდე ამტკიცებდნენ, რომ ძალის გადამეტება უმნიშვნელო იყო და რომ 26 მაისს ჟურნალისტები არ დაზარალებულან, ნესტანის მოსმენის მერე გვითხრეს, რომ მგრძნობიარე ჟურნალისტი გარკვეულ მოვლენებს არ უნდა აშუქებდეს.

იმ საღამოს გვითხრეს, როცა ნესტანის დღიურები გამოქვეყნდა და როცა ნესტანის კოლეგებმა უაღრესად ეგზოტიკურ ღონისძიებაში, ე.წ ”მასმოდაში” მიიღეს მონაწილეობა. პოდიუმზე გამოვიდნენ. ტანფეხი გვიჩვენეს და პრიზები დაინაწილეს.

ეს, ეტყობა, სამაგალითო ჟურნალისტები არიან!... აი ისინი, ქარბუქსა და გრიგალში, ომში და დარბევებშიც რომ არ აუტოკდებათ ნერვები! ჟურნალისტი-მგლები, სენტის და მენტის გარეშე; მათ ადვილად შეუძლიათ დაივიწყონ ის, რაც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა მათ ქალაქში. და მით უფრო ”ნაკლებად მგრძნობიარეა” ეს მასა, ”აგვისტოს 5 დღის” სანახავად, წითელ ხალიჩაზე მოლივლივე ელიტას რომ ესალმება.

”მასწავლებლები გამოიყვანეს სკოლიდან და ძალით მიიყვანეს რუსთაველზე”?

არა, ბატონო. რატომღაც მგონია, რომ არც ნინო ბურჯანაძეს მიუყვანია ძალით ხელისუფლებით უკმაყოფილო მასა აქციაზე , არც პოლიციელებს უცემიათ კოტე სტალინსკი, თაზო კუპრეიშვილი, მალხაზ ჭკადუა ვინმეს დავალებით და არც ამ ადამინებისთვის დაუძალებიათ, წადით და შერონ სტოუნს ყვავილები უქნიეთო. ამ ქვეყანაში ყველაფერი ძალით კი არ კეთდება? რა საჭიროა ძალა, როცა ირაციონალური ინსტინქტები ბობოქრობს და როცა ხელისუფლება-მედია მხოლოდ და მხოლოდ ჩანაცვლებით, გადაფარვით ცდილობს ამ ინსტინქტების აღმოფხვრას.

”გადავფაროთ ძალადობა რუსთაველზე წითელი ხალიჩით და ნაცემი და დამცირებული ჟურნალისტები, მათთვის წართმეული აპარატურა - ყველას დაავიწყდება. თანაც, გადაფარვა რომ ეფექტური იყოს ადგილი არ გამოვცვალოთ - სწრაფად მოვაწესრიგოთ კინოთეატრი ”რუსთაველი”, გავწმინდოთ სისხლის ლაქებისგან და მის შესასვლელთან წითელი ხალიჩა გამოვფინოთ! მერე კი გაკვირვება ვერ დავმალოთ, ”რატომ გამოეწყო შერონ სტოუნი შავ კაბაში?

ამ ისტერიკამ ნაციონალურ ტელეარხებზე გონება გამითიშა. ერთი აბსურდი მეორეს ემატებოდა, კიტჩის ძალა მატულობდა და ემოციებისგან სრულიად დავიცალე. აღარც მეცინებოდა, აღარც მეტირებოდა - წარმოვიდგინე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასევე გამოვიდა იმ დღეს წითელ ხალიჩაზე, სმოკინგში. მოულოდნელად მიუბრუნდა ჟურნალისტებს, ”ცოცხალი” შერონ სტოუნისა და ენდი გარსიას სანახავად შეგროვილ ხალხს და უთხრა: ”ნაგავია ეგ ფილმი ხალხო! უნიჭო პროპაგანდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას არაფერს მოუტანს დაცინვის გარდა!”

ამას რომ იტყოდა, რა მოხდებოდა ნეტა? პირდაპირ ეთერს გამორთავდნენ? სასწრაფოდ მოძებნიდნენ ”ექსპერტებს”, რომლებიც პრეზიდენტის სიტყვებს დაადასტურებდნენ? თუ სულ სხვა ექსპერტებს მოუხმობდნენ, რომლებიც გვეტყოდნენ, რომ ”პრეზიდენტი დაიღალა”?


”მგელი უნდა იყო, მგელი!”

ძალადობის ინსტინქტი, რომ ადამიანის ბუნების ნაწილია, გაგვახსენეს ლიბერტარიანელებმა ამ კვირაში, როცა აუცელებელი გახდა 26 მაისს ძალის გამოყენების გამართლება. მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, რატომ მოინდომეს მათ 26 მაისზე მსჯელობა მაშინ, როცა ”აგვისტოს 5 დღის” პრემიერამ ლამის მთლიანად გადაფარა 26 მაისის ღამე. ხალხი დაიძრა რენი ჰარლინის ფილმის სანახავად და როგორც მითხრეს, კინო ”რუსთაველის”დარბაზებიც გაივსო.

ამჯერად ფილმზე:

აქამდე ”ბუნება” და მისი კანონები მაშინ ახსენდებოდათ ხოლმე, როცა ერთსქესიან ქორწინებაზე, ქალი-ფილოსოფოსების ბუნებრივ ნაკლებობაზე (”დედათა ბუნებაი იწრო არს”) და რაღაც ასეთ, მსგავს თემებზე მსჯელობდნენ. მაგრამ ახლა ”ბუნების კანონებმა” მთლად პოლიტიკაში შემოაღწია; . ინფანტილურად გამოაცხადეს ყველა, ვინც ამბობს ”არა - ძალადობას!”. რა თქმა უნდა, იყო შანსი, გაოცებულ მკითხველს მაჰათმა განდის და მარტინ ლუთერ კინგის აჩრდილები გამოცხადებოდა, მაგრამ იმის იმედი უფრო მძლავრი იყო, რომ ამ ტექსტით მოხიბლული ”საშუალო სტატისტიკური ჟუჟუნა” ( ლიბერტანელებისგან გამიგია ეს ტერმინი) მშვიდობისთვის მებრძოლთა გვარებს ვერ მოიგონებდა.

”ჟუჟუნას” ახლა უკვე ინტელექტუალურ-მეცნიერული ”ბაზაც” აქვს ძალადობის გამართლებისთვის. ამიტომ შეუძლია აღარ იდარდოს, ნაცემ და დასახიჩრებულ ადამიანებზე გული არ აუჩუყდეს. პროფესორები ასწავლიან მას; იმისათვის რომ რაღაცას მიაღწიო ცხოვრებაში, მგელი უნდა იყო და თუ რაღაც ხელს გიშლის, სუსტი ხარ, სიფრიფანა, ანდა, განათლება არ გყოფნის საამისოდ, იქ მაინც უნდა დადგე, სადაც მაგარი და ოქროსფერი დგას - ძალაუფლება!

დადგე და აქნიო ყვავილები

დანარჩენებმა რა ვქნათ?

შევეგუოთ კრავის როლს? ველოდოთ, სანამ არ შეგვახრამუნებს მგელი - სულ ერთია, ვინ იქნება - რუსი ვანია; შეფიცული ყმაწვილი ჯოხით ხელში; პოლიციელი, რომელიც დაუსჯელი რჩება, რადგან არ აქვს პირადობის აღმნიშვნელი ნიშანი; ვიღაც ისაკაძის მრევლი, ახლა უკვე წყევლა-კრულვაზე რომ გადავიდა? შევეგუოთ ”მასმოდას” და ამ მართლაც რომ ”ლობიოობას” ძალაუფლების ოქროსფერ სივრცეში? თუ ახალ მაჰათმა განდის ველოდოთ?

არც ერთი.

არა მგონია, ღირდეს მგლებისთვის ”ჟუჟუნას” მიგდება. უფრო მეტიც, არა მგონია, ღირდეს ”მგლებთან” დიალოგზე უარის თქმა. ვფიქრობ, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე გამოუსწორებელ ცინიკოსებსაც კი შეუძლიათ სიყვარული. იმათაც კი, ვინც მოგვიწოდებს, გული არ აგვიჩუყდეს შეურაცხყოფილ და დამცირებულ ნესტან ცეცხლაძეზე, ჩემს მეგობარზე, რომლის ყველა სიტყვის მჯერა. იმ ”მგლებსაც” კი აშინებთ ავადმყოფობები, ეკოლოგიური კატასტროფები, ისინიც ოცნებობენ თავიანთი შვილების ბედნიერებაზე, ქვეყნის ბედნიერებაზე!

ამიტომ დავარწმუნოთ, შევარცხვინოთ, დაველაპარაკოთ, დავცინოთ. რაღაც ვქნათ, ოღონდ ნუ ვიქნებით გულგრილები. სხვა გზა არ არსებობს - არჩევნები ახლოვდება

თუ არა და ”ბლოუ-აფის” ფინალს მივყვეთ და 2011 წლის საქართველოში, ”მასმოდის პოდიუმისა” და წითელი ხალიჩის მიღმა დარჩენილებმა, ვისაც არ გვინდა ვიყოთ მგლები, ჩოგბურთი ვითამაშოთ. ასე, ბურთის გარეშე - მიზნის გარეშე. სენტით და მენტით.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG