Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარეიშვილის უწყებას სახელი შეეცვალა, დევნილები შერიგებაზე საუბრობენ


პირველი იანვრიდან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელი შეეცვალა. ზაქარეიშვილის უწყებას ახლა „შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო“ ჰქვია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა დასახლებაში ცხოვრობს. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ლიანა ხადური ამბობს, რომ ქართველებს და ოსებს დიდი ხნის ნათესაური კავშირები აქვთ და აუცილებლად უნდა შერიგდნენ.

ხადურის მსგავსად, შერიგებაზე სხვა დევნილებიც საუბრობენ, თუმცა, ზოგიერთის აზრით, ეს შერიგება მათი დაბრუნების თანმდევი პროცესი უნდა იყოს. იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ, პირველ რიგში, მათ მშობლიურ სოფლებში დაბრუნებაზე უნდა იფიქროს, ქართველებს და ოსებს კი შერიგება არ გაუჭირდებათ.

სახელის გარდა რა იცვლება? ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განმარტებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აკეთებს. მისი აზრით, პირველ რიგში, წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა სწორდება. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის მთავრობამ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელი ისე შეუცვალა, რომ კონფლიქტი მოგვარებისკენ კი არა, უფრო გართულებისკენ წაიყვანა. მისი თქმით, რეინტეგრაცია პოსტკონფლიქტურ ვითარებას ნიშნავს, ამ სახელით კი წინა ხელისუფლებამ აფხაზებისა და ოსების უფრო მეტად დაშორება გამოიწვია. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ ცვლილებით კონფლიქტს აღიარებს და შერიგებისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

რაც შეეხება სამოქალაქო თანასწორობას, სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ეს საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებს ეხებათ. მისი თქმით, აპარატი მათი ინტეგრაციისა და პრობლემების მოგვარების მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.

ზაქარეიშვილის უწყების სახელის შეცვლას ევროკავშირიც მიესალმება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე, ევროკავშირის ელჩებთან შეთანხმებით, დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც, "ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის უწყებას ეწოდება „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო". ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ნაბიჯები აფხაზებსა და ოსებთან პრაგმატული თანამშრომლობის მიმართულებით. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავ ადასტურებს ევროკავშირის ელჩების ძალისხმევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების ჩართულობის გაღრმავების მიმართულებით და მიიჩნევს, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა შორის პირდაპირ კონტაქტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შერიგების საქმეში.
XS
SM
MD
LG