Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გახდება სახელმწიფო საიდუმლო


„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ ეთანხმება. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გამართული შეხვედრისას ითქვა, კანონპროექტი ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტს და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. სამოქალაქო სექტორი კანონპროექტის ინიციატორებს შეახსენებს საშიშროებას, რომ ძალიან ბევრი საჯარო ინფორმაცია შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოდ შეფასდეს. რა პასუხს აძლევს ამაზე კანონპროექტის ინიციატორი ოპონენტებს?

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა და მისი ინიციატორი პარლამენტში დეპუტატი ირაკლი სესიაშვილია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრის სულხან სალაძის თქმით, საქართველოში დღემდე 1996 წელს მიღებულ კანონი მოქმედებს, თუმცა ამ ცვლილებებით კანონი კი არ უმჯობესდება, არამედ უარესდება და ჩნდება საფრთხე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაცია - მათ შორის, ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების სტატისტიკური მონაცემებიც -სახელმწიფო საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული.

„არ არის საჯარო ტესტის ფორმულირება კანონპროექტის ოფიციალურ ტექსტში, ასევე ძალიან სუსტია ზიანის ტესტის კომპონენტი, ანუ როდის შეიძლება ინფორმაცია დაიხუროს, როდის შეიძლება გაიხსნას. ასევე ძალიან ცუდია, რომ ამ პროცესში არ ყოფილა გამოყენებული საერთაშორისო ექსპერტიზა, - მათ შორის, ნატოს და ევროკავშირის სტრუქტურების, - ვინაიდან ეს არის იმ ტიპის კანონპროექტი თავისი ბუნებით, რომელიც გავლენას მოახდენს შემდგომ პერსპექტივაზე“.

ამ ეტაპზე სამოქალაქო სექტორი იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ინფორმაციის თავისუფლების ახალ კანონზე მუშაობს და ყველაფერი, რაც ინფორმაციის გაცემასთანაა დაკავშირებული, ამ დოკუმენტის შემადგენელი უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი მოწყვეტილია მისგან, ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ლაშა გოგიძე. მისივე თქმით, კანონპროექტი არსებითად არ განსხვავდება მოქმედი კანონისგან და სასურველი იქნებოდა მასში ფუნდამენტური ცვლილებები შესულიყო:

„არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში რისკები, რომ მოხდეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა საზოგადოებისთვის, რომელიც შეეხება, მაგალითად, კორუფციული რისკების პრევენციას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ა.შ. ამიტომ სასურველია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ასეთი შემთხვევების უგულებელყოფა და ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდება მოქალაქეებისთვის“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კანონპროექტის ავტორებს პარლამენტში პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ თავისი შენიშვნები და მოსაზრებები გაუზიარა. ითქვა, რომ კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში საერთოდ არ არის გათვალისწინებული საჯარო ინტერესი, კერძოდ, ის, რომ კონკრეტული ინფორმაციის მიმართ მაღალმა საჯარო ინტერესმა შეიძლება გადაწონოს მისი საიდუმლოდ მიჩნევის ინტერესი. ასევე არ არის გათვალისწინებული ზიანის ტესტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული, თუ რატომ არის ეს ინფორმაცია სახელმწიფო ინტერესისთვის საზიანო, თორემ შეიძლება საიდუმლო გრიფის ქვეშ მოხვდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ამა თუ იმ კანონდარღვევას, კორუფციას, ადამიანის უფლებებს და სხვ. ამ თემებზე ამახვილებს ყურადღებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი. მისი სიტყვებით, თუ აქამდე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ასე თუ ისე შესაძლებელი იყო, ახლა შეიძლება დანაშაულის შესახებ სტატისტიკის შემცველი ინფორმაციაც გასაიდუმლოვდეს.

„ქვეყანაში, სადაც მთლიანად შსს-ს აქვს ასეთი უფლებები და არანაირი საკონტროლო მექანიზმი არ არსებობს, არის რისკი, რომ გასაიდუმლოვდეს ძალიან ბევრი ინფორმაცია. კანონმდებელმა ბალანსი უნდა შიენარჩუნოს, ვინაიდან არ შეიძლება ყველაფრის გასაიდუმლოება, პოლიტიკური და სხვა ინტერესიდან გამომდინარე“.

ლევან ავალიშვილის თქმით, ასევე ბუნდოვანია გამსაიდუმლოებლის როლი. მისი თქმით, ქვეყანაში ყველა ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ძალიან მკაფიოდ იყოს განსაზღვრული რა სახის ინფორმაცია უნდა ექვემდებარებოდეს გასაიდუმლოებას.

კანონპროექტის ინიციატორის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, როგორც ჩანს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კარგად ვერ ერკვევიან იმაში, თუ რა არის ქვეყნის უსაფრთხოება. მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტი და პრემიერი ჩამოთვლიან, თუ რა ტიპის ინფორმაციას შეიძლება მიენიჭოს საიდუმლო გრიფი, როდის შეიძლება გასაჯაროვდეს ესა თუ ის ინფორმაცია, მათ შორის ხსენებული სტატისტიკური ინფორმაცია:

„ჩვენ ამ კანონმდებლობაში ჩავდეთ საფუძვლები, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ასაიდუმლოებს ინფორმაციას, კონკრეტულად უნდა ეყრდნობოდეს შესაბამის საფუძველს და, მეტიც, შეიქმნება კომისია, რომელიც მუდმივად გადახედავს, რამდენად სწორად მოხდა გასაიდუმლოება, ხომ არ არის მასში საჯარო ინფორმაცია ჩადებული. ასევე დავნერგეთ პრინციპი, რომ თანამშრომელს, რომელსაც აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, შეეძლება გაეცნოს ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მას სამსახურებრივად სჭირდება“.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, საზოგადოებას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება მიმართოს სასამართლოს, თუ მიიჩნევს, რომ ესა თუ ის ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს. სხვა შემთხვევაში მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ინფორმაციის გასაჯაროება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ კანონის სულისკვეთება არ შეეფერება ხელისუფლების ღიაობის გაცხადებულ პოლიტიკას და საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტს. ისინი პარლამენტს კიდევ ერთხელ შესთავაზებენ რეკომენდაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ჩააყენებენ საქმის კურსში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG