წლების მანძილზე ქალთა შორის კიბოთი გარდაცვალების უმაღლესი მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში ძუძუს კიბოს ჰქონდა. ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელსაც ამერიკის კიბოს საზოგადოება აქვეყნებს, სტატისტიკა შეიცვალა და დღეს ქალებში კიბოთი გარდაცვალების უმთავრეს მიზეზად ფილტვის კიბო გვევლინება. ფილტვის კიბო შეერთებულ შტატებში მამაკაცების კიბოს სიკვდილიანობის შემთხვევებითაც პირველ ადგილზეა. მამაკაცებში მეორეა პროსტატის კიბო. თუმცა, გავრცელების მიხედვით, იმავე განვითარებულ ქვეყნებში ქალებში ძუძუს კიბო ლიდერობს, მამაკაცებში - პროსტატის.
აღნიშნულ ცვლილებას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით ხსნიან. მათ შორის წამყვანია თამბაქოს მოწევით გამოწვეული შედეგები და ქალების შემთხვევაში ძუძუს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისკენ მიმართული ქმედითი ღონისძიებები - აღნიშნავენ ამერიკის კიბოს საზოგადოების მკვლევარები. მათი ანგარიშის მიხედვით, განვითარებად ქვეყნებშიც ფილტვის კიბო მამაკაცებში სიკვდილიანობის მხრივ პირველ ადგილზეა. საერთოდ, იმის მიუხედავად, თუ დედამიწის რა ნაწილზეა საუბარი, ფილტვის კიბო მთელ მსოფლიოში დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება.
ამერიკის კიბოს საზოგადოება მეოცე საუკუნეში დედამიწის მოსახლეობაში ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდას თამბაქოს მოწევის, ან მისი კვამლის შესუნთქვის (ე.წ. მეორადი მოწევის) ზრდას უკავშირებს. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი პოზიტიური ხასიათის დინამიკაც: სიკვდილიანობის სტატისტიკა თანდათან მცირდება განვითარებულ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს მოწევის მეტად გაკონტროლება დაიწყო.
ქვეყნების მიხედვით ფილტვის კიბოს გამომწვევი დანარჩენი მიზეზები განსხვავებულია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში მეორე ადგილზეა მიწის ქანებიდან ამომავალი ბუნებრივი აირი სახელწოდებით რადონი, რომელიც ხშირად საცხოვრებელ შენობებში აღწევს. CDC - ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ფილტვის კიბოსთან დაკავშირებით შემდეგ რჩევას იძლევა: „ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება ფილტვის კიბოს რისკის შემცირებისთვის გაკეთდეს, ეს არის სიგარეტის მოწევაზე თავის დანებება და მეორადი მოწევისთვის თავის არიდება“.
იმაზე, თუ ორგანიზმისთვის სხვა რა სახის ზიანის მოტანა შეუძლია თამბაქოს მოწევას, ან მისი კვამლის შესუნთქვას და ასევე იმ მეთოდების შესახებ, რითაც განვითარებულ ქვეყნებში თამბაქოს მოწევის შემცირებისთვის იბრძვიან, „გალილეოს“ შემდეგ გამოშვებაში ვისაუბრებთ. და ბოლოს, კიბოსთან დაკავშირებით რამდენიმე საყურადღებო სტატისტიკურ მონაცემს გაგაცნობთ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ქვეყნდება (2015 წლის თებერვლის მონაცემები).
- თამბაქოს მოწევა ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, რომელიც ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 70 პროცენტის სიკვდილიანობას და სხვადასხვა სახის კიბოთი დაავადებულთა 20 პროცენტის დაღუპვას იწვევს
- საშუალოდ მესამედის სიკვდილიანობის მაჩვენებელი არასწორი ცხოვრების წესის და კვების რისკებს უკავშირდება: ჭარბ წონას, ხილ-ბოსტნეულის ნაკლებად მიღებას, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას, თამბაქოს მოწევას და ალკოჰოლის მიღებას
- მსოფლიოში საშუალოდ წელიწადში 14 მილიონი კიბოს ახალი დიაგნოზი ისმება და წელიწადში 8.2 მილიონი ადამიანის დაღუპვის ფაქტი აღირიცხება
- მომავალი 20 წლის განმავლობაში ახალი დიაგნოზების რაოდენობა დაახლოებით 70 პროცენტით გაიზრდება და 22 მილიონს მიაღწევს