Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატის ხელფასი


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატის ხელფასების გაზრდას მოითხოვს და მიიჩნევს, რომ პარლამენტარებს საქართველოში ზოგიერთი უწყების დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე დაბალი ხელფასი აქვთ, რაც მათ შრომას არ შეესაბამება. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ხელზე 1600 ლარს იღებენ, ოპოზიცია კი ამბობს, რომ დეპუტატის ხელფასი გაცილებით მაღალია. რამდენია დღეს და უნდა გაიზარდოს თუ არა დეპუტატის ყოველთვიური შემოსავალი საქართველოში?

„2015 წლის პარლამენტის ბიუჯეტით გათვალისიწნებული იქნება თუ არა პარლამენტის წვერების ხელფასების ზრდა? მესმის, რომ არაპოპულარულ საკითხს ვეხები, ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკაში სახელისუფლებო ვერტიკალში ყველაზე დაბალი ხელფასი პარლამენტის წევრებს აქვთ, რაც სამართლიანად არ მიმაჩნია“, - პარლამენტარის ხელფასის შესაძლო გაზრდის შესახებ ეს შეკითხვა და მოსაზრებაც პარლამენტის უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს ეკუთვნის. ხელფასის გაზრდის საკითხით ქუცნაშვილი 24 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დაინტერესდა, როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა, პარლამენტს „2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი წარუდგინა (ცნობისათვის: პროექტით, პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის მოცულობა 2014 წლის ბიუჯეტის ანალოგიურია და იგი 52.91 მილიონ ლარს შეადგენს).

დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ ხელფასის გაზრდის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ, თუმცა, მისივე განმარტებით, არსებობს გარკვეული რეზერვი, რის ხარჯზეც ხელფასის მცირე ოდენობით გაზრდა შესაძლებელი იქნება. ონოფრიშვილიც იზიარებს აზრს, რომ დეპუტატების ხელფასი ბევრ უწყებაში დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელფასის ოდენობას ჩამოუვარდება:

„პარლამენტარის ხელფასი არის 2000 ლარი და ხელზე იღებს 1600 ლარს. პრემიები კი ჩვენი მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან, საერთოდ არ გაცემულა. საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნისათვის მეც მგონია, რომ დაბალი ხელფასია იმ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში, რაც პარლამენტარს და პარლამენტს გააჩნია“.

პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგალითად, აქვს 2000 ლარი ხელფასი, დანამატი აქვს 3905 ლარი. ჩეულებრივ პარლამენტის წევრს აქვს ხელფასი ასევე 2000 ლარი, ამას დამატებული 1790 ლარი - დანამატის სახით. რეალური ხელფასი პარლამენტარის არის 3790 ლარი - დაქვითვის გარეშე...
ლევან ალავიშვილი

ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პარლამენტარის ხელფასი გაცილებით მეტია 1600 ლარზე და მან ამის დასტურად საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხული ხელფასის რაოდენობა - 3444 ლარი დაასახელა.

რამდენია რეალურად საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ყოველთვიური შემოსავალი და უნდა გაიზარდოს თუ არა დეპუტატის ხელფასის ოდენობა? რადიო თავისუფლებამ ეს შეკითხვა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელს, პროექტ ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” ხელმძღვანელს, ლევან ავალიშვილს დაუსვა. მან გვითხრა, რომ 2013 წლიდან პარლამენტარები აღარ იღებენ პრემიებს, მაგრამ გაზრდილია ე.წ. სადეპუტატო დანამატის ოდენობა:

„პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგალითად, აქვს 2000 ლარი ხელფასი, დანამატი აქვს 3905 ლარი. ჩეულებრივ პარლამენტის წევრს აქვს ხელფასი ასევე 2000 ლარი, ამას დამატებული 1790 ლარი - დანამატის სახით. რეალური ხელფასი პარლამენტარის არის 3790 ლარი - დაქვითვის გარეშე. თავმჯდომარის მოადგილეს აქვს 5500 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარეს - 4635, უმრავლესობის ლიდერის მოადგილეს - 3970 და ა.შ. 1600 ლარი არც ერთ პარლამენტარს არა აქვს და ვერც ექნება, რადგან მისი შემოსავალი უნდა იანგარიშებოდეს: ხელფასი პლუს დანამატის ოდენობა. სწორედ ეს არის რეალურად მათი ანაზღაურება“.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დღეს დეპუტატებს საქართველოში ნორმალური ანაზღაურება აქვთ, თუმცა იმასაც უსვამენ ხაზს, რომ მათ კანონით სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ. რაც შეეხება საჯარო სექტორში დეპარტამენტთა უფროსების საშუალო ხელფასს, ლევან ავალიშვილი ამბობს, რომ ძირითადად მათი ხელფასის ოდენობა მერყეობს 2000-დან 3000 ლარამდე. ცხადია, აქ არ იგულისხმებიან მინისტრები.ზოგიერთი მოხელის ხელფასი კი 5 000 და 10 000 ლარსაც აღწევს:

2005 წლამდე საქართველოში შრომის ანაზღაურების ერთიანი ბადე არსებობდა, რომელიც დასაბუთებელ არგუმენტებზე დაყრდნობით აწესრიგებდა ხელფასებს თანამდებობების მიხედვით. იმიტომ რომ, ცხადია, როცა ადამიანს მეტი თანამდებობა და პასუხისმგებლობა აქვს, მისი ანაზღაურების დონე შედარებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე მისი თანამშრომლისა...
ციური ანთაძე

„ჩემი მოსაზრებით, პარლამენტარის ხელფასი დღეს არის საკმაოდ ნორმალური, დეპუტატობა არჩევითი თანამდებობაა და ადამიანებმა იციან რაზეც მიდიან, რასაც ირჩევენ. მათ აქვთ შემდეგ პენსია, ოატივი, ცნობადობა, სარგებლობენ სხვადასხვა ხარჯებით, სატელეფონო ხარჯი იქნება ეს თუ საწვავი და ა.შ.“.

როგორ გამოიყურება ამ დროს საქართველოს შრომის ბაზარი და რა არეგულირებს სახელფასო სისტემას? რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით ექსპერტს შრომისა და დასაქმების საკითხებში, ციური ანთაძეს მიმართა. მისთის გასაგებია ის არგუმენტი, რომ პარლამენტარის ხელფასი რომელიღაც სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელფასზე დაბალი არ უნდა იყოს, მაგრამ, ამავე დროს, ფიქრობს, რომ გამოსავალი უფრო მაღალი ხელფასის მქონე ჩინოვნიკთან სწორება და მით უმეტეს, შეჯიბრი არ უნდა იყოს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორში, შრომის ანაზღაურების თვალსაზრისით, ქაოტური ვითარებაა:

”2005 წლამდე საქართველოში შრომის ანაზღაურების ერთიანი ბადე არსებობდა, რომელიც დასაბუთებელ არგუმენტებზე დაყრდნობით აწესრიგებდა ხელფასებს თანამდებობების მიხედვით. იმიტომ რომ, ცხადია, როცა ადამიანს მეტი თანამდებობა და პასუხისმგებლობა აქვს, მისი ანაზღაურების დონე შედარებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე მისი თანამშრომლისა. მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებია დაწესებული შრომის ანაზღაურების სფეროში სოციალურ პოლიტიკასთან მიმართებით, რომ ერთისა და იმავე დაწესებულების შიგნით ხელფასის დიფერენციაციის ხარისხი არ შეიძლება იყოს ერთი შეფარდებული ათთან - ანუ განსხვავება ათჯერ დიდი იყოს თანამშრომლის და უფროსის ანაზღაურებას შორის“.

ციური ანთაძე გვეუბნება, რომ 2014 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 795 ლარზე მეტია, მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ და მომუშავეთა ცალკეული კატეგორიების ხელფასებს გადავხედავთ, -მათ შორის, საჯარო სექტორშიც, - აღმოვაჩენთ, რომ მოხელეთა საკმადო დიდი ნაწილის შრომითი ანაზღაურება ან საარსებო მინიმუმის არეალშია, ან მასზე დაბლა. და ეს მაშინ, როდესაც ზოგიერთი საჯარო მოხელის ხელფასი არათუ პარლამენტარის, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში, პრეზიდენტის ხელფასსაც აღემატება. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, ამბობს ციური ანთაძე, რომ ყველაზე დაბალანაზღაურებად სფეროებად საქართველოში განათლება და ჯანდაცვა ითვლება. მაგალითისთვის, განათლების სფეროში საშულოა ხელფასი 426 ლარია, ჯანდაცვაში - 647. იმისათვის,რომ ეს უსამართლობის განცდა აღარ არსებობდეს, ციური ანთაძე ხელისუფლებას მოუწოდებს მოაწესრიგოს შრომის ანაზღაურების სისტემა.

„პარლამენტარების არგუმენტი, რომ ვიღაცას მაღალი ხელფასი აქვს და მეც მაღალი მქონდეს, არ არის სწორი და კარგია, რომ ამ თემას მოჰყვა დისკუსია. ეს მიანიშნებს, რომ სფეროში მძიმე მდგომარეობაა და მართლაც დროა, რომ სახელმწიფომ იფიქროს საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგებაზე“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG