Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების შედეგი, რომელსაც არ ელოდნენ


31 ოქტომბერს ჩატარებულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს თავად არჩევნებში მონაწილე კანდიდატები აძლევენ შეფასებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მცირე უპირატესობით სძლია პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატსა და ლიდერს. ელოდნენ თუ არა კანდიდატები ამგვარ შედეგებს და როგორ აფასებენ არჩევნებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები?

559 ხმა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეს არის ხმათა ის რაოდენობა, რომელმაც განაპირობა საგარეჯოში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის, თამარ ხიდაშელის, გამარჯვება. სწორედ ამდენი ხმით ჩამორჩა თამარ ხიდაშელს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი. საგარეჯოს ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ ხუთი კანდიდატი იბრძოდა. 31 ოქტომბერს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა მარტვილიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სოსო დანელიამ გაცილებით დამაჯერებლად, 72%-იანი მაჩვენებლით, სძლია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ ეთერ მეძველიას.

თამარ ხიდაშელი საკუთარ წარმატებას, პირველ რიგში, იმას უკავშირებს, რომ ის ხელისუფლების მიერ დასახელებული კანდიდატი იყო და მას შეეძლო საგარეჯოელებთან ელაპარაკა ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც, მისი თქმით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა, თუმცა, მიუხედავად ამ უპირატესობისა, მისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მას საგარეჯოელმა ამომრჩეველმა მიანიჭა: 49,5%, ანუ მხოლოდ 4%-იანი უპირატესობა მის მთავარ კონკურენტ ირმა ინაშვილის მიმართ. ამგვარ შედეგს თამარ ხიდაშელი ასე ხსნის:

თამარ ხიდაშელი
თამარ ხიდაშელი

„სიმართლეს გეტყვით და არ დაგიმალავთ, რომ უფრო მეტ შედეგს ველოდი, თუმცა ჩემთვის მარტივი ასახსნელია, თუ რატომ არის ასეთი მცირე სხვაობა. ქალბატონი ირმა ინაშვილის მხარეს, შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო მეტი რესურსი იყო. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელიც მას გააჩნდა და რომელიც მე არ მექნებოდა და ვერ მექნებოდა, ეს არის ტელევიზია „ობიექტივი“. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ისინი საეთერო დროს უთმობდნენ საგარეჯოს. ეთერში ძირითადად ირმა ინაშვილის დიდება მიდიოდა და ყველანაირი ლაფი შეასხეს რესპუბლიკურ პარტიას, რომლის წევრიც მე ვარ“.

თუკი, თამარ ხიდაშელის თქმით, მისი კონკურენტის უპირატესობას კერძო ტელეკომპანია „ობიექტივი“ წარმოადგენდა, ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელისა და პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდივნის გოჩა თევდორაძის თქმით, თამარ ხიდაშელის გამარჯვება განაპირობა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებამ და ხელისუფლების წარმომადგენლების ღია მხარდაჭერამ. თუმცა, მისივე მტკიცებით, მხოლოდ ეს არ ყოფილა სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების მიზეზი. ეს მიზეზები „პატრიოტთა“ ალიანსმა 15-მდე საჩივარში ასახა, რომლითაც მათ საარჩევნო კომისიას მიმართეს. გოჩა თევდორაძე დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს ოლქში სწორედ ირმა ინაშვილმა გაიმარჯვა:

„ხელისუფლება არჩევნების დღეს ცდილობდა არჩევნების გაყალბებას და მიაღწია კიდეც ამას მთელ რიგ უბნებში. პრობლემა იყო განსაკუთრებით მე-13 უბანზე - იქ, სადაც ჯარის ხმები დაითვალა. ამას გარდა, ათობით უბანზე დარიგებული იყო, ყოველგვარი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე, დამატებით 50-50 ბიულეტენი, რომელიც ემსახურებოდა არჩევნების შედეგების გაყალბებას. აღარაფერს ვამბობ გამგებლებისა და რწმუნებულებისგან ჩვენი ამომრჩევლების დატერორებაზე“.

31 ოქტომბერს ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა ღიად დაანახა საზოგადოებას, რომ საარჩევნო კოდექსი ცვლილებებს საჭიროებს...
ანა ნაცვლიშვილი

შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. სპეციალური სია და საგარეჯოს მეცამეტე საარჩევნო უბანი იქცა 2015 წლის შუალედური არჩევნების აქილევსის ქუსლად. საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ იქ ხმაური დიდხანს გაგრძელდა. სწორედ ამ უბანზე დაითვალეს იმ სამხედრო მოსამსახურეების ხმები, რომლებმაც არჩევანი მუხროვანის ბაზაზე გააკეთეს. როგორც მეცამეტე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტებაშია მითითებული, პრობლემად იქცა ერთადერთი ბიულეტენი, თუმცა, როგორც გოჩა თევდორაძე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, სამხედრო მოსამსახურეებს საარჩევნო ყუთთან შემოხაზული ბიულეტენით უშვებდნენ. თამარ ხიდაშელის განმარტებით კი, იქიდან გამომდინარე, რომ სპეციალური უბნის სია, კანონმდებლობის თანახმად, უერთდება უბნის ერთიან სიას, ვერავინ განსაზღვრავს, თუ რომელ კანდიდატს დაუჭირეს მხარი სამხედრო მოსამსახურეებმა, თუმცა თამარ ხიდაშელი, ამასთანავე, ამბობს:

„ჩვენ თავიდანვე ვლაპარაკობდით, რომ ეს არჩევნები იქნებოდა იდეოლოგიების ჭიდილი. ძალიან ცალსახაა, ერთი მხრივ, კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეს არის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია და, მეორე მხრივ, ირმა ინაშვილის ძალიან ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ნიჰილიზმს გეგმავს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სამხედროებში, ახალგაზრდებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებში, რომელთათვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები და ა.შ... მათ მე დამიჭირეს მხარი“.

„31 ოქტომბერს ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა ღიად დაანახა საზოგადოებას, რომ საარჩევნო კოდექსი ცვლილებებს საჭიროებს“, - ასე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, სპეციალურ უბნებში ხმის მიცემის პროცედურა საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზების მხოლოდ ერთი პუნქტია. საკმაოდ ვრცელია იმ ხარვეზების სია, რომლებიც საიას თავმჯდომარის შენიშვნებში მოხვდა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს პოლიტიკური პირების აქტიურობას საარჩევნო პროცესში, იმისთვის, რომ შეიქმნას თანაბარი საარჩევნო გარემო, აუცილებელია ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. გარდა ამისა:

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ზოგადად ყველა არჩევნებს ახასიათებს და არც ეს არჩევნები იყო გამონაკლისი, არის ის, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე დგანან გაურკვეველი სტატუსის პირები, რომლებიც ინიშნავენ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს. ჩვენთვის საკმაოდ შემაშფოთებელი იყო ის გარემოებაც, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად დაფიქსირდა არჩევნების დროს ფიზიკური შეხლა-შემოხლისა და ძალადობის ინციდენტები“.

საიას შენიშვნები 17 საჩივარში აისახა. ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საჩივრებში დაფიქსირებული შენიშვნების შედეგად ხელახლა გადაითვლება ხმები და დაფიქსირდება ხარვეზები, შესაძლოა დადგეს ხმათა ბათილობის საკითხი, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. მისივე თქმით, საჩივრები საარჩევნო კომისიაში 2 ნოემბერს დღის ბოლომდე შევა.

კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც შუალედურ არჩევნებს აკვირდებოდა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაა". პროექტების ოფიცრის ნინო ხითარიშვილის თქმით, არჩევნებზე ძირითადად დაფიქსირდა მცირე ხასიათის ტექნიკური და პროცედურული ხასიათის ხარვეზები, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. მისივე თქმით, ეს არჩევნები არის ერთგვარი ტესტი მომავალი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ყველა ის ხარვეზი, რაც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ისე პოლიტიკურმა პარტიებმა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა.

XS
SM
MD
LG