Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზარალებულებს შეუძლიათ დაასჯევინონ 2008 წლის ომში დამნაშავეები


არასამთავრობო სექტორი დახმარებას ჰპირდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, რათა მათი ხმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისწვდეს. ჰააგის ტრიბუნალისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა უკვე დაიწყო 13 ოქტომბერს, როდესაც პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს (2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდის) გამოძიების დაწყების ნებართვის თხოვნით მიმართა. 15 ოქტომბერს კი პროკურორი ბენსუდა თბილისს ესტუმრამთელი რიგი შეხვედრების გასამართად და, მათ შორის, დაზარალებულებთან შესახვედრად. თუკი გამოძიების პროცესი დაიწყება, დაზარალებულთა ხელთ არსებული ინფორმაცია ითამაშებს გადამწყვეტ როლს იმ კონკრეტული პირების - და, მათ შორის, მაღალჩინოსნების - დასასჯელად, რომლებმაც 2008 წელს საქართველოში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ჩაიდინეს. როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ ისტორიული შანსი?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე დაიწყო დაზარალებულთა ისტორიების თავმოყრისა და მათთვის იურიდიული დახმარების გაწევის პროცესი იმისათვის, რომ დადგენილიყო სიმართლე საერთაშორისო სასამართლოებში – სტრასბურგსა თუ ჰააგაში. თუმცა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე დაიწყო ლაპარაკი და შესაბამისი ნებართვისთვის მოსამართლეებსაც მიმართა, საიამ ახლებურად გააქტიურების აუცილებლობა დაინახა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ჩვენი რადიოს საშუალებით მოუწოდებს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, რომ ეფექტიანად გამოიყენონ სიმართლის დადგენისა და დამნაშავეთა გამოვლენა-დასჯის ისტორიული შანსი:

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შესაძლოა ფლობდეს მნიშვნელოვან ინფორმაციას სასამართლოსთვის, არის ღირებული და მას შემდეგ, რაც უფრო ნათელი გახდება, დაიწყება თუ არა გამოძიება, საია გააკეთებს ყველაფერს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში (გამოვიყენებთ როგორც თბილისის ოფისს, ასევე რეგიონულ ოფისებს, მათ შორის – გორში) იმისათვის, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ ჩვენამდე და ჩვენ შევძლოთ მათი ხმის ჰააგამდე მიტანა, ანდა მათ დავეხმაროთ ჰააგაში ჩასვლაში, რომ მათი ხმა იქნეს მოსმენილი შესაბამისი პირების მხრიდან“.

წინასასამართლო პალატამ შესაძლოა დაზარალებულებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და, საჭიროების შემთხვევაში, გამართოს ზეპირი მოსმენაც კი. პროკურორის შუამდგომლობის თაობაზე გადაწყვეტილება პალატის მიერ ეცნობება დაზარალებულებს...

პირველ ეტაპზე დაზარალებულებს მხოლოდ გამოძიების დაწყების ნების გამოხატვა მოეთხოვებათ. 30-დღიან ვადაში, რომლის ათვლაც 13 ოქტომბრიდან დაიწყო, დაზარალებულებმა – დამოუკიდებლად ანდა თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების დახმარებით – ხმა უნდა მიაწვდინონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ ისინი გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავენ. როგორც ჰააგის სასამართლოს ოფიციალური ვებსაიტი - მათ შორის, ქართულ ენაზეც - იტყობინება, ასეთი ნების გამოხატვა დაზარალებულებს წერილობითი ფორმით მოეთხოვებათ. ამავე ვებსაიტზე მითითებულია შესაბამისი საფოსტო მისამართი ჰააგაში და ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი. იქვე განმარტებულია შემდგომი პროცედურებიც:

„წინასასამართლო პალატამ შესაძლოა დაზარალებულებს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა და, საჭიროების შემთხვევაში, გამართოს ზეპირი მოსმენაც კი. პროკურორის შუამდგომლობის თაობაზე გადაწყვეტილება პალატის მიერ ეცნობება დაზარალებულებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეები გასცემენ სანქციას პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე, დაზარალებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები და საჩივრები წარმოადგინონ სამართალწარმოების პროცესში, შემდგომ ეტაპზე კი მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება (რეპარაცია)“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მსგავსად, პროცესში აქტიურობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მალევე დაიწყეს დაზარალებული ადამიანების პრობლემებზე მუშაობა. მაგალითად, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი აღნიშნავს, ორგანიზაცია შეეცდება, რომდაუკავშირდეს მის ბაზაში აღრიცხულ ასობით დაზარალებულს და მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებით.

შეიძლება ბევრ ადამიანს ეგონოს, რომ მათი ყველა უფლება სწრაფად აღდგება, დაიბრუნებენ სახლებს და ასე შემდეგ... ეს შეიძლება ასე არ მოხდეს. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საკმაოდ ვრცელი პროცესი იქნება და აქ საუბარია დაახლოებით 10–15 წელიწადზე...
ნიკა ჯეირანაშვილი

როგორც „ ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერმა ნიკა ჯეირანაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საჭიროა მასშტაბური მუშაობა იმისათვის, რომ დაზარალებულებმა დაძლიონ შიში და ამ კუთხით მედიასაც ჰმართებს სიფრთხილე, რათა არ გასაჯაროვდეს ამა თუ იმ სავარაუდო მოწმის ვინაობა, რომლის მონათხრობზე დაყრდნობითაც შესაძლოა გამოძიებამ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და, შესაბამისად, დამნაშავეებიც გამოავლინოს. ნიკა ჯეირანაშვილის აზრით, იმავდროულად, საჭიროა ზომიერების დაცვა, რათა დაზარალებულებს გადაჭარბებული მოლოდინი არ შეექმნათ:

„შეიძლება ბევრ ადამიანს ეგონოს, რომ მათი ყველა უფლება სწრაფად აღდგება, დაიბრუნებენ სახლებს და ასე შემდეგ... ეს შეიძლება ასე არ მოხდეს. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს საკმაოდ ვრცელი პროცესი იქნება და აქ საუბარია დაახლოებით 10–15 წელიწადზე... შესაბამისად, ამ ადამიანებს არ უნდა ეგონით, რომ უცბათ, ძალიან მალე მათთვის ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ მათ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, კარგი იქნება, თუკი ისინი ამ ინფორმაციას სასამართლოს მიაწვდიან და შემდეგ უკვე, იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარიმართება პროცესი, შესაძლოა სასამართლომ და, ზოგადად, სახელმწიფომიფიქრონ, თუ როგორ აღუდგინონ ამ ადამიანებს თავიანთი უფლებები“.

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები საქართველოს მაღალ სტუმარს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას, 16 ოქტომბერს შეხვდებიან. პროკურორი მე–3 სექტორის გარდა, შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და, წინასწარი ინფორმაციით, შედგება ასევე შეხვედრები დაზარალებულებთან.

არასამთავრობო სექტორი დარწმუნებულია, რომ ქართულ მხარეს მაქსიმალური მობილიზება ჰმართებს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება ხელი შეუშალოს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში დაწყებულ პროცესებს. ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენელმა უკვე აღნიშნა მოსკოვში, რომ რუსეთი ვალდებული არ არის გაიზიაროს ჰააგის სასამართლოს მოთხოვნები, რადგანაც ქვეყანა არ არის რომის სტატუტის მონაწილე. როგორც 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადებით ირკვევა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილო დარჩა ჰააგის პროკურორის მიერ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, რომ რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, ჩართული იყვნენ ქართველთა ეთნიკური ნიშნით დევნაში. რუსეთის საგარეო უწყება თვლის, რომ ყველაფერი საქართველოს იმდროინდელ მაღალჩინოსნებს უნდა დაბრალდეთ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG