Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია ”თავისუფალი ბიზნესისათვის” საქართველოში ბიზნესგარემოს მონიტორინგს შეუდგა


ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეიდან საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხელშეწყობის პროექტის განხორციელებას შეუდგება. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”მწვანე ალტერნატივა”, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მონიტორინგის პროცესში იმ ფაქტორებს შეისწავლის, რომლებიც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას აფერხებს. ელიტური კორუფციის შემთხვევები, კერძო კომპანიებზე ზეწოლის ფაქტები, სახელმწიფო ტენდერების პროცესში არსებული პრობლემები, საგადასახადო სისტემა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის პრაქტიკა - ამ და სხვა სფეროების შესწავლის შემდეგ არასამთავრობო სექტორი რეკომენდაციებს წარუდგენს როგორც ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

კოალიციის ”თავისუფალი ბიზნესისათვის” წევრი ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ საქართველოში ბიზნესის წამოწყება, თუ მასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცედურებით ვიმსჯელებთ, ერთი შეხედვით, ადვილი და შესაძლებელია. თუმცა პრობლემები ბიზნესის წამოწყებისთანავე იჩენს თავს. ამ პრობლემების წინ წამოწევასა და ბიზნესში არსებული რეალური ვითარების გამოკვეთას შეეცდება სხვადასხვა სფეროში მომუშავე ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ერთ-ერთი სამიზნე მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობა იქნება. საქართველოში ამ ფუნქციის მქონე არაერთი ორგანო არსებობს. ზოგიერთი მათგანის შესახებ ბიზნესმენები მხოლოდ მას შემდეგ იგებენ, როდესაც სოლიდური ჯარიმის გადახდა უწევთ, შენიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ეკონომიკური კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე:

”ძალიან ხშირია ბიზნესმენებისათვის არაადეკვატური ჯარიმების დაკისრების ფაქტები: შესაძლოა ბიზნესის წლიური ბრუნვა იყოს ასჯერ ნაკლები, ვიდრე მასზე დაკისრებული ჯარიმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სერიოზული წინაღობაა ბიზნესის განვითარებისთვის, რადგან ის, რაც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო სამოქალაქო დავის გზით, ჩვენთან მაშინვე საპატიმრო სასჯელის შეფარდებით სრულდება. ეს კი, ჩვენი შეფასებით, ასევე სერიოზული წინაღობაა ბიზნესისათვის.”

მეორე პრობლემა, რომელსაც ნინო ევგენიძე გამოყოფს, სახელმწიფოს მიერ ბიზნესმენის როლის მორგებაა. ამის თქმის საფუძველს კი მას ქვეყნის შიდა პროდუქტთან მიმართებით სახელმწიფო დანახარჯების 30%-იანი მაჩვენებელი აძლევს:
ნინო ევგენიძე
ნინო ევგენიძე

”როცა სახელმწიფო ბიზნესმენის როლში გამოდის, იქ თავისუფალ კონკურენციაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან მაგ დროს კაპიტალური დანახარჯების, დიდი თანხების მობილიზება ისეთ ფონდებში ხდება, რომელთა საქმიანობა გამჭვირვალე არ არის.”

ანტიკორუფციული თემატიკის კვლევა დღემდე უცხო არც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის“ ყოფილა. სულ ახლახან მათ საზოგადოებას რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის ხარჯვითი ნაწილის მონიტორინგის შედეგები გააცნეს. ახალი კოალიციის პირობებშიც საია შეისწავლის სახელმწიფოს მიერ შექმნილი კერძო ფონდების საქმიანობას, ბიზნესში თანამდებობის პირების მონაწილეობის საკითხებს და მედიაკომპანიებში არსებულ ბიზნესინტერესებს, ასევე გარე ვაჭრობის სფეროში არსებულ პრობლემებს. საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, კანონი მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ არ აღმოჩნდა საკმარისი ეჭვების გასაფანტად. კითხვაზე, თუ რა თანხმებით ფინანსდება რეალურად მედიასაშუალებები, დღემდე ნათელი პასუხი არ არსებობს:

”ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამართულობისა, სახელმწიფო ამ კანონმდებლობას გვერდს უვლის და პირდაპირ აფორმებს კონტრაქტებს კომპანიებთან, რაც აშკარად არ უწყობს ხელს კონკურენტული გარემოს შექმნას.”

ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივის” გამადიდებელი შუშის ქვეშ მოექცევა ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი - უფრო კონკრეტულად კი, წიაღითა და ტყით სარგებლობა და ჰიდროენერგეტიკა, - შენიშნავს ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი. გარდა ამისა, მონიტორინგი მოიცავს ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული საწარმოების პრივატიზების პროცესის კვლევას, ლიცენზიების გაცემაზე დაკვირვებას:
ჩვენ დავინტერესდებით ვინ დგას ამ ბიზნესის უკან, რატომ არის ეს კონკრეტული ბიზნესმენი წარმატებული. ეს ხდება იმიტომ, რომ მას ეფექტური სტრატეგია აქვს, თუ იმიტომ, რომ მას კონკრეტული სახელმწიფო მოხელე - ან სულაც სახელმწიფო - ეხმარება...
ეკა გიგაური

”რამდენიმე მაგალითის დასახელებაც კმარა არცთუ შორეული წარსულიდან - მაგალითად, თბილისის წყლის პრივატიზების პროცესი ან მადნეულის პრივატიზების პროცესი. ამ დროს, როგორც წესი, მფლობელები არიან ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მაგალითად, თბილისის წყლის პრივატიზების დროს ტენდერში დაფიქსირებულ თანხასა და ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას შორის განსხვავება იყო ასი მილიონი. ცხადია, მსგავსი დეტალები უამრავ კითხვას აჩენს.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეეცდება პასუხი გასცეს კითხვას, „ვის ეკუთვნის საქართველო“. სწორედ ეს სათაური ექნება წიგნს, რომელშიც ორგანიზაცია მიმოიხილავს, თუ ვინ დგას საქათველოში დიდი ბიზნესების უკან.

”ჩვენ დავინტერესდებით ვინ დგას ამ ბიზნესის უკან, რატომ არის ეს კონკრეტული ბიზნესმენი წარმატებული. ეს ხდება იმიტომ, რომ მას ეფექტური სტრატეგია აქვს, თუ იმიტომ, რომ მას კონკრეტული სახელმწიფო მოხელე - ან სულაც სახელმწიფო - ეხმარება”, - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

შემდგომი ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის კვლევის შედეგები ერთ შემაჯამებელ პუბლიკაციაში გაერთიანდება, თუმცა მანამდე, საინტერესო აღმოჩენების შემთხვევაში, ოთხივე ორგანიზაცია საზოგადოებას მოპოვებულ ინფორმაციას მიაწვდის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG