ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მან პროვოკაციების საფრთხეზე ისაუბრა. სანაკოევის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის, სანაკოევის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან. ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია მოლაპარაკების მონაწილეებს გადასცა, ჟურნალისტებთან საუბარში კი ინფორმაციის წყარო არ დაუკონკრეტებია:
„პანკისის ხეობაში ხდება კონცენტრაცია მეომრების, რომლებიც აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია „ ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აქტიურად იბრძოდნენ სირიაში. ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე და მათი თავდასხმის ობიექტები შეიძლება გახდნენ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ან, სულაც, საქართველოს პატრულის წარმომადგენლები. მათ ასევე შესაძლოა გაიტაცონ მშვიდობიანი მოქალაქეები ან ცეცხლი გაუხსნან მათ. ისინი, ჩვენ როგორც გვესმის, მიზნად ისახავენ ვითარების დაძაბვას საზღვარზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის ფონზე. და ეს ყველაფერი, ჩვენი ინფორმაციით, მოახლოებულ საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისთვის მზადდება“.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ქართული სოფლების თავზე რუსული სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდა, ცხინვალის სამხედრო ბაზაზე კი ჯარისკაცების სამხედრო წვრთნები საცეცხლე მომზადებაში დაიწყო.
დავით სანაკოევის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ქართველი სამართალდამცავები პანკისში ვითარებას აკონტროლებენ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ქართულმა მხარემ 61-ე შეხვედრაზე საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის ფაქტები გააპროტესტა. გარდა ამისა, საუბარი ბოლო დროს დაკავებულთა საკითხებსაც შეეხო. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს 5 მოქალაქე ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მხარეებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებიც განიხილეს.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აღნიშნული მექანიზმების აღდგენას, რომელიც შექმნილი იყო 2010 წელს და 2013 წელს დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივით აღნიშნული მექანიზმების მუშაობა ჩაიშალა. ასე რომ, თუ აღნიშნული მექანიზმები განახლდება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით...ირაკლი ბერაია
ერგნეთის შეხვედრა ერთი შეთანხმებით დასრულდა. მხარეების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სამმხრივი მექანიზმის აღდგენას. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა სამმხრივი მექანიზმი, რომელშიც „წითელი ჯვრის“ კომიტეტის, საქართველოსა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები შედიოდნენ. სამუშაო ჯგუფის წევრები მხოლოდ უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და ომის დროს დაღუპულთა გადმოსვენების საკითხებს განიხილავდნენ. ამ მექანიზმმა 2010-დან 2013 წლამდე იმუშავა, დღევანდელ შეხვედრაზე კი მისი აღდგენა გადაწყდა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომ ქართული მხარე თანახმაა ფორმატი, რომელიც 2 წლის წინ ოსური მხარის წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა, აღდგეს:
„ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აღნიშნული მექანიზმების აღდგენას, რომელიც შექმნილი იყო 2010 წელს და 2013 წელს დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივით აღნიშნული მექანიზმების მუშაობა ჩაიშალა. ასე რომ, თუ აღნიშნული მექანიზმები განახლდება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“.
წლის ბოლო შეხვედრა მხარეებმა დამდეგი შობა-ახალი წლის მილოცვით დაასრულეს. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.