Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სექსი, როგორც დასჯის იარაღი


გიორგი ფარესიშვილის პრესკონფერენცია
გიორგი ფარესიშვილის პრესკონფერენცია
გიორგი ფარესიშვილი ინტერნეტში 3 მაისს გავრცელებული ვიდეომასალის ექსპერტიზას ითხოვს და კვლავაც მიიჩნევს, რომ ფალსიფიცირებული ჩანაწერის გამოქვეყნებით მას სამაგიერო გადაუხადეს სამთავრობო გუნდის მაღალი რანგის მოხელეებმა. დასახელებულთა შორის არის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, რომელიც ვარაუდობს, რომ მასა და გიორგი ფარესიშვილს საერთო მტერი ჰყავთ და რომ ამ საკითხს ისინი ერთობლივად გაარკვევენ. რას აპირებს გიორგი ფარესიშვილი?

ვებსაიტი, სახელწოდებით ”კვერცხები.კომ”, რომელმაც პირადი და, კერძოდ, სექსუალური ცხოვრების ამსახველი 30-წუთიანი ვიდეომასალა პარასკევს გამოაქვეყნა, იმავე დღეს რამდენიმე საათში გაუქმდა. ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ და შემდეგ გამქრალ ვიდეომასალაში ფიგურირებდა სამი პიროვნება, ორი კაცი და ერთი ქალი, რომელთა სახეების ამოცნობა სულაც არ იყო რთული. თუმცა მეტი სიზუსტისთვის ვიდეომასალას ახლდა განმარტება, რომ საქმე გვქონდა ”პერსპექტიული ჟურნალისტისა და მომავალი პოლიტიკოსის გიორგი ფარესიშვილის ინტიმურ ცხოვრებასთან”. გიორგი ფარესიშვილმა იმავე დღეს გამართა პრესკონფერენცია, გავრცელებულ მასალას ფალსიფიცირებული უწოდა და თქვა ისიც, რომ მსგავსი ანგარიშსწორების სამიზნე ”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმთან 7-წლიანი ბრძოლის დროსაც კი არ გამხდარა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი - მათ გიორგი ფარესიშვილი ერთი კლანის წევრებად მოიხსენიებს და ინტერნეტში ვიდეომასალის გავრცელებასაც სწორედ მათ სახელებს უკავშირებს. კერძოდ, საუბარია ბოლო პერიოდში გაზეთ ”ქრონიკაში” გამოქვეყნებულ 3 ინტერვიუზე, რომელშიც, ფარესიშვილის თქმით, ხსენებული კლანის მხილებას ისახავდა მიზნად. შედეგად კი, როგორც 4 მაისს უთხრა გიორგი ფარესიშვილმა რადიო თავისუფლებას, ის, უბრალოდ, ბინძური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა:

”რატომ აქამდე არ მოხდა ამის შეთითხვნა ჩემს მიმართ? ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მე გავაქტიურდი ეგრეთ წოდებული ხუხაშვილი-ხვედელიძე-ნაცვლიშვილის კლანის მიმართ, რომელმაც ჩაანაცვლა ვანო მერაბიშვილის კლანი. არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს, უბრალოდ, იყო მცდელობა ჩემი გაჩუმების”.

გიორგი ფარესიშვილი, რომელმაც თავი რადიო თავისუფლებას ამჯერად დამოუკიდებელ უფლებადამცველად წარუდგინა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ამპლუაში იყო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. საკუთარ თავს ფარესიშვილი პოლიტდევნილსაც უწოდებს, რადგანაც, როგორც თავად ამბობს, გარკვეული ხნით მას გაქცევაც მოუწია უკრაინაში და მხოლოდ გასული წლის ოქტომბერში მოახერხა დაბრუნება.

პირადი სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოქვეყნებას ”უმძიმეს დანაშაულს” უწოდებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და ბრალდებათა ერთ-ერთი ადრესატი, გია ხუხაშვილი, რომელიც ბოლო კვირებში გაზეთ ”ქრონიკაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუებს არც კი გამოხმაურებია, რადგანაც აბსურდულ ბრალდებებზე გამოხმაურებას ის უაზრობად მიიჩნევს. გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი ფარესიშვილს მის წინააღმდეგ ყოვლად აბსურდული ინფორმაციებით სწორედ ის წყარო ამარაგებდა, რომელმაც ინტერნეტსივრცეში მასალები გამოაქვეყნა. გამოძიებასთან თანამშრომლობისა და საერთო მტრის ერთობლივად პოვნისკენ გია ხუხაშვილმა გიორგი ფარესიშვილს მედიის საშუალებით 4 მაისს, დღის პირველ ნახევარში, მოუწოდა, ხოლო, როგორც დღის მეორე ნახევარში უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას, მას გიორგი ფარესიშვილი გამოეხმაურა და მათ შორის სატელეფონო საუბარიც შედგა:

”მე ვფიქრობ, რომ, იმავე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია რეალურად დავსვათ დიაგნოზი, თუ რა ხდებოდა და რა მოხდა გუშინ. მე რატომღაც მეჩვენება, რომ ეს არის ერთიანი სქემა. ასე რომ, მზად ვარ დავივიწყო ყველაფერი, რასაც ის ჩემზე ამბობდა და ერთად გავერკვეთ სიტუაციაში, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან”.

გია ხუხაშვილთან საუბარი რომ შედგა, რადიო თავისუფლებასთან გიორგი ფარესიშვილმაც დაადასტურა და ისიც თქვა, რომ მომავალ კვირაში შეხვედრაც აუცილებლად შედგება. მაგრამ ამ ეტაპისთვის მას აზრი არც სხვა პირებზე შესცვლია და არც გია ხუხაშვილზე. რაც შეეხება გამოძიებას, გიორგი ფარესიშვილი ამბობს, რომ გამოძიებასთან ის მხოლოდ საერთაშორისო უწყებების ჩართვის შემთხვევაში ითანამშრომლებს, რადგანაც არ ენდობა ადგილობრივ საგამოძიებო ორგანოებს.

გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტზე გამოძიება რომ დაიწყო, ამის შესახებ საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 მაისს აცნობა. საქმე აღიძრა 157-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც ”პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელებას” გულისხმობს და რაც, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ”ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.” შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ”მინისტრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს სასტიკად გმობს და გიორგი ფარესიშვილის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს.” ამავე წყაროს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიციას არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ" მიმართა.

როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი ვაჭარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გიორგი ფარესიშვილს საერთოდ არ იცნობდნენ, მაგრამ პოლიციას ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოჩენიდან მალევე მიმართეს. ირაკლი ვაჭარაძე მომხდარს მთელი საზოგადოების პრობლემად მიიჩნევს:

”საქართველოში ტაბუ გვაქვს სექსუალობაზე, გვეშინია სიტყვა სექსის... ტაბუ იწვევს მერე აფეთქებებს და მახინჯ კრიზისებს. ის მერე ხდება უკვე დაშანტაჟების და დასჯის იარაღი”.

ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ ტაბუს პრობლემის სიმძიმე ამ შემთხვევაში გიორგი ფარესიშვილმა იწვნია და ის საზოგადოების განწყობების ერთ-ერთი მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს და ექსპერტიზასაც ითხოვს, გიორგი ფარესიშვილი ამბობს, რომ ის დღეს ”განადგურებულია”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG