Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ნაბიჯი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის


9 დეკემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში მოქმედი კერძო კომპანიების ხელმძღვანელებსა და ბიზნესმენებს გააცნო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. 7 ნაბიჯი ქალთა უფლებების გაფართოებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ შემუშავებული ერთგვარი სახელმძღვანელოა კერძო ბიზნესკომპანიებისათვის. მიზანი ერთია - მეტი ქალი ბიზნესში, მეტი ქალი ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ინიციატივას ასეც ჰქვია: „ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპები: თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ“.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შვიდი პრინციპით მსოფლიოში უკვე რვაასი კერძო კომპანია სარგებლობს, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და მოჰყავს სამი არგუმენტი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მეტი ქალი იყოს წარმატებული ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესი და ეკონომიკა:

„პირველ რიგში, ყველა ბიზნესს სჭირდება გამოცდილი, ნიჭიერი და განათლებული ხალხი, ზოგადი ტენდენცია კიარაერთ საზოგადოებაში და, მათ შორის, საქართველოშიც აჩვენებს, რომ ქალები უმეტესად განათლებულები არიან, მათ ხშირად აქვთ ზოგადი განათლება, რისი გამოუყენებლობაც არ არის კარგი იდეა. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც უნდა იყვნენ ქალები წარმოდგენილი მმართველ რგოლში, ისაა, რომ მოსაზრებების, მიდგომების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს მაშინ, როცა კაცები, როგორც წესი, ძალიან რისკიანები არიან, მოკლევადიან მიზნებზე ორიენტირებულები, ქალები კი, პირიქით, უფრო გრძელვადიან პერსპერქტივაში ხედავენ ყველაფერს და მდგრად განვითარებაზე აკეთებენ აქცენტს, რაც ყველა კომპანიისათვის მნიშვნელოვანია. დაბოლოს, ქალები საქართველოში მოსახლეობის 53%-ს წარმოადგენენ, შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილებების 80%-ს სწორედ ისინი იღებენ. ვფიქრობ, ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია“.

ეს პრინციპები ასევე შეეხება ქალების დაწინაურებას, დეკრეტული შვებულების შემდეგ მათ დაბრუნებას ძველ პოზიციაზე და დახმარებას, თუკი რამეში ჩამორჩნენ, პოლიტიკის ქონას სექსუალური ნიშნით შევიწროების თავლსაზრისით; გულისხმობს სოციალურ პასუხისმგებლობას...
თამარ საბედაშვილი

ის 7 სახელმძღვანელო პრინციპი კი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კერძო კომპანიებს შესთავაზა, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის თამარ საბედაშვილის თქმით, მოიცავს ბიზნესში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, არადისკრიმინაციული მიდგომების დამკვიდრებას. ამ ინიციატივის გაზიარება და საკუთარი კომპანიის პოლიტიკის ნაწილად ქცევა ბიზნესმენების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული:

„ეს პრინციპები ასევე შეეხება ქალების დაწინაურებას, დეკრეტული შვებულების შემდეგ მათ დაბრუნებას ძველ პოზიციაზე და დახმარებას, თუკი რამეში ჩამორჩნენ, პოლიტიკის ქონას სექსუალური ნიშნით შევიწროების თავლსაზრისით; გულისხმობს სოციალურ პასუხისმგებლობას, როდესაც კომპანია აფინანსებს ქალთა სწავლებას; ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გარკვეულ ღონისძიებებს; ეხმარება მსხვერპლს, ყურადღებას უთმობს საბავშვო ბაღების მშენებლობას; ფსიქოლოგიურ თანადგომას სთავაზობს თანამშრომლებს განურჩევლად სქესისა და, განსაკუთრებით, ქალებს მათთვის რთულ დროს და, მეშვიდე, ბოლო პრინციპი არის უშუალოდ მონიტორინგი იმისა, თუ რა გაკეთდა, რას მიაღწია ამ კონკრეტულმა კომპანიამ“.

გაეროს მიერ მომზადებული ბუკლეტები
გაეროს მიერ მომზადებული ბუკლეტები

უფრო კონკრეტულად ამ ინიციატივის შემადგენელი შვიდი პრინციპი გულისხმობს: 1) ძლიერი კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბებას გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად; 2) თითოეული ქალისა და მამაკაცისადმი სამართლიან დამოკიდებულებას სამსახურში - ადამიანის უფლებების დაცვისა და არადიკსრიმინაციული მიდგომის პატივისცემასა და მხარდაჭერას; 3) თითოეული ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას; 4) ქალთა განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; 5) საწარმოს განვითარებაში, მიმწოდებელთა ქსელსა და მარკეტინგულ საქმიანობაში ისეთი ინსტრუმენტების დანერგვას, რომლებიც გააფართოებს ქალთა უფლებებს; 6) თანასწორობის ხელშეწყობას საზოგადოებრივი ინიციატივებისა და ადვოკატირების გზით და 7) პროგრესის გაზომვასა და საჯარო ანგარიშგებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

იმ რამდენიმე კაცს შორის, რომელიც 9 დეკემბერს გამართულ ამ შვიდსაფეხურიანი სახელმძღვანელოს პრეზენტაციას ესწრებოდა, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც. მისი თქმით, სხვადასხვა გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ქალების ჩართულობითა და წარმომადგენლობის გაზრდით განვითარებად ქვეყნებში შესაძლებელია მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა საშუალოდ 15-35%-ით,თუმცა, მისივე თქმით, საქართველო პარადოქსების ქვეყანაა და სხვა გზას ირჩევს.

ეს არის დაახლოებით 800 მილიონი დოლარი. ეს არის საქართველოს ეკონომიკისთვის სპილენძის, სამკურნალო საშუალებების, ხორბლისა და შაქრის იმპორტი, ერთად აღებული; ეს არის ფერადშენადნობის, თხილის, ღვინისა და მინარელური წყლის ექსპორტი...
გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძემ 90-იანი წლები გაიხსენა, როდესაც უცხოეთში სამსახურის შოვნის მიზნით ქვეყანა არაერთმა ქალმა დატოვა და მათი უმრავლესობა დღესაც ისევ ამ გზით - უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით - არჩენს საქართველოში დატოვებულ ოჯახს. ქალის ამ გამოკვეთილი როლის მიუხედავად, საქართველოში ქალთა მონაწილეობა, მათი წარმომადგენლობა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ჯერ ისევ ძალიან დაბალია. ამ ფონზე საინტერესოა ჩავხედოთ ციფრებს, თუ რამდენია სწორედ ქალების წილი უცხოეთიდან საქართველოში გამოშვებულ ჯამურ გზავნილებში:

„ეს არის დაახლოებით 800 მილიონი დოლარი. ეს არის საქართველოს ეკონომიკისთვის სპილენძის, სამკურნალო საშუალებების, ხორბლისა და შაქრის იმპორტი, ერთად აღებული; ეს არის ფერადშენადნობის, თხილის, ღვინისა და მინარელური წყლის ექსპორტი, ასევე, ერთად აღებული; ეს არის ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ბიუჯეტი, ერთად აღებული; ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთი წლის მთლიანი საპენსიო ფონდი“.

მიუხედავად ამისა, ამბობს გიორგი ქადაგიძე, საქართველოში ქალთა მონაწილეობასა და, ზოგადად, ქალის როლთან დაკავშირებული დაუძლეველი სტერეოტიპები ისევ არსებობს, რომლებიც, მისი თქმით, ყალიბდება ჯერ ოჯახში, შემდეგ სკოლასა და უნივერსიტეტებში:

„პრაქტიკულად ყველგან ვაწყდებით ამ მიდგომებს, ფსევდოღირებულებებით და ხშირად არასწორი რელიგიური კომპონენტით დატვირთულს. ჩემი აზრით, პირველი ნაბიჯი პრობლემის აღიარებაა - იმის თქმა, რომ ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს“.

იმის ხაზგასასმელად, თუ რა ვითარებაა საქართველოში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ერიკა კვაპილოვამ ამავე შეხვედრაზე 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის ანგარიშიც მოიშველია.

სწორედ ეს ადამიანები მიიჩნევიან წარმატებულებად, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, რადგან ბავშვობიდან მხოლოდ ბიჭებს ეუბნებიან, რომ ის ბიზნესმენი უნდა გამოვიდეს და ქალი საქმოსნის მოდელი საერთოდ არ არსებობს. ეს პრობლემა თავიდანვე განათლებას უკავშირდება...
ნინო ზამბახიძე

ამ ანგარიშის თანახმად, 142 ქვეყნიდან პირველ ადგილზე გადის ის ქვეყანა, რომელშიც ზოგადი მდგომარეობა გენდერული ბალანსის მხრივ საუკეთესოა. წლევანდელი მაჩვენებლით, საქართველომ მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა და შარშანდელი 86-ე ადგილიდან 85-ზე გადავიდა. ერიკა კვაპილოვას შეფასებით, ეს კარგიცაა და ცუდიც, რადგან, ერთი მხრივ, არსებობს სივრცე ამ მაჩვენებლის გამოსწორებისა და წინსვლისათვის, მეორე მხრივ კი, ეს მაჩვენებელი არ არის საუკეთესო პოზიცია მსოფლიოში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შეთავაზებულ პრინციპებს მიესალმება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თავადაც მეწარმე, ნინო ზამბახიძე. თუმცა პარალელურად იმ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელთა წინაშე რეგიონში მცხოვრები ქალები დგანან - განსაკუთრებით კი ისინი, ვინც საკუთარი საქმის წამოწყებას გადაწყვეტს. ნინო ზამბახიძე ფიქრობს, რომ წარმატებული კარიერისათვის საქართველოში ქალებს სხვა წარმატებული ქალების მაგალითები სჭირდებათ. ასეთი მაგალითები კი ქვეყანაში ან თითქმის არ არსებობს, ან ქალი წარმატებული ხდები იმ შემთხვევაში, თუ არის წარმატებული მამის შვილი ან წარმატებული ბიზნესმენის მეუღლე:

ნინო ზამბახიძე
ნინო ზამბახიძე

„სწორედ ეს ადამიანები მიიჩნევიან წარმატებულებად, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, რადგან ბავშვობიდან მხოლოდ ბიჭებს ეუბნებიან, რომ ის ბიზნესმენი უნდა გამოვიდეს და ქალი საქმოსნის მოდელი საერთოდ არ არსებობს. ეს პრობლემა თავიდანვე განათლებას უკავშირდება. ეს კულტურული მემკვიდრეობაცაა, რომელიც გვერგო, მშობლების არასწორი მიდგომა, თუნდაც იმ კუთხით, რომ განათლება უნდა მიიღოს ბიჭმა და გოგო უნდა გათხოვდეს, რომ სახლი არის ბიჭის და გოგო უნდა გათხოვდეს და ა.შ.“.

როგორია ასეთი დამოკიდებულების ან, უფრო სწორად, უკვე კულტურაში გადასული ასეთი მიდგომის შედეგი რეალურ ცხოვრებაში?

„ქალები, რომლებიც ქონების გარეშე გათხოვდნენ, რადგან ოჯახმა მემკვიდრეობა ვაჟს მიანიჭა, დარჩნენ, ფაქტობრივად, ქმრების შემყურე. მათ არ ჰქონდათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება, არც წასასვლელი და ყველა დამცირებას იტანდნენ. ეს განსაკუთრებით რეგიონებში შეინიშნება, ვიდრე ქალაქში. და მეორე და მთავარი: ქალები, რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთარი ქონება, ვერ იღებენ ბანკიდან სესხს, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ. მაგალითად, სოფლის მეურნეობის კუთხით - 15 000 მსესხებლიდან მხოლოდ 340 იყო ქალი. აქედან 225 იყო სომეხი და აზერბაიჯანელი ქალი, რომლებსაც სესხი მიეცათ“.

რომ გადავხედოთ საერთო სურათს, ქალებისათვის ბიზნესი არის სილამაზის სალონები, მაღაზიები, სადაც ისინი ტანსაცმელს ყიდიან, საცხობები, ფერმა... აქტიურად ქალები ფინანსურ ინსტიტუტებში წარმოდგენილები არ არიან...
ნინო ზამბახიძე

ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ თუ დღეს რომელიმე რეგიონში რომელიმე ქალი ან ქალთა ჯგუფი მოტივირებული და წარმატებულია, ეს მხოლოდ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურებაა და არა კერძო სექტორის. დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში, ნინოს შეფასებით, კიდევ არ ჩანს, რა უჭირთ ქალებს სოფლებში, რა უნარ-ჩვევების შეძენა სჭირდებათ მათ იმისათვის, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ. სოფლებში ამ უნარ-ჩვევების ნაკლებობა ძალიან აშკარა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ამავე რეგიონებში ქალები ყოველთვის მამაკაცებზე უფრო მეტ საქმეს აკეთებდნენ, ცნობილები ისინი ამის გამო არასოდეს გამხდარან. ისიც საინტერესოა, რა მიიჩნევა საქართველოში „ქალების საქმედ“:

„რომ გადავხედოთ საერთო სურათს, ქალებისათვის ბიზნესი არის სილამაზის სალონები, მაღაზიები, სადაც ისინი ტანსაცმელს ყიდიან, საცხობები, ფერმა... აქტიურად ქალები ფინანსურ ინსტიტუტებში წარმოდგენილები არ არიან, წარმოდგენილი რამდენიმე გამონაკლისის გარდა. არადა, რატომაც არა? რატომ არა ქალები? მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალი, რომელსაც ოჯახის მართვა შეუძლია,შეძლებს მართოს ნებისმიერი ბიზნესიც“.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ბიზნესლიდერს, დაფიქრდნენ ქალების შესაძლებლობებზე, შეცვალონ თავიანთი კუთვნილი კომპანიების პოლიტიკა და ქალებს მისცენ თავის უკეთესად წარმოჩენის შანსი. მათი მაგალითი შეიძლება გადამდებიც აღმოჩნდეს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG