Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უთანასწორო ბრძოლა ხელმისაწვდომი გარემოსთვის


თბილისში 10 ათასზე მეტი ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, არაადაპტირებული გარემოს გამო, ვერ ახერხებს შინიდან გასვლას და ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილებას. პანდუსების სიმცირის გარდა, პრობლემას ქმნის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესებს. ვითარების შეცვლის მიზნით, ორგანიზაციამ „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ მოამზადა პეტიცია, რომელიც თბილისის მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტაციისკენ მოუწოდებს. რას ითხოვენ და რა სირთულეებს აწყდებიან ქუჩაში ეტლით გამოსული მოქალაქეები?

32 წლის პაატა გოგშელიძემ სპინალური დაზიანება ათი წლის წინ მიიღო. შესაბამისად, წლებია, რაც გადაადგილებისათვის ეტლს იყენებს, თუმცა ეს გარემოება ხელს არ უშლის საზოგადოებრივ აქტიურობასა და შრომაში. მისი თქმით, რომ არა არაადაპტირებული გარემო, თვითრეალიზაციის მეტი შანსი ექნებოდა:

“ვმუშაობ, ადაპტირებულიც ვარ და ინტეგრირებულიც. უბრალოდ, გარემო არ არის შესაბამისად მოწყობილი, რომ ყველგან შევძლო მისვლა. მაგალითად, რომ დამჭირდეს კიბეებზე ასვლა, უნდა დამეხმაროს სამი-ოთხი ადამიანი... ასეთი რამ 21-ე საუკუნეში სირცხვილიც კია. პანდუსები არ არის არც ქუჩებში, არც აფთიაქებში, არც სასწავლებლებში, არც კვების ობიექტებში, არც კინოთეატრებში და ასე შემდეგ.“

პაატა გოგშელიძე, მეგობრებთან ერთად, რომლებიც გაერთიანებული არიან ორგანიზაციაში „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“, ასევე ჩივის არაადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო. ინვალიდობის მქონე რუსლან შავაძეც ამბობს, რომ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად ავტობუსში ასვლას, რის გამოც ან ტაქსით, ან მეგობრების დახმარებით სარგებლობა უწევს:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პითა სპორტული ღონისძიება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პითა სპორტული ღონისძიება
„სხვადასხვა უბნებიდან ვართ, მაგრამ ტრანსპორტის გამო ვერც ერთი ვერ ვახერხებთ გამოსვლას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს შესაბამისად ადაპტირებული ეტლებისთვის, რომ შევძლოთ დამოუკიდებლად მოძრაობა და იქ მისვლა, სადაც ჩვენ გაგვიხარდება.“

რუსლანი და ათამდე მისი მეგობარი 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე თბილისის მერიისათვის გასაგზავნ პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებდნენ. პროექტის მენეჯერის ნინო ბაიდაურის თქმით, არასრული ორი საათის განმავლობაში მოთხოვნას 300-ზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

„ორგანიზაციამ შეიმუშავა პეტიცია, რომელიც თბილისის მერიას მოუწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველასათვის. დღეიდან ვიწყებთ კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად“, უთხრა ნინო ბაიდაურმა რადიო თავისუფლებას. ხელმომწერთა შორის იყვნენ თეა ლომიძე და პაპუნა საჯაია.

თეა ლომიძე: „მოვაწერე ხელი იმას, რომ გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას თანაბარი. ამ შემთხვევაში საუბარია ავტობუსებზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა უფრო კომფორტულად იმგზავრონ. ვფიქრობ, ამ მოთხოვნის მხარდაჭერა ყველას ვალია!“

პაპუნა საჯაია: „თუ ევროპას ვუკავშირებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაშინ ყველაფერი შესაბამისად უნდა შეიცვალოს. ევროპაში გზა, ტრანსპორტი -ყველაფერი ადაპტირებულია. ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს?“
თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება არ იქნება ადაპტირებული, ხაზზე ერთი-ორი მაინც უნდა იყოს, რათა ჩვენ ვიცოდეთ მისი მოძრაობის დრო და გრაფიკი და ვისარგებლოთ ამით ...
მზია ქველაძე

თუმცა, არათუ მთელ ქვეყანაში, თბილისშიც კი ამგვარი რამ ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორი ქეთი ხუციშვილი იმ განსხვავებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის არსებობს:

„ეს იყო შვეიცარიაში. გამიჩნდა გრძნობა, რომ ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია ქუჩაში. პირველი რეაქცია იყო გაოცება: რატომ არის მათი რაოდენობა ასეთი დიდი? ჩემს ქვეყანაში ასეთი რამ არ მენახა და ასეთ რამეს ვერ ვხედავ დღესაც, იმიტომ რომ ეს ხალხი (ჩვენი მეგობრები, თანამოქალაქეები) ვერ ახერხებს ქუჩაში გამოსვლას და თუკი გამოდის, გამოდის ვინმეს დახმარებით - იქნება ეს მეგობარი თუ ოჯახის წევრი.“

ის, რომ საქართველოში გარემო და ინფრასტრუქტურა არათანაბარ პირობებში აყენებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთ, ზედმიწევნით კარგად იციან არასამთავრობო ორგანიზაციაში „მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის“, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მზია ქველაძე, წლების განმავლობაში ამაოდ იბრძვის ხელმისაწვდომი ტრანსპორტისათვის.

„თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება არ იქნება ადაპტირებული, ხაზზე ერთი-ორი მაინც უნდა იყოს, რათა ჩვენ ვიცოდეთ მისი მოძრაობის დრო და გრაფიკი და ვისარგებლოთ ამით. „ბოგდანის“ მარკის ყვითელი ავტობუსები რომ დადიან, მათ აქვთ სპეციალურად მოწყობილი უკანა ასასვლელი, საიდანაც უნდა გადმოდიოდეს პანდუსი, სადაც სამი ეტლის მოთავსება შეიძლება, მაგრამ რატომღაც ეს ავტობუსები არ გვემსახურება. ეგ კი არა, ავტობუსებს მკაცრი გრაფიკი რომ დაუწესდეს, ისე მცირე ხნით ყოვნდებიან გაჩერებებზე, რომ არათუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თვით ჯანმრთელი ადამიანებიც კი ვერ ასწრებენ ასვლას“, უთხრა მზია ქველაძემ რადიო თავისუფლებას.

მზია ქველაძე ასევე შეუერთდა პეტიციის ხელმომწერთა რიგებს, რომელთა რაოდენობა, აქციის ორგანიზატორთა თქმით, სულ მალე 3 ათასს მიაღწევს. ხელმოწერების შეგროვების პასუხად, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნები, რომლებსაც, სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის თქმით, მაქსიმალურად ითვალისწინებენ როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობის დროს, ასევე სატრანსპორტო საშუალებების შეძენისას:
ვებ–საიტზე არის განთავსებული ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება თვითონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ტრავმის შემდგომი პერიოდის იოლად გადატანაში ...
გიორგი ახმეტელი

„იმ შუქნიშნებზე, სადაც მოთხოვნილებაა, ვაყენებთ სპეციალურ ხმოვან სიგნალებს მხედველობაშეზღუდული ადამიანებისთვის. ასევე ტრანსპორტზეც. ნებისმიერ ავტობუსს, რომელსაც შევიძენთ, იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებებზე. პარალელურად, მზად ვართ იმ ავტობუსებზეც, რომლებიც დღეს დადიან ქალაქში, თუ რომელიმე მარშრუტზე იქნება მოთხოვნილება, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ამას და მოვაწყობთ სათანადოდ.“

თუმცა, ვიდრე ეს არ მომხდარა, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისა და გამხნევების მიზნით, გააკეთა ვებ-საიტი ERTAD.ORG, რომლის მიზანი, როგორც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ახმეტელი ამბობს, ხერხემლის დაზიანებისა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და გამოცდილების გაცვლაა. და კიდევ:

„ვებ–საიტზე არის განთავსებული ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება თვითონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ტრავმის შემდგომი პერიოდის იოლად გადატანაში. აქვეა ინფორმაცია თავის მოვლის შესახებ, ასევე ინფორმაცია დანარჩენი საზოგადოებისთვის: მშობლებისთვის, ახლობლებისთვის, რომლებიც ბევრ სარგებელს მიიღებენ თუ შევლენ მისამართზე WWW.ERTOBA.ORG“.

ვებ-საიტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე სთავაზობს პრაქტიკულ ინფორმაციას - ვიდეოვარჯიშებს დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის, ადაპტირებული ტრანსპორტით, პანდუსით და სხვა სერვისებით სარგებლობის წესებს, რათა, როგორც გიორგი ახმეტელი ამბობს, საზოგადოებას დაუბრუნდნენ ის ადამიანები, რომლებიც, უბედური შემთხვევის თუ სხვა გარემოების გამო, უსამართლოდ გაირიყნენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG