Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ახალი ტრამვაი რუსთაველზე გაივლის


თანამედროვე ტრამვაი რუსთაველის გამზირზე (ფოტომონტაჟი)
თანამედროვე ტრამვაი რუსთაველის გამზირზე (ფოტომონტაჟი)

თბილისის ახალი ტრამვაის პირველი ხაზი რუსთაველზე და სხვა ცენტრალურ გამზირებზე გაივლის და ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. საფრანგეთის კომპანია „სისტრამ“ თბილისში ჩატარებული ერთწლიანი სამუშაოს შედეგები 6 აპრილს გამოაქვეყნა და ტრამვაის პირველი ხაზის მარშრუტის პრეზენტაცია მოაწყო. ტრამვაის მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან დაიწყება და ორთაჭალის ავტოსადგურთან დამთავრდება.

საფრანგეთის კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, თბილისის ტრამვაის პირველი ხაზის სიგრძე 14 კილომეტრი იქნება. ტრამვაის ლიანდაგები უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან დაიწყება, იქვე აშენდება დეპოც. მომდევნო კვანძი მეტრო დელისი იქნება, საიდანაც ტრამვაის ხაზი ვაკის პარკს დაუკავშირდება და ჭავჭავაძის გამზირზე გაივლის. მთლიანად ტრამვაის დაეთმობა ახვლედიანის - ყოფილი პეროვსკაიას - ქუჩა, შემდეგ, რუსთაველის გამზირის გავლით, ტრამვაი ასევე ავტომობილებისთვის ჩაკეტილ კოტე აბხაზის - ყოფილ ლესელიძის - ქუჩაზე მოხვდება. ტრამვაი გაივლის „მეიდანზეც“ და გორგასლის ქუჩით ორთაჭალის ავტოსადგურს დაუკავშირდება. თბილისის ტრამვაის პირველ ხაზზე მოეწყობა 23 გაჩერება და ტრამვაის შემადგენლობა პიკის საათში 4 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

ტრამვაის ზარის აწკრიალებამდე თბილისის მერიას პროექტის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების - დაახლოებით 150 მილიონი ევროს - მოძიება მოუწევს. მაგრამ მანამდე ტრამვაის პროექტის საჯარო განხილვა უნდა გაიმართოს და მისი დამტკიცება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება. თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისელებს აქტიურობისკენ მოუწოდებს:

თბილისის ტრამვაის პირველი ხაზის მარშრუტი
თბილისის ტრამვაის პირველი ხაზის მარშრუტი

„მთავარი, ჩემი აზრით, არის სწორედ ის, რომ ეს განხილვა არ იყოს მხოლოდ შემოფარგლული სპეციალისტებით, არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ დარბაზებით. მოხარულები ვიქნებით განსაკუთრებით იმ უბნების მოსახლეობის აქტიურობით, სადაც ტრამვაი გაივლის. ეს არ არის ერთ დღეში გადაწყვეტადი შემთხვევა და პროექტიც, თავის მხრივ, გრძელვადიანია, რადგან არის გათვლილი წლებზე. გვინდა განხილვებსა და დისკუსიებში ჩაერთოს ყველა თბილისელი.“

სხვადასხვა გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ თბილისელების დიდი ნაწილი ტრამვაის პროექტის მიმართ დადებითადაა განწყობილი. დედაქალაქის მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები მიესალმებიან ეკოლოგიური, ეკონომიური და თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ტრამვაის - დაბრუნებას. ინტერნეტგამოცემა „ნიუს ჯი"-მ ვიდეოგამოკითხვა მოაწყო იმ უბნებში, სადაც ტრამვაის პირველი ხაზი გაივლის.

„დიდი ხანია ტრამვაით არ მიმგზავრია, მაგრამ სასურველი ტრანსპორტი ყოველთვის იყო...“

„კარგია ეს მარშრუტი, ორთაჭალა – მაღლივი კორპუსი, მშვენიერია... ალბათ, კარგი იქნება, თუ ვერაზე და სოლოლაკში ივლის ტრამვაი, იმიტომ რომ იქ შესაბამისი არქიტექტურის ქუჩები არის და მოუხდება.“

ჩვენ ველოდებით, რომ მას შემდეგ, რაც ტრამვაის პროექტი განხორციელდება, თბილისში უკეთესად ორგანიზებული იქნება როგორც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ...
აკაკი ჯოხაძე

„ტრამვაის ხაზი უფრო სწრაფია, ვიდრე ავტობუსი, თანაც ავტობუსები და „მარშრუტკები“ გადატვირთულია.“

„გამახსენდა ჩემი ბავშვობა - აი, აქ, რუსთაველზე, დადიოდა ტრამვაი და ის იყო ბრწყინვალე.“

გამოითქმის განსხვავებული მოსაზრებებიც, ძირითადად სოციალურ ქსელებში და ინტერნეტდისკუსიებშიც. სკეპტიკოსები ტრამვაის გამოჩენით ქუჩების გადატვირთვას შიშობენ. მაგრამ ჩატარებული კვლევები და უცხოური გამოცდილება ცხადყოფს, რომ ტრამვაის სისტემის გამართული მუშაობა საგზაო მოძრაობის განტვირთვას იწვევს, რადგან მისი მეშვეობით გაცილებით მეტი მგზავრის გადაყვანა ხერხდება, ვიდრე ავტობუსებით ან თუნდაც სამარშრუტო ტაქსებით. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი:

თბილისის ტრამვაის პირველი ხაზი ახვლედიანის ქუჩაზე
თბილისის ტრამვაის პირველი ხაზი ახვლედიანის ქუჩაზე

„ტრამვაი იმოძრავებს იმ ზოლზე, რაც დღეს დაკავებული აქვს ავტობუსს. ასე რომ, გადატვირთვის კუთხით დიდი სხვაობა არ იქნება. პირიქით, ჩვენ ველოდებით, რომ მას შემდეგ, რაც ტრამვაის პროექტი განხორციელდება, თბილისში უკეთესად ორგანიზებული იქნება როგორც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ასევე მგზავრებისთვის იქნება ძალიან დიდი კომფორტი.“

ავტობუსებთან შედარებით, ტრამვაის, ეკოლოგიურობის გარდა, ის უპირატესობაც გააჩნია, რომ სამჯერ და უფრო მეტჯერ ტევადია, მკაცრად არის დაფიქსირებული სავალ ნაწილზე და უფრო მეტად ეკონომიურიცაა. საშუალოდ ერთი ტრამვაი იმდენივე მგზავრს გადაიყვანს, რამდენსაც 150-მდე პერსონალური ავტომობილი. კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ავტომობილებით სარგებლობის საშუალება აქვს თბილისელების მესამედზე ოდნავ მეტს, მოქალაქეების დიდი უმრავლესობა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობს. „სისტრას“ წარმომადგენლის მარკო მელფოს განცხადებით, თბილისის ტრამვაის პირველი ხაზი ამოქმედების შემდეგ დღეში 100 ათას მგზავრს გადაიყვანს:

ამ პროექტის მიხედვით, ლიანდაგის 1 კილომეტრის მშენებლობა დაახლოებით 6 მილიონი ევრო ჯდება თბილისში, იმ დროს, როდესაც უკრაინასა და ჩეხეთში ეს არის 2 მილიონი ევროს ფარგლებში ...
გიორგი ბაბუნაშვილი

„პროექტის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტი. დღეს თბილისის ტრანსპორტი არის ხელმისაწვდომი, მაგრამ უხარისხო. ახალი ტრამვაის ამუშავების შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი იქნება უფრო თანამედროვე და კომფორტული და შექმნის ძალიან მნიშვნელოვან დერეფანს ქალაქისთვის.“

საფრანგეთის კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებულ პროექტს მაღალ შეფასებას აძლევს საინიციატივო ჯგუფის „თბილისის ტრამვაის“ წარმომადგენელი გიორგი ბაბუნაშვილი, თუმცა იგი პროექტის საფასურის ალტერნატივებზეც საუბრობს:

„ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რისგან შედგება ბიუჯეტი, მაგრამ დაახლოებით ვანგარიშობთ, რომ, ამ პროექტის მიხედვით, ლიანდაგის 1 კილომეტრის მშენებლობა დაახლოებით ექვსი მილიონი ევრო ჯდება თბილისში, იმ დროს, როდესაც უკრაინასა და ჩეხეთში ეს არის ორი მილიონი ევროს ფარგლებში, სრულიად მისაღები თანამედროვე ტექნოლოგიებით.“

თბილისის ტრამვაის პირველი ხაზის ზუსტი ღირებულება და სხვა დეტალები მას შემდეგ გაირკვევა, რაც ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება. ტენდერის გამართვამდე დედაქალაქის მთავრობა საჯარო განხილვების მოწყობას აპირებს. ვარაუდობენ, რომ თბილისის ტრამვაის პირველი ხაზის პროექტი 2015 – 2016 წლებში განხორციელდება.

XS
SM
MD
LG