12 სექტემბერს საზოგადოება „თბილისელის“ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა „დემოგრაფიული ფონდის განვითარების“ პრეზიდენტი ლევან ვასაძე და განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია იმისა, რომ საგანი „მე და საზოგადოება“ შეტანილ იქნეს სასკოლო პროგრამაში. მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ეს საგანი „ოჯახის სიმტკიცის, ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების და ღირებულებების დაცვის ნაცვლად სტანდარტი ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ასწავლის მრავალფეროვნებას, გენდერულ თანასწორობას, ყველა ფორმის განსხვავებლობის მიმღებლობას, ოჯახური კონფლიქტების გასაჯაროებას და მიზნის მისაღწევად როლური თამაშების მეთოდი შემოაქვს.“ აქამდე ამ საგნის შესახებ საჯარო განხილვების მოწყობას ითხოვდა საპატრიარქოს წმინდა სინოდი, ახლახან კი, „მაესტროს“ ეთერში, თავად ვასაძეს წამოსცდა, რომ ამ საკითხზე სამსჯელოდ საპატრიარქოში თურმე განათლების მინისტრიც დაუბარებიათ.
მართალია, განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ საგნის სწავლება არ გადადებულა და 2016-17 სასწავლოს წლისთვის მაინც იგეგმება, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფებიდან სამინისტროზე ზეწოლა დიდია.
მიზეზი, რატომაც ბევრს არ სურს ასეთი საგნის სასკოლო პროგრამაში შეტანა, დაუფარავად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავად ლევან ვასაძემ: საგანი მოსწავლეებს თანასწორობას ასწავლისო. ვასაძესა და მის თანამოაზრეებს კი, როგორც ჩანს, არ უნდათ თანასწორობა არც ერთი ფორმით, მათ შორის, არც გენდერული თანასწორობა. მათ ეშინიათ პრივილეგიების და საზოგადოებაზე თავიანთი გავლენის დაკარგვისა. თავის მხრივ, საპატრიარქოს, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად არ სურს, რომ ამ საგნის ფარგლებში მართლმადიდებელი ქრისტიანობა განიხილებოდეს, როგორც სხვა რელიგიების თანასწორი სარწმუნოება და ამიტომ ისიც იბრძოლებს თავისი ინტერესების დასაცავად (თუ ასეა, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს პოზიცია დამღუპველია).
ერთი სიტყვით, სამწუხაროდ, ის საზოგადოება ვართ, სადაც ყველაზე გავლენიანი საზოგადოებრივი ჯგუფები მიიჩნევენ, რომ თანასწორობა არ გვჭირდება და რომ ადამიანები თანასწორები არ არიან. ამის განხილვას აქ არ დავიწყებ, რადგან შეუძლებელია კამათი იმათთან, ვინც პირდაპირ აცხადებს, რომ არაფრად აგდებს კაცობრიობის ერთ-ერთ უზენაეს ღირებულებას.
ამ ბლოგში ყურადღებას უფრო იმაზე გავამახვილებ, რომ ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები არასწორ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას ბავშვთა უფლებების შესახებ. საზოგადოება „თბილისელის“ წინაშე გამოსვლაში ვასაძემ აღნიშნა, რომ ზემოთ ხსენებული საგანი ბავშვებს ასწავლის „ოჯახური კონფლიქტების გასაჯაროებას“ (სინამდვილეში, საგნის სწავლების ერთ-ერთი დეკლარირებული მიზანია ძალადობის საკითხებზე ბავშვების ინფორმირება. ვასაძის ლოგიკას თუ მივყვებით, გამოვა, რომ თუ ბავშვი ფიზიკური ან − კიდევ უარესი − სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, და ამას საჯაროდ განაცხადებს, ეს ოჯახური ფასეულობების შეურაცხყოფად ჩაითვლება.
სინამდვილეში, როდესაც ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ბავშვებზე ძალადობა (ინგლ. child abuse) და ბავშვების ფიზიკური დასჯა (ინგლ. corporal punishment). ამ ორს შორის ზღვარის გავლება ხშირად ძალზე რთულია, მაგრამ პირველი მათგანი თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში აკრძალულია, ხოლო მეორე მთელ რიგ ქვეყნებში დაშვებულია. უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ, თუ ბავშვს მშობელი ისეთ ფიზიკურ ზიანს აყენებს, რომ ეს მის სხეულზე აისახება ჭრილობებისა თუ დაჟეჟილობების სახით, ეს ფიზიკურ ძალადობად ითვლება, ხოლო თუ შედარებით მსუბუქ ძალას იყენებს (მაგ. მსუბუქად სილის დარტყმა), რომელიც ბავშვს სერიოზულ ფიზიკურ ზიანს არ მიაყენებს, ეს მთელ რიგ ქვეყნებში არ ისჯება.
უფრო თუ დავაზუსტებთ, ბავშვების ფიზიკური დასჯა ორ კონტექსტში განიხილება: შინ (მშობლების ან მეურვეების მიერ) და სკოლაში (მასწავლებლების მიერ). ევროპის მრავალ ქვეყანაში (მათ შორის გერმანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთში, დანიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, ესპანეთში და ა.შ.) ბავშვების ფიზიკური დასჯა ყველა კონტექსტში აკრძალულია, სხვა ქვეყნებში (მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში) სკოლაში ბავშვის ფიზიკურად დასჯა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, მაგრამ შინ მშობლებსა თუ კანონიერ მეურვეებს აქვთ უფლება, ბავშვი ფიზიკურად დასაჯონ, მისთვის სერიოზული ზიანის მიუყენებლად.
აშშ-ში საქმე უფრო რთულად არის: ამ ქვეყნის ყველა შტატში კანონიერად ითვლება ბავშვის ფიზიკურად დასჯა შინ, მაგრამ ზოგიერთ შტატში აკრძალულია ბავშვის დასჯა სკოლაში. მაგალითად, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში აკრძალულია ბავშვის დასჯა სკოლაში, ხოლო ტეხასსა და ფლორიდაში ეს დაშვებულია.
პირადად მე იმის მომხრე ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ბავშვების ფიზიკურად დასჯა ყველა კონტექსტში აიკრძალოს, ისე, როგორც ეს შვედეთში მოხდა 1979 წელს. თუმცა, მანამდე აუცილებელია ამ მიმართულებით მთელ რიგში ქვეყნებში მნიშვნელოვნად ამაღლდეს მშობლების ინფორმირებულობის დონე. საქართველოში სახელმწიფომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს საიმისოდ, რათა მთლიანად გამოირიცხოს ბავშვების ფიზიკურად დასჯა საჯარო ბაღებსა და სკოლებში და ამის უფლება მხოლოდ მშობლებს დაუტოვოს. პარალელურად, უნდა არსებობდეს მოქმედი მექანიზმი იმისა, რომ ბავშვებზე ძალადობა გამოირიცხოს ყველა კონტექსტში. იმ მშობლებს, რომლებიც თავიანთ შვილებს უმოწყალოდ სცემენ, ისინი უნდა ჩამოერთვათ.
რაც შეეხება, საგანს სახელწოდებით „მე და საზოგადოება“, ბავშვების უფლებებს ამ საგნის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებს უნდა წააკითხონ გაეროს „ბავშვების უფლებათა კონვენციის“ ადაპტირებული ვერსია და გააცნონ მათ მათივე უფლებები. ამ კონვენციაშიც ხაზგასმულია (და თითქმის ყველა პროგრესული ორგანიზაციაც ასე თვლის), რომ ბავშვის განვითარების საუკეთესო გარემო ოჯახია, მაგრამ როდესაც ოჯახი თავად ხდება მოძალადე, მაშინ ერთადერთი გამოსავალი მშობლებისგან ან მეურვეებისგან ბავშვის მოშორებაა. იმისათვის, რომ მივიღოთ თანასწორი საზოგადოება და არა ისეთი უთანასწორო, ძალადობრივი და უსამართლო, როგორიც ვასაძესა და მის თანამოაზრეებს სურთ, საჭიროა დავიწყოთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ და უსუსურ წევრთა უფლებების დაცვით.