პაატა შამუგიას პოეზია, ჩემი აზრით, ყველაზე ადეკვატურია დღევანდელი საქართველოს რეალობისა, რადგან მის მიმართ გულგრილი ვერ რჩება მკითხველთა ვერც ერთი კატეგორია. ზოგს - და ძირითადად მის თანატოლებს ან უმცროს თაობას - პაატა თავის კუმირად მიაჩნია, ზოგი დაბეჯითებით აგინებს და ათასგვარ უსიამოვნო იარლიყს აწებებს. ირწმუნებიან, რომ ის ,,მასონია“, ,,კოსმოპოლიტი“, ,,მკრეხელი“, „ღვთისმგმობელი“ და ,,არატრადიციული ორიენტაციისა“.
ამ იარლიყებიდან, რაც მე პირადად სიმართლესთან ოდნავ ახლოს მგონია, პოეტის ,,არატრადიციული ორიენტაციაა“, ოღონდ, ცხადია, აქ სრულებითაც არ იგულისხმება სექსუალური აქტივობის ალტერნატიული სახეობა. პაატა შამუგია არატრადიციულია პოეტურ ტრადიციებთან მიმართებით და ეს მკაფიო დამოკიდებულება თავისი პირველი გახმაურებული ნაწარმოების სათაურშივე გამოხატა. "ანტიტყაოსანი“ არა იმდენად ვეფხისტყაოსნის უარყოფას გულისხმობს, რამდენადაც შუა საუკუნეების ესთეტიკასთან, საერთოდ შუასაუკუნეობრივთან დაპირისპირებას, რადგან, თუ პაატა შამუგიას ლექსებს დაკვირვებითა და წინასწარ აკვიატებული ფობიების გარეშე წავიკითხავთ, გასაგები გახდება პოეტის პოზიცია: დღევანდელი დღე და სინამდვილე სრულიად ახალ ენას, ახალ პოეტურ სტილისტიკას მოითხოვს და იმისათვის, რომ თანამედროვე ლექსში ავტორმა თავისი დროის შეგრძნებები მკაფიოდ გამოხატოს, შუა საუკუნეებისა და საერთოდ განვლილი ხანის პოეტური მიღწევები შეიძლება გამოიყენოს, როგორც მხოლოდ ლიტერატურული პაროდიის შექმნის ერთგვარი საშუალება. ეს კი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახალ ენას, ახალ პოეტურ კოინეს საჭიროებს და ამიტომაც პაატა შამუგია, უპირველესად, ენობრივი ძიებების პოეტია, ენიდან ამოზრდილი და ენის წიაღში მცხოვრები პოეტი.
როგორც ნებისმიერი შემოქმედისათვის, ჩემთვისაც ეპატაჟი არის საკვლევი ინსტრუმენტი და ერთ-ერთი რამ, რაც შეიძლება იყოს ლიტერატურის ისტორიაში. ანუ ამას ვუყურებ, როგორც გარედან მყოფი ადამიანი და არა როგორც ეპატაჟისტი. ეპატაჟს სხვა რაღაცები სჭირდება. სჭირდება შოუმენობა, სჭირდება რაღაც სხვა ელემენტები, რომელიც მე არ მაქვს და, სიმართლე რომ გითხრა, მაინცდამაინც ვერც რაიმეს ნაკლებობას ვგრძნობ იმის გამო, რომ ეს არ გამაჩნია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ყველაზე არაეპატაჟური ავტორი ვარ!..პაატა შამუგია
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თვითონ პაატამაც განაცხადა:
"მეც ზუსტად ასე განვიხილავ საკუთარ თავს, როგორც ენიდან ამომავალს, როგორც ენაში მყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა არ არის რაღაც მონოლითური და ხშირად ვიყენებ სხვადასხვა ენობრივ თამაშებს. მაგალითად, თუ კონკრეტულად პოემა ,,დაუჯდომელზე“ ვისაუბრებთ, ის ფილოსოფიური პოეზიის პაროდიადაც შეგვიძლია განვიხილოთ, ისევე როგორც, ვთქვათ, მუზილის ,,უთვისებო კაცი“ არის ინტელექტუალური რომანის პაროდია, ან, ვთქვათ, ,,დონ კიხოტი“ არის სარაინდო რომანის პაროდია და ა. შ. და ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი, სხვათა შორის, ავტორისთვის, როდესაც, მაგალითად, რომ აღიქვან ჩემი პოეზია, როგორც ფილოსოფიური (კონკრეტულად ,,დაუჯდომელი“, თორემ მაქვს რაღაც ფილოსოფიური ოპუსებიც), ხო, ეს იქნება ძალიან არასწორი გაგება ჩემი შემოქმედებისა. და გახსოვს, ალბათ, ,,დონ კიხოტშიც“ რამდენ ხანს უნდება იმის ახსნას სერვანტესი, რომ, ხალხო, ეს არ არის სარაინდო რომანი, ეს არის, თუ მაინცდამაინც, სახელდობრ, სარაინდო რომანის პაროდია. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იმისათვის, რომ პოეტმა საკუთარი თავი მიაწოდოს მკითხველს“.
სხვათა შორის, ,,მომენტის მტკივნეულობა“ შეპირობებულია იმითაც, რომ ტრადიციასთან დაპირისპირება ყოველთვის იწვევს გარკვეულ უარყოფით რეაქციას.
იმავე შუა საუკუნეების ლიტერატურის მკვლევრებმა და მოყვარულებმა კარგად იციან, რომ, მაგალითად, შუა საუკუნეების მკითხველს სიახლის, პრინციპულად ახალი ნაწარმოების წაკითხვას ერჩია მისთვის უკვე ნაცნობი თემებისა და მოტივების ვარიაცია წაეკითხა და სწორედ მკითხველის ეს დაკვეთა იწვევდა ავტორის ნიველირებას, ავტორის პიროვნული თავისებურებებისა და დამოკიდებულებების იგნორირებას იმ პერიოდის ლიტერატურულ და შემოქმედებით სივრცეებში.
ამისგან განსხვავებით, თანამედროვე პოეზიისა და პოეტის წინაშე სულ სხვაგვარი ამოცანა დგას. დღევანდელმა რეალობამ ინდივიდუალიზმის, მათ შორის, პოეტური ინდივიდუალიზმის მოთხოვნილება გააჩინა და ამან შედეგად სუბიექტივიზმი, ხშირად უკიდურესი სუბიექტივიზმიც მოიტანა.
სუბიექტური დამოკიდებულებების წინა პლანზე წამოწევამ კი თავისთავად შექმნა კონფლიქტი ავტორსა და მკითხველს, უფრო სწორად, ავტორსა და მასობრივ მკითხველს, მასის ლიტერატურულ და ესთეტიკურ გემოვნებას შორის.
ამ კონფლიქტში ძალაუნებურად ეხვევა ყველა თანამედოვე ავტორი და განსაკუთრებით ის ავტორები, რომლებიც მასისაგან თვისებრივად განსხვავებული პოეტური და ფილოსოფიური კატეგორიებით აზროვნებენ.
ეს დაპირისპირება გარეგნულად ხშირად ჰგავს ეპატაჟს, თუმცა სერიოზული პოეზიის შემთხვევაში აღნიშნული მსგავსება მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან თუ ეპატაჟი მხოლოდ ცარიელი, უსაფუძვლო აჟიოტაჟის შექმნას ისახავს მიზნად, სერიოზული ლიტერატურული მცდელობების მიზანს სინამდვილის შეულამაზებელი ასახვის გზით ამ სინამდვილის შემოქმედებითი გაანალიზება და, შესაბამისად, მისი გარდაქმნა წარმოადგენს.
დედა და მამა, მე დღეიდან სანაქებო შვილი ვიქნები, ღირსეული მანერებით და საყოველთაოდ მიღებული წესებისადმი ერთგულებით, ჩემი გამოხტომები კი წარსულის ჩრდილში გადაინაცვლებს (ისედაც ბევრ უხერხულობას ქმნის), წესიერ და სიმპათიურ ცოლსაც შევირთავ და მეყოლება, სულ მცირე, სამი შვილი, ხოლო ღვთის წყალობის შემთხვევაში იმდენი, რამდენსაც ღმერთი გამოიმეტებს (რასაკვირველია, მეც ვიჟიმავებ, ღმერთს რომ შევეშველო), დავწერ გულისმომკვლელ, ლირიკულ ლექსებს და შევეშვები სოციალურ სატირას..."სილოგისტური ანალიზი“
ამდენად, მიუხედავად იმ ხმაურისა, რასაც პაატა შამუგიას წიგნები იწვევს ხოლმე, მე მაინც მგონია, რომ ეს წიგნები პრინციპულად გასხვავდება მისი თაობის სხვა ეპატაჟისტი პოეტების ნამოღვაწარისაგან და განსხვავდება სწორედ სინამდვილესთან დამოკიდებულების სიღრმითა და, გნებავთ, ეპატაჟისადმი პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულებით.
თვითონ პაატა შამუგია ჩვენთან საუბრისას ამ საკითხთნ დაკავშირებით ამბობს:
"ალბათ ძალიან უცნაური იქნება ჩემი მხრიდან ამის გაცხადება, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ეპატაჟი არასოდეს არ ყოფილა ჩემი თვითგამოხატვის ფორმა. როგორც ნებისმიერი შემოქმედისათვის, ჩემთვისაც ეპატაჟი არის საკვლევი ინსტრუმენტი და ერთ-ერთი რამ, რაც შეიძლება იყოს ლიტერატურის ისტორიაში. ანუ ამას ვუყურებ, როგორც გარედან მყოფი ადამიანი და არა როგორც ეპატაჟისტი. ეპატაჟს სხვა რაღაცები სჭირდება. სჭირდება შოუმენობა, სჭირდება რაღაც სხვა ელემენტები, რომელიც მე არ მაქვს და, სიმართლე რომ გითხრა, მაინცდამაინც ვერც რაიმეს ნაკლებობას ვგრძნობ იმის გამო, რომ ეს არ გამაჩნია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ყველაზე არაეპატაჟური ავტორი ვარ!“
პირადად მე სავსებით ვეთანხმები პაატა შამუგიას ამ განცხადებას, რადგანაც მის ლექსებში იმხელა ტრაგიზმი ჩანს, ისეთი პიროვნული გაორება და ეგზისტენციალური მარტოობა, რომ ეს ობიექტური მახასიათებლები პრინციპულად აპირისპირებს და აცალკევებს მას ეპატაჟისაგან.
თუნდაც, კრებულ ,,დაუჯდომელის“ ერთი ლექსი, ,,სილოგისტური ანალიზი“ რომ ავიღოთ, აქ სრულიად მკაფიოდ დავინახავთ ყველა იმ თავისებურებას, რაც შამუგიას - ამ თანამედროვე დონ კიხოტის - პოეტური მსოფლმხედველობის, ადამიანური და შემოქმედებითი პოზიციის ნათელსაყოფად გამოდგება:
,,დედა და მამა, მე დღეიდან სანაქებო შვილი ვიქნები, ღირსეული მანერებით და საყოველთაოდ მიღებული წესებისადმი ერთგულებით, ჩემი გამოხტომები კი წარსულის ჩრდილში გადაინაცვლებს (ისედაც ბევრ უხერხულობას ქმნის), წესიერ და სიმპათიურ ცოლსაც შევირთავ და მეყოლება, სულ მცირე, სამი შვილი, ხოლო ღვთის წყალობის შემთხვევაში იმდენი, რამდენსაც ღმერთი გამოიმეტებს (რასაკვირველია, მეც ვიჟიმავებ, ღმერთს რომ შევეშველო), დავწერ გულისმომკვლელ, ლირიკულ ლექსებს და შევეშვები სოციალურ სატირას. აღარ ვიქილიკებ სამშობლოზე, რადგან სამშობლო წმინდა არის, ხოლო ხალხი ბრძენია (რაც, რასაკვირველია, ორი სხვადასხვა რამაა, მაგრამ კოლექტიური ლოგიკის ფოლკლორული დუღაბი მჭიდროდ კრავს და აერთიანებს, ისევე როგორც უფალი კრავს და აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ყოფს, მაგრამ ღვთაებრივი სიბრძნე მხოლოდ ქარაგმებით გვემცნობა, რაც კორელაციების მოყვარულთა მოლოდინს ამსხვრევს) და საერთოდაც ვიქნები გაცილებით სიმპათიური და წონაშიც მოვიმატებ, რადგან, გიგლა თვარაძის ფილოსოფიური დისკურსის თანახმად, თავმოყვარე მამაკაცი, სულ მცირე, 75 კილო უნდა იყოს და სიმაღლეში მეტრი და ოთხმოცი, და ჯანმრთელი უნდა იყოს, რათა მამულს ბიოლოგიური მოსავალი - შვილები - მისცეს, და მარილი ამა სოფლისა, უნდა იყოს მხნე და მამაცი და სკოლიოზი არ აწუხებდეს, და არ უნდა აკლდეს კბილები, მით უმეტეს კი ის კბილი, რომელიც სიცილისას ჩანს. და, საერთოდაც, თავმოყვარე ადამიანი სიმპათიური უნდა იყოს, მე კი ასე უსირცხვილოდ 65 კილო ვარ, რაც, სხვა თუ არაფერი, უნამუსობაა, და ეგეც არ იყოს, სიგამხდრის მიუხედავად, ბალზაკის ფრაზასავით მოუქნელი მოძრაობები მაქვს და არც ისეთი სიმპათიური ვარ. არადა, ღმერთია მოწმე, მე მინდოდა სწორად ცხოვრება, მაგრამ, როგორც ჩანს, არ მოხერხდება“.
ამ მეტად თავისებურ აღსარებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ირონია და თვითირონია, რომელიც ლექსის ყოველი ფრაზიდან მკაფიოდ გამოსჭვივის, არამედ ის, თუ რას და როგორ უპირისპირდება პაატა შამუგია.
ზედაპირული წაკითხვით, აქ ჩანს ტრანსცენდენტულის წინააღმდეგ ამბოხი, თუმცა, ცხადია, ეს ამბოხი მიმართულია არა იმის წინააღმდეგ, "რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ძალას თავისი წვრილმანი ვნებების უერთგულეს დასაყრდენად იყენებს ამ ვნებებზე გათვლილი საზოგადოებრივი მორალის დასაკანონებლად განსხვავებულ ადამიანთან, პიროვნულობის საწყისებთან ბრძოლაში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლექსის ირონიასავით ჟღერდა, პაატა შამუგიას მაინც ვკითხეთ, რას ფიქრობს იგი ღმერთზე და რწმენაზე, საერთოდ, და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამბავი თანამედროვე შემოქმედისათვის.
შამუგიამ გვითხრა:
"არ ვიცი, ვისი აზრია, მაგრამ არსებობს ასეთი გამონათქვამი, რომ ყველაზე ერთგული მორწმუნეები ათეისტები გამოდიან საბოლოოდ. რა თქმა უნდა, პარადოქსული აზრი არის, თუმცა პოეზია პარადოქსების გარეშე არ არსებობს. საკუთრივ მე როგორ ვუყურებ რწმენას? რწმენა არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, - რწმენა, იმედი და ასეთი ღირებულებები, - რაზეც დგას ადამიანი. არა აქვს მნიშვნელობა, მე მწამს თუ არა ღმერთის, კონკრეტულად რაღაც ისეთის, აბსტრაქტულის, ან ვიღაცისთვის ძალიანაც რეალურის. მე პატივს ვცემ ნებისმიერ რწმენას, ეს ერთი. მე არ ვარ მორწმუნე, ეს მეორე, მაგრამ იმის თქმაც, რომ არ ხარ მორწმუნე, არის ძალიან სადავო რამ, იმიტომ რომ არსებობს ბევრი ისეთი ღირებულება, რომლისაც მწამს, რომელიც არ ვიცი მე, ანუ არ შემიძლია ის დავამტკიცო ვერც აქსიომურად, ჰიპოთეტურადაც კი არ შემიძლია მასზე ვიმსჯელო, მაგრამ მე მჯერა, რომ ის არის. მაგალითად, მჯერა, რომ არსებობს სიყვარული. მწამს, რომ არსებობს სიყვარული და ეს რომ არ არსებობდეს, მაგალითად, ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. მწამს, რომ არსებობს მეგობრობა და ეს არის უმაღლესი იდეალი ჩემს ცხოვრებაში“.
უცნაურია, მაგრამ პაატა შამუგიას ნათქვამმა ისევ ,,ვეფხისტყაოსანი“ გამახსენა, უფრო სწორად, თემა, რომელსაც ერთხანს გვაწერინებდნენ ხოლმე სასკოლო დავალებად: ,,სიყვარული და მეგობრობა ,,ვეფხისტყაოსანში“. ეს თემა მოდიოდა ხოლმე მისაღებ გამოცდებზეც.
არ ვიცი, რა ნიშანს დაუწერდნენ, პაატა შამუგიას რომ ეს თემა დაეწერა, მაგრამ ვფიქრობ, მისი "დაუჯდომელი“ - სხვათა შორის, ლიტერატურული პრემია "საბას“ შარშანწინდელი ლაურეატი - უყოყმანო ფრიადს იმსახურებს.