Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო „მწვანე ბარათის“ გათამაშება


აშშ-ის მთავრობის მიერ მოწყობილი საიმიგრაციო ვიზის ლატარეის მოგებულებს რამდენიმე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ამერიკაში ემიგრირების და მუშაობის ნებართვა ეძლევათ.

1 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ე.წ. „მწვანე ბარათის“ გათამაშება დაიწყო. ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად აწყობს საიმიგრაციო ვიზის ლატარეას, რომლის საშუალებითაც უცხოეთის გამარჯვებულ მოქალაქეებს, რომლებიც მოგების შემდეგ შერჩევის რამდენიმე ეტაპს გადიან, შეერთებულ შტატებში ოფიციალურად ემიგრირების საშუალება ეძლევა.

„მწვანე ბარათის" მიღების უფლება ამერიკის მოქალაქეების ოჯახის წევრებსაც აქვთ. ზოგჯერ ის შეერთებულ შტატებში სამსახურის შეთავაზების საფუძველზეც გაიცემა და განსაკუთრებულ შემთხვევებში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებსაც გადაეცემა. ბარათის ფლობა ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეობას არ ნიშნავს, თუმცა მფლობელებს შეერთებულ შტატებში ცხოვრების და მუშაობის უფლება ეძლევათ. მათ უცხოეთში მოგზაურობის საშუალებაც აქვთ.

გათამაშების შესახებ კანონი აშშ-ის კონგრესმა ჯერ კიდევ 1990 წელს დაამტკიცა. გამარჯვებულებს კომპიუტერული პროგრამა ავლენს, საბუთების შევსება კი ბოლო წლებში მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს. ყოველწლიურად „მწვანე ბარათს“ 50 ათასამდე ადამიანი იგებს. წელს და შარშან გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ მიეცა 19 ქვეყანას, რადგან ამ ქვეყნებიდან შეერთებულ შტატებში ერთ წელიწადში იმიგრირებული ადამიანების რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.

მონაწილეობის მოთხოვნები მინიმალურია. მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მონაწილეობის მსურველს მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე 12-წლიანი საშუალო განათლება. ეს მოთხოვნები ბარათის მოგების შემთხვევაში მისი საბოლოო დაუფლების გარანტია არ არის. გათამაშებაში მოგებული ადამიანები შეერთებული შტატების კანონმდებლობით გათვალისწინებულ რამდენიმე სხვა წინაპირობასაც უნდა აკმაყოფილებდნენ, რომლებთანაც შესაბამისობა მოგების შემდეგ რამდენიმე ეტაპად ხდება.

„მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოგების მსურველებს დაბეჯითებით ურჩევს, არ გამოიყენონ კერძო კომპანიების ფასიანი დახმარება და თავად შეავსონ საბუთები. თუმცა, მოგებულები, ვინც შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადასვლას გეგმავენ, მზად უნდა იყვნენ სერიოზული ხარჯებისთვის. მათ თავად უნდა დაფარონ სავიზო მომსახურების, მგზავრობის, ცხოვრების და ახალ ქვეყანაში გადასვლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. ამერიკის მთავრობა მოგებულებს არც ბინით და არც სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფას არ ჰპირდება.

გათამაშებაში მონაწილეობას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღებს. 2010 წელს მოგების მსურველთა რაოდენობამ 15 მილიონი შეადგინა. წლევანდელი ლატარეის შევსების და გაგზავნის პერიოდი 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულები 2015 წლის მაისში გამოვლინდებიან. მათი სახელები სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე 5 მაისიდან 30 ივნისამდე განთავსდება. მოგებულთან ერთად „მწვანე ბარათის“ ფლობის კანდიდატები გახდებიან მხოლოდ მისი კანონიერი მეუღლე და 21 წლამდე ასაკის შვილები.

XS
SM
MD
LG