Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოთი გარტონ ეში ევროკავშირის მომავალზე


ტიმოთი გარტონ ეში
ტიმოთი გარტონ ეში
ტიმოთი გარტონ-ეში ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალია. ის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის ისტორიას იკვლევს და ამ სფეროში არაერთი წიგნის ავტორია. ბრიუსელში 16 მარტს გამართული ყოველწლიური კონფერენციის მსვლელობისას, რომელსაც გერმანიის მარშალის ფონდი მართავს ხოლმე და რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის - ასევე ევროპის - გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები, საქმიანი და ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მეცნიერს ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რიჩარდ იოსვიაკი ესაუბრა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთისკენ გაფართოება საჭიროა, აუცილებელია თვითონ ბლოკისთვის, რადგან მისი წილი მსოფლიო მოსახლეობასა და ეკონომიკაში მცირდება. ამისთვის გვჭირდება გაფართოება, ისეთი დიდი ქვეყნების შემოერთება, როგორიც უკრაინა და თურქეთია. გარტონ-ეშის ლოგიკით, როცა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა სულ უფრო ძლიერდებიან, დასავლეთ ევროპის წილი კი მცირდება, სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპას გაფართოება უნდა სურდეს. რადიო თავისუფლებამ ჰკითხა ბრიტანელ მკვლევარს რუსეთთან ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობის შესახებ, რასაც გარტონ-ეში რუსეთის მიერ საკუთარი როლის განსაზღვრასთან აკავშირებს:

„რუსეთმა იმპერია დაკარგა, მაგრამ ჯერ ვერ მიუგნია საკუთარი როლისთვის. რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს რომ იყოს, და ბრიტანეთის მაგალითით ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება. იმპერიის დაკარგვა ძნელია და რუსეთის შემთხვევაში ეს ძალიან სწრაფად, იმდენად გასაოცრად სწრაფად მოხდა, რომ, შეიძლება ითქვას, მშვიდობიანი გზით განხორციელდა, ამ ქვეყანას არ უომია. როცა რუსეთი გაარკვევს, რა სურს რომ იყოს, ალტერნატიული ცივილიზაციის იმპერია თუ მეტ-ნაკლებად ნორმალური ევრაზიული სახელმწიფო, ჩვენც შევძლებთ გავარკვიოთ, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ამ ქვეყანასთან შორეულ პერსპექტივაში. ჩემი აზრით, ეს ახლო მომავალში ერთ-ერთი განსაკუთრებული ურთიერთობა იქნება.“

გარტონ ეში განმარტავს ამ საგანგებო ურთიერთობის არსს და ამბობს, არავინ იცის, როგორი უნდა იყოს ის, რადგან, ცხადია, აქ არ იგულიხმება ევროკავშირის წევრობა, თვითონ რუსეთი ამას არ ესწრაფვის, თურქეთისგან განსხვავებითო. გარტონ ეში შეგვახსენებს, რომ არაერთმა ქვეყანამ გაიარა ევროპასთან ურთიერთობის გარკვეული ფაზა და შემდეგ გახდა ევროკავშირის წევრი:

„ესაა, რაც თურქეთის მიმართებით უნდა გაგვეკეთებინა, და ესაა, რაც უნდა მოხდეს შორეული პერსპექტივით უკრაინის შემთხვევაში. რაც არ შეგვიმუშავებია, ეს არის მნიშვნელოვან მეზობლებთან ურთიერთობა, რომელიც წევრობით არ მთავრდება.“

რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა შენიშნა ამ ინტერვიუში, რომ მისი თანამოსაუბრე ხშირად ახსენებს უკრაინას, თურქეთს, მაგრამ არ ეხება ევროკავშირსა და რუსეთს შორის მდებარე ქვეყნებს - ბელორუსიას, მოლდავეთს, სომხეთს, საქართველოს. როგორ გესახებათ მათი მომავალიო, ჰკითხა რიჩარდ იოსვიაკმა ტიმოთი გარტონ ეშს:

„თუ შორეულ პერსპექტივაზე მეკითხებით, პასუხი იოლია. ეს არიან ქვეყნები, რომლებიც რაც უფრო თავისუფლები იქნებიან, მით უფრო გაეზრდებათ სურვილი გაწევრიანდნენ ევროკავშირში. როცა ისინი შეასრულებენ ევროკავშირის წევრობის პირობებს, ისინი შეუერთდებიან კიდეც მას. ვვარაუდობ, რომ ეს 20-25 წელიწადში უპრობლემოდ მოხდება. უფრო რთულია ფასეულობების საკითხი. მათგან მუდამ მოვითხოვთ, გახდნენ ლიბერალური დემოკრატიის მოდელი, უზრუნველყონ კანონის უზენაესობა, რომ მედია იყოს თავისუფალი, ჰქონდეთ მოქმედი საბაზრო ეკონომიკა და ასე შემდეგ. და თუ ევროპის კავშირში მიმოიხედავთ, თუ თვალს შეავლებთ უნგრეთს, რა ხდება იქ, და იმავე ბერლუსკონის იტალიას, გაგიჩნდებათ კითხვა: ორმაგი სტანდარტებით ხომ არ ვხელმძღვანელობთ? მეტაფორა რომ გამოვიყენოთ, ასე ვიტყოდი: სანამ შემოგვიერთდებით, მოვითხოვთ იყოთ ევროპული მოდელი, და როცა გაწევრიანდებით, უმძიმესი დანაშაულიც კი შეგრჩებათ“.

ევროზე, ევროზონის კრიზისზე გარტონ ეში ფიქრობს, რომ ევროპა ამ რთულ პერიოდს გადაიტანს, მაგრამ საკითხავი ისაა, რის ხარჯზე მოხდება ესო, ამბობს ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი, რომელიც სამხრეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით შენიშნავს, რა სირთულეების გადატანაც მათ უწევთ, ხუთი-ათი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, ამიტომაც ხდება იქ პოლიტიკის რადიკალიზაციაო.

დაბოლოს, უფრო გლობალური ხასიათის შეკითხვას, ვდგავართ თუ არა, ასე ვთქვათ, აზიური ეპოქის დასაწყისში, სუსტდება თუ არა ევროატლანტიკური ალიანსის გავლენა მრავალპოლარულ სამყაროში, ტიმოთი გარტონ ეში ასე უპასუხებს:

„ამერიკა შედარებით დასუსტდა, თუმცა - არა სრულიად. ჩვენი გამოწვევა საერთაშორისო ასპარეზზე არის ისეთი მსოფლიო წესრიგის მიგნება, სადაც არ იქნება ერთი ჰეგემონი. რამდენადაც აზია არ არის სახელმწიფო და მთელი სამყაროს მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენს, არ შეიძლება აზიურ ეპოქაზე ლაპარაკი ისე, როგორც ვიმსჯელებდით ამერიკის, ევროპის თუ ბრიტანეთის ეპოქაზე. ეს იმიტომ, რომ აზია თვითონ არის უზარმაზარი სახელმწიფოების ნაკრები და მათ ერთმანეთთან ძალიან, ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვთ“.
XS
SM
MD
LG