20 აგვისტოს, ღამით, ორი ადამიანი დაიკარგა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო. დარიალჰესის მშენებლობაზე მომუშავე საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები, სავარაუდოდ, ჰესის ტექნიკურ გვირაბში ჩარჩნენ. სტიქიური უბედურების შედეგად, ასევე ჩაიხერგა რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და დაზიანდა ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი, რომლითაც სომხეთი ბუნებრივი აირით მარაგდებოდა. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე მეწყერი მეორედ ჩამოწვა. 2014 წლის 17 მაისს სტიქიურმა უბედურებამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 17 მაისის მსგავსად, ამჯერადაც მეწყერი ჩამოწვა დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და დევდორაკის შეერთების უბანზე, ღვარცოფის გავლისას. მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, დევდორაკის ხეობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მოზვავდა სამი თვის წინ მომხდარი ღვარცოფულ-მეწყერული მოვლენების შედეგად დარჩენილი ინერტული მასა:
„მყინვარზე ახალი კერები არ არის, თუმცა დარჩენილია ნაშალი მასა 17 მაისს მომხდარი სტიქიური უბედურებიდან. თუ იქნება უხვი ნალექი, მაშინ შესაძლებელია, რომ კიდევ ჩამოვიდეს ღვარცოფი, ანუ წყალში გარეული ხრეშოვანი მასა“.
გზის აღნიშნული მონაკვეთი საკმაოდ დაზიანებულია, ისევე როგორც საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი...ლევან ღირსიაშვილი
სტიქიური უბუდურებით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად დარიალის ხეობაში ჩავიდნენ მთავრობის წევრები. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლის ლევან ღირსიაშვილის თქმით, ღვარცოფულმა მასამ ამოავსო თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც წყალი და ნაშალი მასა გადავიდა 17 მაისის შემდგომ მოწყობილ დროებით საავტომობილო გზაზე:
„გზის აღნიშნული მონაკვეთი საკმაოდ დაზიანებულია, ისევე როგორც საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. დაზიანებულია მშენებარე ჰესი, დაზიანების მასშტაბი დგინდება. ამ დროისთვის უცნობია ორი პიროვნების ადგილსამყოფელი. სტიქიის დადგომის მომენტისთვის ერთი საქართველოსა და მეორე, თურქეთის მოქალაქე, მშენებარე ჰესის ტექნიკურ გვირაბში იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები ადგილზე არიან მობილიზებულნი და მას შემდეგ, რაც წყლის დონე გვირაბში დაიკლებს, მყისიერად დაიწყება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია“.
დევდორაკი არის თერგის მარცხენა შენაკადი, რომელსაც აქვს ძალიან დაქანებული კალაპოტი, ხოლო მის სათავეში უხვად არის დაშლილი ქანები. ეს ქანები სიმძიმის ძალით ჩამოდის ქვევით და გროვდება. როდესაც წყალი დაგუბდება სათავეში, ეს ღვარცოფი იწყებს ქვევით მოძრაობას...ოთარ დუდაური
ლევან ღირსიაშვილის თქმით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აშენდა დამბა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ნაკადის შეჩერებას და საავტომობილო გზის დაცვას. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, დარიალის ხეობაში ღვარცოფი და მეწყერის ჩამოწოლა მოულოდნელი არ ყოფილა არც გეოლოგებისა და არც ეკოლოგებისთვის. გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ ოთარ დუდაურის თქმით, თერგისა და დევდორაკის ბუნებიდან გამომდინარე, დარიალის ხეობაში ყოველგვარი მშენებლობა - მით უფრო, მდინარის კლაპოტის შევიწროება - გაუმართლებელია და სტიქიური უბედურების მასშტაბის გაზრდის წინაპირობას ქმნის.
„დევდორაკი არის თერგის მარცხენა შენაკადი, რომელსაც აქვს ძალიან დაქანებული კალაპოტი, ხოლო მის სათავეში უხვად არის დაშლილი ქანები. ეს ქანები სიმძიმის ძალით ჩამოდის ქვევით და გროვდება. როდესაც წყალი დაგუბდება სათავეში, ეს ღვარცოფი იწყებს ქვევით მოძრაობას. ამავდროულად, დნება სათავესთან მდებარე მყინვარი. ეს წყალიც გუბდება და რაც ხეობაში მოდის, არის წყლის, ღორღის, ქვისა და ტალახის ნაკადი“, უთხრა ოთარ დუდაურმა რადიო თავისუფლებას.
ადგილი, სადაც ეს ჰესები შენდება, არასწორადაა შერჩეული წინასწარი კვლევების დროს, ანუ გარემოს ზემოქმედების შეფასება ჩატარდა არასწორად და, შესაბამისად, ეს ობიექტები დაიგეგმა არასწორად...ირაკლი მაჭარაშვილი
ოთარ დუდაურის თქმით, ეს ნაკადი ჩადის თერგის ხეობაში და აგუბებს მდინარეს, რაც ხშირად ხდება სტიქიური უბედურების მიზეზი. ქართველ მეცნიერებს აღრიცხული აქვთ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევები 1776 წლიდან:
„განსაკუთრებული კატასტროფა მოჰყვა 1832 წლის 13 აგვისტოს დევდორაკის ადიდებას. დილის 4 საათზე მოხდა ეს. 8 საათის განმავლობაში დააგუბა თერგი და კაშხალი რომ გაარღვია, ყველაფერი წალეკა, რაც გზად შეხვდა. დიდი მსხვერპლი იყო“.
თერგის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებდნენ გარემოს დამცველებიც. ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ლარსი-ჰესის სათავე ნაგებობა და დარიალ-ჰესის სადერივაციო გვირაბის პორტალი განთავსებულია მდინარეების დევდორაკისა (იმავე ამალის) და თერგის შესართავთან, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ჰესების მშენებლობა-მუშაობას, ასევე იქ დასაქმებულ პერსონალსაც.
„ადგილი, სადაც ეს ჰესები შენდება, არასწორადაა შერჩეული წინასწარი კვლევების დროს, ანუ გარემოს ზემოქმედების შეფასება ჩატარდა არასწორად და, შესაბამისად, ეს ობიექტები დაიგეგმა არასწორად. იმისათვის, რომ მაქსიმალური მოგება - ანუ, თეორიულად, მაქსიმალური სიმძლავრე - მიეღოთ, გვირაბი გააკეთეს მაქსიმალურად ქვემოთ დარიალის ხეობაში და აღმოჩნდა მდინარე დევდორაკის პირდაპირ. ამიტომაც ორჯერ დაეჯახა მეწყერი სადერივაციო გვირაბის პორტალს. ასეთი რამ ყოველთვის მოხდება“, უთხრა ირაკლი მაჭარაშვილმა რადიო თავისუფლებას.
მეცნიერთა ნაწილი ასევე აკრიტიკებს მთავრობას იმის გამო, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორია გააფართოეს თერგის ხეობის ხარჯზე, რამაც ასევე გაზარდა მდინარის შეგუბებისა და სტიქიური უბედურების რისკი. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში იმედოვნებენ, რომ მაქსიმალურად მცირე დროში მოხერხდება როგორც ორ კილომეტრზე ჩახერგილი საავტომობილო გზის გაწმენდა, ასევე გაზსადენის დაზიანებული უბნის აღდგენა.