Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სტალინური სიები” გოეთეს ინსტიტუტში


საქართველოში 1937-38 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან შექმნილმა განსაკუთრებულმა სამეულმა დაახლოებით 21 000 ადამიანი გაასამართლა, მათ ნახევარზე მეტს კი დახვრეტა მიუსაჯა.

ამ შემაძრწუნებელ ინფორმაციას ეზიარებოდით გასულ კვირაში გოეთეს ინსტიტუტში, თუკი დაათვალიერებდით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მოწყობილ გამოფენას ”სტალინური სიები” - ასამდე ექსპონატს, რეპრესირებულების უნიკალური ფოტოებით, ჩანაწერებით. ესაა, ასე ვთქვათ, ”ოქმად წარმოდგენილი” ადამიანთა ტრაგედია, რომელიც, ამავე დროს, 1937-38 წლების საქართველოს სურათს ქმნის. ვფიქრობ, მრავლისმეტყველია იმ ორგანიზაციის სახელიც, რომელმაც მოაწყო ეს გამოფენა - ”ინფორმაციის თვისუფლების განვითარების ინსტიტუტი”. სახელი გულისხმობს სწორედ არა მარტო არქივების გახსნის - ყველა არქივის ბოლომდე გახსნის - აუცილებლობას, არამედ ამ არქივის საზოგადოებამდე მიტანის თავისუფლებას და, რაც მთავარია, მათი წაკითხვის, შეფასების, თუ გნებავთ, ინტერპრეტაციის თავისუფლებას.

და მაინც, რატომ გახდა შესაძლებელი ასეთი გამოფენის მოწყობა ასეთი დაგვიანებით, 2012 წელს? სად იყო შენახული აქამდე ეს დოკუმენტები, ნუთუ არავინ დაინტერესდა? ამ არქივების გახსნიდან ხომ საკმაო დრო გავიდა. ამ კითხვით მივმართეთ გამოფენაზე მის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ისტორიკოს დავით ჯიშკარიანს. მან გვითხრა:

” აქამდეც იყვნენ დაინტერესებული ადამიანები, მაგრამ, ასე ვთქვათ, არასისტემურად მუშაობდნენ. გარდა იმისა, რომ არქივები გაიხსნა, ჩვენ დონორების დახმარებამაც შეგვიწყო ხელი. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ამ გამოფენის შესაძლებლობა.”

პროექტი ”სტალინური სიები” ფინანსდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ. ვამბობთ, ”ფინანსდება”, რადგან ამ ეპოქის შესწავლა ამ გამოფენით, ცხადია, არ დასრულებულა. კიდევ არაერთი დოკუმენტის გაცნობის საშუალება ექნება ქართულ საზოგადოებას - დოკუმენტებისა, რომლებმაც ბოლო უნდა მოუღოს საბჭოთა ეპოქაში შექმნილ სტერეოტიპებს, წარმოდგენებს სტალინური ეპოქის რეპრესიებზე - მაგალითად, ერთ საკმაოდ გავრცელებულ აზრს, რომელსაც მთლიანად ბოლო ვერ მოუღო ვერც ”პერესტროიკის” ეპოქამ, როცა უამრავი ახალი რამ შევიტყვეთ ამ წლებზე, ვერც საბჭოთა კავშირის დანგრევამ, როცა ასე თუ ისე ყველას მიეცა საშუალება გასცნობოდა სტალინური ეპოქის არქივებს - აზრს, თითქოს ბელადმა არაფერი იცოდა რეპრესიების შესახებ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წევრი, ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი ამბობს:

”ამ ბროშურის შესავალში ჩვენ დავწერეთ, რომ ეს სია არის პასუხი იმათ, ვისაც ჰგონია, რომ სტალინმა არაფერი იცოდა რეპრესიების შესახებ. ყველა სიას სტალინის ხელის მოწერა ერთვის. ხშირად სტალინი შენიშვნებსაც მიაწერდა, მოხაზავდა ხოლმე საკუთარი ფანქრით და თვითონვე ადებდა რეზოლუციას.”

გამოფენაზე რეპრესიების, ასე ვთქვათ, ”ტექნოლოგიებშიც” გაერკვეოდით - მაგალითად, იმაში, თუ როგორ მოქმედებდა მარშრუტი თბილისი - მოსკოვი - თბილისი. მსჯავრდებულთა სიები იგზავნებოდა ჯერ მოსკოვში, სადაც სიები უნდა დაემოწმებინათ, შემდეგ კი სტალინისა და პოლიტბიუროს წევრების ხელმოწერით დამტკიცებული დოკუმენტები ბრუნდებოდა საქართველოში, სადაც ეგრეთ წოდებული ”სასამართლო პროცესები” იმართებოდა.

დავით ჯიშკარიანს ვკითხეთ, არსებობს თუ არა თუნდაც ერთი ფაქტი პროტესტის გამოხატვისა ამ სასამართლო პროცესებზე. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანებს ხომ დასაკარგი არც არაფერი ჰქონდათ, მათ იცოდნენ, რომ მაინც ვერ გადარჩებოდნენ. ასევე საინტერესო იყო, როგორ იმართლებდნენ თავს სტალინური ტოტალიტარიზმის დასრულების შემდეგ ის მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, რომლებიც რეპრესიებს ახორციელებდნენ.

”აქ არის გამოფენილი გამომძიებელ ასლანოვის საქმე, გამომძიებლისა, რომელიც ამბობს, რომ სისტემამ გახადა ჯალათი. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანი აღიარებს, რომ სისტემამ ჯალათი გახადა. დანარჩენი ამბობს, რომ უბრძანეს, რომ ეს იყო ბერიას, გოგლიძის და სხვათა ზემოქმედება. ეს თანამშრომლები ცდილობენ თავიანთ უფროსობას გადააბრალონ თავიანთი დანაშაული”, - გვითხრა დავით ჯიშკარიანმა.

ყველაზე უცნაური ამ ტრაგიკულ ისტორიებში მისი გმირების ვინაობაა - ის, თუ როგორ სწრაფად იცვლება როლები. პირადად ჩემთვის ეს აუხსნელი ფენომენიც კია - როგორ მოხდა, რომ ორი წლის მანძილზე, დროის მცირე მონაკვეთში, ჯალათების უმრავლესობა თავად იქცა მსხვერპლად? რას ერჩოდა სტალინი იმ ადამიანებს, რომლებიც იდეალურად ასრულებდნენ მის ბრძანებებს?.. დავით ჯიშკარიანის თქმით:

”ასეთი ადამიანი რამდენიმე ასეულია - ადამიანები, რომლებიც ჯერ თვითონ იყვნენ შინსახკომის თანამშრომლები და შემდეგ გახდნენ რეპრესირებულები; აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ დაკითხვის პროცესში და შემდეგ თვითონ აღმოჩნდნენ შინსახკომის მიერ დაპატიმრებულები. ამ გამოფენის მიზანიც ესაა - ადამიანებს ჰგონიათ, რომ შინსახკომის თანამშრომლებს წმენდა არ შეხებიათ, სინამდვილეში ასე არაა და სწორედ ეს წმენდა იყო საბაბი იმისა, რომ საზოგადოებაში ყოფილიყო მუდმივი შიში”. შინსახკომის თანამშრომელს მუდმივად ჰქონდა საფრთხე - თუკი იმას არ გააკეთებდა, რაც საჭირო იყო, მოვიდოდნენ და დაიჭერდნენ.”

ამის გამო კიდევ უფრო არაადამიანური ხდება სტალინის რეჟიმი. აქ იმდენად აღრეულია ფასეულობები, რომ, დავუშვათ, სიმართლის და სამართლიანობის ერთგული მწერალი, რომელიც არ შეურიგდა სტალინის რეჟიმს, ისეთივე მსხვერპლი ხდება, როგორც ჯალათი, რომელმაც ის აწამა - ჯალათი, რომელიც ამ წამებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ დააპატიმრეს და ასევე აწამეს.

სიმართლე ხალხმა მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ გაიგო, როცა დაიწყო რეპრესირებულთა სისხლის სამართლის საქმეთა გადახედვა. როგორც გამოფენის ორგანიზატორებმა შეგვახსენეს, რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს მხოლოდ რეაბილიტაციის შესახებ ცნობები ეგზავნებოდათ, მაგრამ სიმართლე კვლავ უცნობი რჩებოდა. არსებითად სიმართლე არც დღესაა ბოლომდე ცნობილი. შესაძლებელია, სწორედ ამან განაპირობა დიდი ინტერესი გამოფენის მიმართ, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. თუმცა უახლოეს ხანში საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს ექნება საშუალება გაეცნოს ”სტალინურ სიებს”. გამოფენის ორგანიზატორები ახლა წიგნის გამოცემას აპირებენ - წიგნისა, რომელიც ამ დოკუმენტებს, ფოტოებს, ხელნაწერებს მოუყრის თავს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG