Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და ღია პარლამენტი


14–15 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს საკანონმდებლო ღიაობის საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 70-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. რა ეტაპზეა საქართველო ღია მმართველობის თვალსაზრისით, რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს და რისი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ საქართველოს მოქალაქეებს?

„საქართველოს პარლამენტის მუშაობა არის მნიშვნელოვნად უფრო გამჭვირვალე, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თუმცა ის ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ღიაობას მუდმივი ყურადღება ესაჭიროება, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებში და რომ სწორედ ამაზე მეტყველებს საერთაშორისო კონფერენციაში, მაგალითად, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა თუ დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა. დავით უსუფაშვილის აზრით, საკანონმდებლო ღიაობის გზაზე საქართველომ ნაყოფიერი ნაბიჯები გადადგა:

„საქართველოს პარლამენტი მოწინავეთა რიგებშია. ჩვენ დავამტკიცეთ სამუშაო გეგმა. პარლამენტში შექმნილია ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელშიც ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია, იმიტომ რომ პარლამენტის ღიაობა, მეტი კავშირი მოსახლეობასთან – ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის ამოცანა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური 18-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე უნდა შევასრულოთ“.

ეს არის, მათ შორის, კანონმდებლობაზე კომენტარების დატოვების საშუალება,როდესაც ყველა მოქალაქეს ექნება კანონპროექტებზე თავიანთი აზრის გამოხატვის საშუალება. ეს არის, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინფორმაციის მიღების გაადვილება...
ლევან ავალიშვილი

დავით უსუფაშვილის მიერ ნახსენები 18-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა ასევე ამბიციურ განაცხადად მიაჩნიათ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI). სამოქმედო გეგმა შემუშავდა სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“, ფარგლებში. პროექტი დაფინანსებული იყო გაეროსა და ევროკავშირის პროგრამების მიერ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე და პროექტების დირექტორი ლევან ავალიშვილი განმარტავს, რომ 2015–2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო სექტორი და რომ არაერთი მნიშვნელოვანი სიახლის დანერგვაა მოსალოდნელი:

„ეს არის, მათ შორის, კანონმდებლობაზე კომენტარების დატოვების საშუალება,როდესაც ყველა მოქალაქეს ექნება კანონპროექტებზე თავიანთი აზრის გამოხატვის საშუალება. ეს არის, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინფორმაციის მიღების გაადვილება. ეს არის პარლამენტის ეთიკის კოდექსის შემუშავება, რაც აქამდე ვერ განხორციელდა. ეს არის სპეციალური სამუშაო ჯგუფის, ანუ საბჭოს, შექმნა პარლამენტის ღია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ანუ 18 – ძალიან სოლიდური და ძალიან ინოვაციური – ვალდებულება აიღო პარლამენტმა“.

ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ და ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად პარლამენტარები ერთმანეთს ძალიან ცუდად ეპყრობიან და არაეთიკურად იქცევიან...
ეკა გიგაური

„საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ ვალდებულებები ჩამოყალიბებულია ოთხი ძირითადი პრინციპის შესაბამისად და ეს პრინციპებია: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება და ტექნოლოგიები და ინოვაცია. სწორედ ამ პრინციპების გარშემო მსჯელობდნენ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებიც - დღის წესრიგით განსაზღვრული სხვადასხვა პანელის ფარგლებში. მაგალითად, როგორც ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ილირ მეტამ განაცხადა 14 სექტემბერს, საბოლოო მიზანია უფრო გამჭვირვალე, უფრო ანგარიშვალდებული და უფრო მეტი პასუხისმგებლობით აღსავსე ინსტიტუტების დამკვიდრება, რაც მათი უკეთესად მუშაობის საწინდარია.

ღია პარლამენტის ჭრილში საპარლამენტო ეთიკის განვითარების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და, მისი აზრით, კონკრეტული სახელმძღვანელო დოკუმენტის მიღების გარდა, საჭიროა აღსრულებისა და მონიტორინგის ქმედითი მექანიზმების დანერგვაც:

„ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ და ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად პარლამენტარები ერთმანეთს ძალიან ცუდად ეპყრობიან და არაეთიკურად იქცევიან. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს“.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) 2011 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ინიციატივაა და ისთავდაპირველად მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო გამიზნული, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, თანდათან გამოიკვეთა საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობის აუცილებლობაც და, შედეგად, პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი (Legislative Openness Working Group, LOWG).

საქართველოს პარლამენტმა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას ხელი 2015 წლის აპრილში მოაწერა და იმავე წლის ივლისში „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“ მიიღო. ამჟამად ასეთი სამოქმედო გეგმა მსოფლიოს მხოლოდ 4 ქვეყანას აქვს მიღებული და, საქართველოს გარდა, ამ ჯგუფში ვხვდებით ასევე საფრანგეთს, ჩილესა და მექსიკას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG