Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელრთვა - ისტორიისა და ხელნაწერის მშვენება


„ხელმოწერა - ძალა ისტორიასა და სამართალში“ - ასე ჰქვია ორენოვან ილუსტრირებულ ალბომს, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უზენაესი სასამართლოს ძალისხმევით გამოიცა. ალბომში შესულია ხელნაწერთა ცენტრში დაცული სხვადასხვა ისტორიული საბუთი, რომელთაგან უძველესები მე-11 საუკუნით თარიღდება. ალბომი კარგად წარმოაჩენს ქართული სახელმწიფოებრიობისა და ხელრთვის (ხელმოწერის), როგორც სახელმწიფოს მიერ გაცემული აქტების ლეგიტიმაციის, ისტორიას, ასევე ქართული ხელნაწერი კულტურის სიმდიდრესა და მრავალმხრივობას. საინტერესოა, როგორ გამოიყურება გრაფიკულად თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალისა და სხვა ქართველი სახელმწიფო თუ რელიგიური მოღვაწეების ხელმოწერები და რა შინაარსისაა ის სიგელ-გუჯრები, რომლებსაც მათი ხელრთვები ამშვენებს.

ალბომი, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ისტორიული საბუთების კოლექციის მიხედვითაა შედგენილი, გამოიცა უზენაეს სასამართლოში გახსნილი გამოფენის ფარგლებში. მზია სურგულაძეს, ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და ალბომის შემდგენელს, გამოფენის ერთ-ერთ ექსპონატთან მივყავართ:

„ეს არის ბაგრატ მეოთხის სიგელი, მისი განჩინებაა... ორი მონასტერი დავობს მიწაზე. აღწერილია მთელი პროცედურა, თუ როგორ ირჩევა საქმე... მოწვეული არიან საბჭოს წევრები... ძალიან საინტერესო დოკუმენტია“.

მზია სურგულაძის თქმით, იურიდიული საბუთების შედგენის პრაქტიკა საქართველოში ადრეული შუა საუკუნეებიდან იყო გავრცელებული, მაგრამ პოლიტიკური კატაკლიზმებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო მათი დიდი უმრავლესობა დაიღუპა. ჩვენამდე მოღწეულთაგან კი უადრესია მე-11 საუკუნის ხუთიოდე საბუთი, რომელთაგან დედანი მხოლოდ სამია: ბაგრატ მეოთხის ორი და გიორგი მეორის ერთი სიგელი. მზია სურგულაძე გვიყვება გამოფენის კიდევ ერთ ექსპონატზე - მეფის ხელისუფლებისა და სამეფო კარის წესდებულებაზე, რომელშიც აღწერილია მეფისა და სხვა მოხელეების უფლება-მოვალეობანი, ვაზირობისა და დარბაზობის წესრიგი, აგრეთვე დიდი დღესასწაულების წესები. დეტალურადაა აღწერილი მეფის მორთვა-მოკაზმვისა და საპატიო პირთა მიღების პროცედურა:

„ეს არის მე-13 საუკუნის ბოლოს შედგენილი „ხელმწიფის კარის გარიგება“ და გვაქვს მხოლოდ ასლი, რომელიც იპოვა ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წელს, როცა დადიოდა სოფელ-სოფელ, კარდაკარ, ოჯახებში, ეკლესიებში და აგროვებდა ამ უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტებს. „ხელმწიფის კარის გარიგების“ ასლი კი იპოვა ნაგავში...“

მზია სურგულაძე
მზია სურგულაძე

მზია სურგულაძის თქმით, ამ და სხვა ისტორიული საბუთების აუცილებელი ატრიბუტია ხელრთვა - თანამედროვე ტერმინოლოგიით, განსაკუთრებული კალიგრაფიით შესრულებული ხელმოწერა. ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, საჯარო თუ კერძო სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირები მას ხელს მოაწერენ, ანუ, როგორც ძველად იტყოდნენ, „ხელს ჩაურთავენ“. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბუბა კუდავას თქმით, ხელრთვათა გავრცელების ხარისხი დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი ცხოვრების მარეგულირებელ ძალებთან - ძალაუფლებასა და ეკლესიასთან.

„ისტორიულ დოკუმენტებს, როგორც წესი, ერთოდა ხოლმე ასეთი ხელრთვები და არა მხოლოდ ერთი პირის, - უზენაესი ხელისუფლის, ანუ მეფის, - არამედ სხვა მოხელეებისაც, კათოლიკოს-პატრიარქისაც, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ დოკუმენტს ეძლეოდა შესაბამისი იურიდიული ძალა. ასეთმა დოკუმენტებმა შემოგვინახა თამარ მეფის შემორჩენილი ერთადერთი ავტოგრაფი, ასევე გიორგი მესამის, ლაშა-გიორგის... რაც უფრო აქეთ მოვდივართ, უფრო მეტია ასეთი ნიმუში - მაგალითად, ლუარსაბ მეფის, სიმონ მეფის, ერეკლე მეორის...“, უთხრა ბუბა კუდავამ რადიო თავისუფლებას.

ბუბა კუდავა
ბუბა კუდავა

ბუბა კუდავას თქმით, უძველესი პერიოდის სამეფო კანცელარია, სამწუხაროდ, ვერ გადაურჩა განადგურებას. შესაბამისად, ძირითადად შემოგვრჩა მონასტრებისათვის შეწირული სიგელები:

„მაგალითად, ერთი ასეთი დოკუმენტი (1189 წ.) გახლავთ თამარ მეფის ხელმოწერით... ამ დოკუმენტით ჭიაბერ მანდატურთუხუცესი სწირავს ორ ოჯახს ჟინვალიდან შიომღვიმის მონასტერს. ვინაიდან ჟინვალიც სამეფო ქალაქი იყო, ხოლო შიომღვიმე - სამეფო მონასტერი, საჭირო იყო მეფის თანხმობა... ამიტომ ამ სიგელის თავში თამარ მეფის ხელრთვაა. საუკუნეების განმავლობაში ხელრთვა არ იყო მხოლოდ სახელი, იყო მთელი ტექსტი, დაახლოებით ასეთი ფორმის: მე ამასა და ამას დამიმტკიცებია და ა.შ. ზემოთ ნახსენებ სიგელში თამარის ხელმოწერა ასეთია: „ესე მანდატურთუხუცესისგან შეწირული განაჩენი ჩემგანცა მტკიცეა“.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი კი მიიჩნევს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები და ალბომში შეტანილი სიგელ-გუჯრები ქართული სახელმწიფოს მდიდარ ტრადიციებსა და მაღალ სამართლებრივ კულტურაზე მიუთითებს:

„ჩვენ გვაქვს სამართლის ძალიან დიდი ხნის ისტორია, მაგრამ ჩვენამდე ვერ მოაღწია მე-10 საუკუნეზე ადრინდელმა დოკუმენტებმა, თუმცა ის, რაც გადარჩა, ნამდვილად უნიკალური განძია. მაგალითად, უაღრესად შამბეჭდავია ის, თუ როგორ აწერს ხელს გიორგი ბრწყინვალე“.

გიორგი ბრწყინვალის ხელრთვა-დამტკიცება
გიორგი ბრწყინვალის ხელრთვა-დამტკიცება

გიორგი ბრწყინვალის ხელრთვა-დამტკიცება, რომელიც ახლავს 1339 წლით დათარიღებულ შალვა მეაბჯრეთუხუცესისათვის ბოძებულ სიგელს, მართლაც შთამბეჭდავია თავისი უაღრესად დატვირთული გრაფიკული ელემენტებით. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლის მზია სურგულაძის თქმით, საჭიროა სპეციალური ცოდნა და მეცნიერული ალღო, რათა გაერკვე გიორგი ბრწყინვალის ხელრთვის მოხაზულობასა და ლაბირინთებში.

„ჩვენ, მეცნიერებს, დროთა განმავლობაში ალღო გვიმუშავდება და მუშაობის პროცესში თითქოს ვიჭერთ ძაფის ბოლოს, სადაც დასრულდა ეს ხელრთვა... იმდენი ხვეულია, ამასთან, ზოგი ორნამენტული, ზოგი კი, უბრალოდ, ლაბირინთში შეგიყვანს იმისათვის, რომ იქიდან ვეღარ გამოხვიდე. ასეთი გართულება ხელრთვების გრაფიკისა დაიწყო დაახლოებით მე-14 საუკუნიდან და, როგორც ჩანს, ამით ხაზი ესმებოდა მეფის განსაკუთრებულობას და, გარდა ამისა, ხელმოწერის გაყალბების შესაძლებლობასაც ამცირებდა“, უთხრა მზია სურგულაძემ რადიო თავისუფლებას.

ცხადია, რომ ხელრთვების ავტორები ზრუნავდნენ ხელმოწერის გარეგნულ მხარეზეც და ცდილობდნენ მათთვის მიენიჭებინათ ორიგინალური და ესთეტიკურად მიმზიდველი სახე. ისტორიკოს მიხეილ ბახტაძის თქმით, კალიგრაფიული ნიმუშისა და, მით უფრო, ხელმოწერათა გაშიფვრა-შესწავლით შესაძლებელია პიროვნების ხასიათის თავისებურებებში გარკვევა და მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა:

„ამ ხელრთვაში, თუ როგორ აწერს ის ხელს, შეიძლება გარკვეულწილად დაინახო მისი პიროვნება, როგორია ის... მაგალითად, გიორგი მეორის ხელრთვას რომ ნახავთ, ისეთი ლამაზი, ბეჯითი ბავშვივით გამოყვანილი ხელწერა აქვს და ხვდები, რომ ესაა მშვიდი კაცი, რომელიც არ შეიძლება იყოს მკაცრი და გახსენდება, რომ მას ფეოდალები აუჯანყდნენ, მან კი ისინი არ დასაჯა, პირიქით, მიწები დაურიგა... გიორგი ბრწყინვალის ხელმოწერას რომ ნახავ, მიხვდები, რომ ის იყო მიზანმიმართული და მკაცრი...“

ამასთან, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ხელრთვათა გავრცელებულობა საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია და მეტყველებს როგორც პოლიტიკური კულტურით მდიდარ ისტორიაზე, ასევე მარლთმსაჯულების ძლიერ ფესვებზეც. ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის თქმით, საქართველოს მაგალითზე ამას ადასტურებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ძველი დოკუმენტები, სიგელ-გუჯრები, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალისა და ვახტანგ მეექვსის (სჯულმდებლად წოდებულის) მოღვაწეობა; “გარიგება ხელმწიფის კარისა“ და ბექა-აღბუღას სამართალი. ამასთან, გიორგი ოთხმეზურის შენიშვნით, ქართული მართლმსაჯულება შედარებით ჰუმანური იყო და არ გამოიყენებდა დასჯისა და წამების ისეთ სასტიკ ფორმებს, როგორსაც მიმართავდნენ თანადროულ ეპოქაში აზიასა და, თუნდაც, ევროპაში:

გიორგი ოთხმეზური
გიორგი ოთხმეზური

„მეექვსე საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი წერს, ლაზებს კანონებით მოწესრიგებული სახელმწიფო აქვთო. რაც შეეხება დასჯის ფორმებს, ბუნებრივია, იყო დასჯის სხვადასხვა ფორმები... მაგალითად, დავით აღმაშენებელს ჯარში სილაჩრის გამოჩენისათვის არ ჰქონდა ფიზიკური სასჯელი. სასჯელის ფორმა იყო „სადედოთა ტანსაცმლითა შთაცუმითა“ შერცხვენა, ანუ ქალის ტანსაცმელს ჩააცმევდნენ და ჯარიდან გააგდებდნენ. ერთი სიტყვით, საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ჩვენთან სამართალი და, რაც მთავარია, ჩვენი სამართალი იდგა კანონიერების სადარაჯოზე, რა თქმა უნდა, ფეოდალური საზოგადოების შესაბამისად, მაგრამ ყველა ეტაპზე ეს სამართალი ასევე იცავდა ყველაზე დაბალი ფენის - გლეხობის - ინტერესებსაც“.

გიორგი ოთხმეზურის თქმით, რომ არა ისტორიული და სტიქიური კატაკლიზმები, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მართლმსაჯულების ისტორია უფრო თვალსაჩინოდ იქნებოდა წარმოდგენილი, მაგრამ ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს (პირველ მსოფლიო ომს გასარიდებლად) ტფილისიდან ჩრდილო კავკასიაში გატანილი მეფისნაცვლის არქივი, რომელშიც ქართული ისტორიული საბუთების ათასობით დედანი იყო დაცული, სამოქალაქო ომის დროს განადგურდა. ქართული სიგელ-გუჯრების მცირე ნაწილის მოძიება და გადარჩენა შეძლო ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა სარგის კაკაბაძემ, რომელმაც 1924 წელს საგანგებოდ მოიარა ჩრდილო კავკასიის მუზეუმები და არქივები, შეკრიბა ქართული საისტორიო მასალის გადარჩენილი მცირე ნაწილი და სამშობლოში დააბრუნა. მოძიებულ საბუთთა შორის აღმოჩნდა დავით აღმაშენებლის ანდერძისა და თამარის სიგელის მცირე ფრაგმენტები. რაც შეეხება ხელრთვებს, როგორც მზია სურგულაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამბობს, ხელრთვამ დროთა განმავლობაში მხატვრული დეკორის ფუნქცია შეიძინა და საბუთების გაფორმების მხატვრული სისტემის ნაწილი გახდა, მე-16 საუკუნიდან კი ხმარებაში შემოვიდა ბეჭედი, რომელიც ხელრთვასთან ერთად დაისმოდა. ხელრთვის მსგავსად, არც ბეჭდის წარწერა შემოიფარგლებოდა მხოლოდ სახელით. მაგალითად, ერეკლე მეორის ბეჭდის წარწერა ასეთი ყოფილა: „მე ფეხგანბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე“, გიორგი მეთორმეტის ბეჭედზე კი ვკითხულობთ:

“სიმდაბლით ჩვენთვის გარდამოსულსა,
იესოს ვაქებ ღმერთკაცსა სრულსა“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG