Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტფილისური ჯაზის ალტერნატიული ისტორია


ეს ტექსტი პატარ-პატარა პოსტებად იწერებოდა და მისი დიდი ნაწილი ერთი წლის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთ ფორუმზე. მაშინ ოცნებით ვიყავი მთვრალი და ძალიან ვერთობოდი ამ ჯაზ-ქრონიკის გამოგონებით. ეს იყო ზღვარგადასული გართობა და ამავე დროს დიდი სევდაც.

გართობისა და ოცნების მოყვარულები წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ვიკრიბებოდით ხოლმე forum.ge-ზე, ერთ-ერთ განყოფილებაში გახსნილ თემაში „თბილისის ალტერნატიული ისტორია“ და ოცნებებში ვიძირებოდით. ერთ-ერთი ასეთი ნაოცნებარია 2008 წელს, 9-10 დეკემბერს შეთხზული ეს ალტერნატიული ისტორია.

ძალიან გამიხარდა, როცა გასულ კვირას ფეისბუკზე მოვკარი თვალი ჩემი ამ ნაცოდვილარის კომპილაციურ ვერსიას. მანამდე, როგორც გაირკვა, ფორუმზეც ჰქონია დაგდებული ერთ-ერთ იუზერს ეს „გამოკრებილნი“, სადაც რამდენიმე საინტერესო დეტალი იყო გამოტოვებული, ამიტომ, გადავწყვიტე, ე.წ. „აკადემიური“ ტექსტი შემეთავაზებინა მკითხველისთვის, ავტორის მიერ დადგენილ-ჩასწორებულ-შევსებულ-განახლებული და გარდა ამისა, მუსიკალური საილუსტრაციო მასალაც დამერთო ლინკების სახით.

მაშ ასე, ვიწყებთ „ქართული ჯაზის ალტერნატიულ ისტორიას“, ამბავს, რომელიც ჩემს ვირტუალურ თუ რეალურ მეგობრებს მინდა მივუძღვნა, ყველას, ვისაც ჯაზი და ოცნება უყვარს.

ქართული ჯაზის ისტორია ტფილისში, 1923 წელს იწყება, ამ დროს იყო პირველი სერიოზული ჯაზ-გაელვება, როცა ქალაქს ჯელი როლ მორტონი ეწვია თავისი "ცხარე წითელი წიწაკებით". მან ერთი თვე დაჰყო ტფილისში და კონცერტებს ქალაქის მიწისზედა აუდიტორიისთვისაც მართავდა და მიწისქვეშასთვისაც. უკრავდა კლუბებში, "კრწანისის ვარსკვლავი", "ტიფლის-ზანზიბარ", "მაჩაბელი ქეივ", "კონწიალი". ჩვენებური მსმენელი განსაკუთრებით დაატყვევა მისმა "სტომპებმა", მაგალითად Hyena Stomp-ი იმდენად პოპულარული გახდა 20-იან წლებში, რომ ხალხმა მას "ხარხარა აფთარი" შეარქვა. მორტონის "მიზერერე სვანგ"-ს მთელი ჩუღურეთი აწკრიალებდა (არსებობდა მისი, ე.წ. "კუკიური" არანჟირებაც).

ერთ-ერთი პირველი ტფილისური ბენდი გახლდათ გარდაბანი ბეთს. აი მათი ჩანაწერი: Maple Leaf Rag.სწორედ ამ ბენდს მიუძღვნა გალაკტიონმა თავისი ერთი ლექსი, სადაც ასეთ სტრიქონებსაც იპოვით:

დაუვიწყართა დღეთა თილისმა!
ბაღში, მოსილში ჯაზის ფანტაზმით,
კოჯრით დაჰქროლა ქარმა დილისამ.

აქ მშფოთვარებდა გული ხანდაზმით,
კვნესა მესმოდა საქსოფონისა,
ხმა მოწვდენილი ნამიან ღამით.

(ლექსში სახელი "ტფილისი" დაშიფრულია, ანაგრამებშია გაბნეული).

შემდეგი ძლიერი შთაბეჭდილება ახალგაზრდა ფენომენის, ლუი არსმსტრონგისა და მისი მასწავლებელის, კორნეტისტის, ბანკ ჯონსონის ერთობლივი ტურნე იყო (1925 წ.), რომელიც მასტერკლასებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებსაც ითვალისწინებდა. ბანკ ჯონსონმა მაშინ რამდენიმე ფირფიტაც ჩაწერა ჩვენს "გრამაფონში", ერთ-ერთში ჯონსონთან უკრავს ახლად ჩამოყალიბებული ტფილისის კონსერვატორიის ჯაზ-ბენდი (ხელმძღვანელი ჯერემია ხავთასი), ბანჯოს სოლოებს ასრულებს 19 წლის კომპოზიციის კლასის სტუდენტი ანდრია ბალანჩივაძე: Down By The Riverside.

მაშინ ლუიმ შიფმანის ფოტოატელიეში, აბოს ქუჩაზე, ფოტოების სერიაც გადაიღო, რომელიც დღეს კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება.

30-იანი წლების დასაწყისისთვის უკვე 40-მდე ბენდია ტფილისში. არსებობს ორი დიდი ჯაზ-ორკესტრი, რომლებსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ დიუკ ელინგტონი, ევგენი მიქელაძე, ბენი გუდმანი. ბენი გუდმანივე აყალიბებს "მოზეს კვარტეტს", ტფილისელ ახალგაზრდა ყმაწვილებთან ერთად. 30-იანებში ქალაქში იხსნება ათეულობით ღამის კლუბი, მიწისქვეშეთი გადავსებულია. 1939 წელს, ომამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ტფილისს ესტუმრება კებ კელოუეის ორკესტრი, სადაც 22 წლის დიზი გილესპიც უკრავს. ბოპი ჯერ არ დაბადებულა, სვინგის პოპულარობა კი მწვერვალებს აღწევს, ქალაქში სვინგის რამდენიმე სახეობა არსებობს, "სეიდაბად ნარნარი", "ვაკური ტრაკის თამაში" (ვაკე მთლიანად საუნივერსიტეტო ქალაქი იყო 20-იანი წლებიდან მოყოლებული), "მუშტაიდის კურტუმო".

ესეც კიდევ ერთი ჩანაწერი, ბენი გუდმანი და "მოზეს კვარტეტი" "მაჩაბელი ქეივში" ასრულებს Runnin' Wild–ს.

ომმა ტფილისურ ჯაზზეც იმოქმედა, მართალია ქვეყანა ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, მაგრამ ჩვენი მუსიკოსები ხშირად ჩნდებოდნენ ხოლმე ფრონტის წინა ხაზზე. 1942 წელს მარლენ დიტრიხთან ერთად ე.წ. საომარი ტურნე მოაწყო "დიდუბე ჯაზ სექსტეტმა", ფორტეპიანოსთან დეივ ბრუბეკი, ბარიტონ საქსოფონი – ჯერი მალიგანი, დასარტყამები – ბობ მაკალათია, ბასი - ნიკოლოზ ხუცურაული, ვიბრაფონი - ლეკო სალაყაია, საყვირი - თომა ქვაჩახია.

ომის დამთავრების შემდეგ ტფილისში ჩნდება პირველი ბიტნიკური კაფეები, ისინი ლოტკინზე სახლდებიან, ამერიკიდან (ომში გაწვევის შიშით) თავის დროზე გამოიქცნენ ბიტნიკური მოძრაობის მამები, ნილ კესიდი, ჯეკ კერუაკი და მრ. სხვ. ლორენს ფერლინგეტი ხსნის წიგნის მაღაზიას Tiflis City Light Bookstore. ჰიპსტერები მთელს ლოტკინს მოედნენ, მათი ცნობა ადვილია შავი როლინგებით, შავი სქელლანჩიანი ფეხსაცმლითა და უცნაური ქცევით. გამოარჩევდნენ ე.წ. ქულ და ჰოთ ბიტნიკებს, პირველები ცივი სიფათებით ისხდნენ ტფილისის ბიტ-კაფეებში, „აწვებოდნენ“ ძენს (მაშინ სულ ახალი გამოსული იყო სუძუკის ცნობილი სამტომეული ძენზე, წიგნი ქართულადაც ითარგმნა), ჰოთები კი ლოთობდნენ და შფოთობდნენ, მოიხმარდნენ აუარება ნარკოტიკს, სიკვდილიანობა და გაფრენები ჰოთების რიგებში უფრო ხშირი იყო. ხალხმა მათ სახელებიც კი შეარქვა: პირველებს "ცუილაბიჭები", ჰოთებს კი "შფოთბაზარები".

ჯეკ კერუაკი წერს ნიკო ფიროსმანის ბიტ-ბიოგრაფიას, კესიდისთან ერთად იგი მოგზაურობს ფშავში და ხევსურეთში, ბორბალოს გადასასვლელით ფეხით გადადიან თუშეთში, რის შემდეგაც გამოდის წიგნი "ბილიკებზე". რაც მთავარია, 1946 წელს ჩარლი პარკერი ჩამოდის ტფილისში, ბინას ქირაობს ჩითახოვის სახლებში, მიხელსონის სტამბის გვერდით (რუსთაველის პროსპექტზე). ტფილისელები სიყვარულით "ჩიორას" უწოდებენ ჩარლის, ხალხში ძალიან პოპულარულია მისი "ტიკო-ტიკო", უფრო სერიოზული მსმენელები კი უსმენენ: „ბლუმდიდოს“, „მოუჰოუკს“ „ბარძგალოლოჯის“ და მრ. სხვ. მისი მანერის გავლენით ქართულ პროზაში და პოეზიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიტ-პროსოდიული ნაწარმოები იქმნება.

ჯაზის მოყვარულები აქამდეც მიხდებოდით, რომ ტფილისი ბოპ-მიმდინარეობის ევროპულ დედაქალაქადაა აღიარებული. ამერიკული ბოპის გავლენით ჩვენში ქართველი ბოპერებიც ჩნდებიან: კოტე სიქთარვა (მისი ყველაზე ცნობილი ალბომია "Simoneti Song", დაუვიწყარი თემით "ბეკინა აბოლებს"), მამიკონ ხალგატიანი, ბოპ-დრამერი ჟუკა ფანჩულიძე, და რაც მთავარია, ვოკალური ბოპის დედები: ლეილა ზარნაძე და ბაბულია სურმავა.

მონკი, გილესპი, არტ ბლეიკი და ჩარლი პარკერი თბილისის ერთგულები რჩებიან, 50-იანი წლების დასაწყისში სწორედ მათი ინიციატივით იწყება "ტაბახმელა ჯეზ" ფესტივალის ისტორია. საქმე ისაა, რომ 1951 წელს ტაბახმელაში ჯაზ-ქალაქი დააფუძნეს ზემოხსენებულ გიგანტებს ზურგს ამოფარებულმა ტფილისელმა კომერსანტებმა. ფესტივალი ამ იდეის ლოგიკური დაგვირგვინება იყო. პირველი "ტაბახმელა ჯეზ" 1955 წელს გაიმართა, მონაწილეთა შორის იყვნენ: თელონიუს მონკი, ჯონ კოლტრეინი, მილტ ჯექსონის კვარტეტი, როი ელდრიჯი, ბენი გუდმენი, "კაუნტ ბეისი ორკესტრა", "ქამრიანი სონა", რეი ჩარლზი, "ქსოვრელები", "ჩარლი კრისტიან მარგალ გიტარ ბენდი", ჯანგო რენარი, სტეფან გრაპელი და კოკო ბერძენიშვილი, "ხუჭუჭი", ჰორას სილვერი, მაქს როუჩი, "უშბა-ქულ".

შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმიდან ბათუმამდე ყალიბდება ე.წ. "ვესტ ქოუსთ ჯეო", ქართული „ქულ ჯეზის“ გრილი, დამცხრალი, მშვიდი და ნირვანული მიმდინარეობა. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ვირტუოზი ჯაზ-მეჩონგურე გური სახოკია, ჩვენების გავლენით ჭუნირზე დაკვრის ხელოვნებას ითვისებს სტეფან გრაპელიც. ნიუ-იორკში, „ვესთ ქოუსთ ჯეოს“ სიმბოლოდ იქცნენ ჯაზ-გუდასტვირის პიონერები, ლევანტი დვალი, ქუჩუკ ბერაძე და მამია ბუაძე. მათ გასტროლებს აღფრთოვანებულ წერილებს უძღვნის გაზეთი "დაუნ ბითი". "რაჭულმა ხაზმა სრულიად მოულოდნელი ორგიასტულობა შესძინა ქულს", წერდა მაშინ ერთი კრიტიკოსი. ჩამოყალიბებას იწყებს იმერული ფსიქოდელია, ზემოიმერული "ოვდელია", ქვემოიმერული "რანინა-ჰოთ".

ელა ფიცჯერალდი ტფილისში: 1956 წელს, 9 მარტს ელა და თენგიზ მუშკუდიანი თამამშევის ქარავან-სარაიში მღერიან პორგი და ბესს, კონცერტს ევროპიდან და ამერიკიდან აუარება სტუმარი ესწრება.

50-იანი წლების მიწურული ნამდვილი ოქროს ხანა იყო ტფილისური ჯაზის ისტორიაში. ბოპისა და ქულის დაისი ყველაზე ეფექტურად ტფილისის ჯაზ-კლუბებში მოჩანს. დეივ ბრუბეკი და პოლ დეზმონდი ერთმანეთის მიყოლებით წერენ ნაწარმოებებს, სადაც ისინი, ერთი მხრივ, ტფილისური ლირიზმით და, მეორე მხრივ, ქალაქური ცეცხლით ავსებენ მუსიკას. პიანისტი ჯონ ლუისი აყალიბებს "მოდერნ ჯაზ კვარტეტს", რომელშიც ვიბრაფონისტ მილტ ჯექსონთან და ბასისტ პერსი ჰიტთან ერთად ქართული მოდალური ჯაზის მამა, ლუკა აცანელი უკრავს.

სხვათა შორის, ლუკა აცანელმა მაილს დევისის ლეგენდარულ "ქაინდ ოვ ბლუ"-მდე სამი წლით ადრე (1956-ში) განახორციელა მოდალური ჯაზის იდეები (ჯორჯ რასელის პარალელურად) და იგი გურულ კრიმანჭულს დაუკავშირა. ზედმეტად ეთნო ხასიათის გამო ალბომი არასათანადოდ შეაფასეს დასავლელმა კრიტიკოსებმა. ლუკა აცანელს თანამშრობლობას სთავაზობს იგორ სტრავისკი. ოლივიე მესიანი თავის გიგანტურ Catalogue d'oiseaux-ში (ჩიტების კატალოგი) ნიკო სამადაშვილის პოეზიისა და ლუკა აცანელის მუსიკალური იდეების გავლენით ერთ ნაწილს არქმევს "საყდრის ჩიტს".

60-იან წლებში პოპ მუსიკის მოძალებამ დამანგრეველი გავლენა იქონია ჯაზზე ამერიკაში. ბითლზი მაშინ ფოთს, სოხუმსა და თბილისსაც ეწვია, თუმცა ჩვენში ჯაზზე მათი გასტროლები ისე მტკვივნეულად არ ასახულა, როგორც ამერიკაში. პირიქით, ტოკიოსთან, სტოკჰოლმთან, ოსლოსთან და რამდენიმე სხვა ქალაქთან ერთად, ტფილისი ჯაზ-ავანგარდის მექად იქცა. 1962 წელს სონი როლინზი აქაურ "გრამაფონ პალასში" ჯიმ ჰოლთან და სხვებთან ერთად იწერს დაუვიწყარ ალბომს "Tiflis Bridges", ორნეტ კოლმენი - "Kojori suite" (1965), დექსტერ გორდონი – Our Man in Didube (1963). ერიკ დოლფი თავის უკანასკნელ ლაივს იწერს "ავლაბარი პალასში" (ორი წლის შემდეგ, 1966-ში იქვე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს მართავს ჯონ კოლტრეინი). ამავე პერიოდში ასპარეზზე გამოდის ქართველი ჯაზ-მუსიკოსების ახალი ტალღა. ეს არის ნამდვილი გადატრიალება მუსიკის ისტორიაში.

ეს იყო გამორჩეული თაობა, რომელსაც ქართველი სამოციანელები უწოდეს და მხოლოდ ჯაზით არ შემოიფარგლებოდა (პოეზია, პროზა, კინემატოგრაფი, მხატვრობა...). თუმცა ამჯერად ჯაზზე შევჩერდეთ: გიული ჩოხელი, გივი გაჩეჩილაძე (ქართველი დიუკი), ბასა ბახტურიძე, კოლა ავეტისოვი, გია ყანჩელი. არჩილ და მაყვალა ჩიხლაძეები ჩრდილავენ ლუის პრიმასა და კელი სმიტს. ჯაზის ხელოვნებას ტფილისში ეუფლება ვაგიფ მუსტაფა ზადეც. ჯაზ-რაითერები იუჯინ მაჭავარიანი და ვახო გუნია თანამშრომლობენ წამყვან ჯაზ-გამოცემებთან. 1963 წელს გამოდის იუჯინ მაჭავარიანისა და ჯეფრი კარმენის წიგნი "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან". 60-იანების ტფილისური სული კარგად ჩანს ბრუბეკ-დეზმონდის ამ კომპოზიციაში, სახელად Audrey, რომელიც ტფილური ვოკალური ჯაზის ფენომენს, ოდრი ფაღავას ეძღვნება. ამ ქალბატონის საშემსრულებლო მანერას "ტფილ ჯეზ" (უორმ ჯეზ) დაარქვა მოგვიანებით ნეტ ჰენტოფმა. ხულიო კორტასარი წერს წიგნს "ვეშაპი მტკვარში", რომელიც ჩვენებური ჯაზის სულითაა გამსჭვალული.

ესეც ბოსა ნოვას გაკვეთილები ტფილისში, რევაზ ლაღიძის სახლში.

ცალკე საუბრის თემაა გიული ჩოხელი. მან ჯერ სახელი გაითქვა როგორც პოსტ-ბოპის ყველაზე ცეცხლოვანმა შემსრულებელმა, შემდეგ კი, ჰორას სილვერთან ერთად ჩაწერა ორი ალბომი ("Sea, See, Sea" და "Bakhala Gadmoakhala"). ამ ორ ალბომში შესული სიმღერების გადამღერება დღემდე პოპულარულია, და საერთოდ, 60-იანი წლების ქართული ჯაზ-სტანდარტები დაახლოებით 20-იანი წლების "თინ ფან ელის" მსგავს ფენომენად ჩამოყალიბდა. ისევე, როგორც რომელიმე "ბაი ბაი ბლუბერდ", ან "აი ლავ იუ პორგი"-ს, მთელი მსოფლიო მღერის "ალუდა ლამენტ"-სა და "პალიასტომ"-ს. ამერიკიდან ტფილისში აფარებენ თავს ჯაზ-ავანგარდის მამები, ჩარლი მინგუსი და ორნეტ კოლმენი. 60-იანებში ჩამოდის მაილს დევისიც (1948 წლის ჩავარდნის შემდეგ მან გამოძებნა ძალები, გაბედა და კიდევ ერთხელ წარსდგა ჩვენი მაყურებლის წინაშე), რომელიც წერს ალბომს, "კახეტიან სკეტჩიზ", ასევე გივი გაჩეჩილაძესთან ერთად 1967 წელს მართავს ცნობილ "ჰაიჰაი დუუუმს" კონცერტს. ტფილისური წლები წარმოუდგენლად ნაყოფიერია მაილს დევისისთვის, სწორედ აქ იგონებს იგი 1968 წელს ფიუჟენის მიმდინარეობას. ალმაცგირ ფანგანის "შინა ვორგილ" საერთაშორისო ჯაზ ჰიტია.

70-იანებში პანკ-ჯაზის ხანა იწყება ტფილისში. ტაბახმელურ რესპექტაბელურ ჯაზერებს კოჯრის პანკ-კოლონია დაუპირისპირდა. მთელი ქვეყანა მოიცვა პანკ-სოპრანო-საქსოფონის გულისგამაწვრილებელმა ხმამ.

ორი კლასიკოსი, მხატვარი ავთო ვარაზი და კოლია ქაშაკაშვილი ერთმანეთზე საინტერესო ალბომებს უშვებენ. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ვიბრაფონი და ვოკალი. ეს ნამდვილი გადატრიალებაა ჯაზის ისტორიაში, ამ ალბომებით შთაგონებული გარი ბარტონი და კით ჯარეტი თანამშრომლობას იწყებენ. ჩვენს დედაქალაქში კიდევ ერთხელ ჩამოდის ლუის არმსტრონგი და მისივე ინიციატივით რუსთაველზე, "გრამაფონ პალასში" იწერება ჯაზ-პოსტმოდერნის პირველი შედევრი, ლუის ბოლო, პაროდიული სილაღით სავსე ალბომი "პელიკან ფაი", კოლია ქაშაკაშვილთან ერთად (1971). ეს ალბომი ნამდვილი მოვლენაა მუსიკის ისტორიაში, იგი წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს, ლუის გარდაცვალებას ხალხი ვერც კი ამჩნევს კოლია ქაშაკაშვილის გამო.

არ უნდა დაგვავიწყდეს ტრომბონისტ გივი სულაძის თავბმრუდამხვევი კარიერა, ფენომენალური მედოლე შოთა სასანია, პიანისტი ვასილ ბებუთოვი. 70-იანი წლები ზანტია, მაგრამ ძალიან ღრმა მუსიკა იქმნება ამ პერიოდში. ამას გარდა, ჯანსუღ კახიძისა და გომარ სიხარულიძის თაოსნობით ქართული ფოლკ ჯაზის ახალი მიმართულება იწყება. და, რაც მთავარია, ელექტრონული ჯაზი ყვავის და გარდმოყვავის საქართველოში. ფანკი ვარსკვლავებს წყვეტს.

ტფილისში ღამის 3-4 საათამდე სავსეა ქუჩები. სეირნობა არ წყდება. ძალიან პოპულარულია ვაკის პარკის, ვერის ხიდის, დიდუბის ღია დარბაზები. სტენ გეტცის, კოლმენ ჰოკინსისა და დონ ბაიესის ეს დაუვიწყალი ლაივი, Our Kind Of Saby ვერაზეა ჩაწერილი, შემოდგომის ერთ თბილ ღამეს. დაიჭირეთ ქალაქური სული ამ უკვდავ ჩანაწერში.

80-იანებში ასპარეზზე გამოდის ბასისტი თათუზა ყურაშვილი, ნოვატორი, ბოჰემისტი. მისი ალბომები, Tatuzology, Vere Nova, Junker of Jazz 80-იანების სიმბოლოდ იქცა. მინიმალიზმი, სიზუსტე, სიღრმე, ქართულობა - ეს მისი მანერის მთავარი მახასიათებლებია. იგი ალბომს წერს უკვე დავიწყებულ ლეგენდასთან, მეჩონგურე გური სახოკიასთან ერთად. ორი სიმებიანის თანაჟღერადობა, კოლხური მელოსი, ბაბულია სურმავას დაუვიწყარი ხმა (ტრეკებში - ჩელა და ართი ვარდი)....

1989 წელს იუნესკომ ტფილისი ჯაზის მსოფლიო დედაქალაქად გამოაცხადა. ნიუ ორლეანის, ნიუ იორკისა და პარიზის შემდეგ ჩვენი ტფილისი მეოთხე ჯაზ-ქალაქია. ეს წელი ყველანაირად გადამწყვეტი იყო ქვეყნისთვის, აშენდა ახალი მუსიკალური და საგამოფენო დარბაზები, სპორტული მოედნები. გამოვიდა მრავალტომეული "ენციკლოპედია კავკასიკა"-ს მე-20 გამოცემა.

1989 წლის მარტში დაიწყო გრანდიოზული კონცერტების სერია "Tiflis-Jazz-Capital". 1989 წლის 9 აპრილს იმართება ცენტრალური კონცერტი, რომელიც ღამის 4-5 საათზე გრანდიოზული ფეირვერკით სრულდება. კონცერტში მონაწილეობენ, მაილს დევისი, ზავინულ სინდიკატი, ჩიკ კორეა, თამაზ ყურაშვილი, გივი გაჩეჩილაძის ორკესტრი, ჰერბი ჰენკოკი, „გია ყანჩელი და ნინა სიმონე“, ბენი გოლსონი, ბობ მინცერი, რავი შანკარი, „ომარ კელაპტრიშვილი და ოდეტა“, ბობ დილანი, სევა ღლონტის ტრიო, დიზი გილესპი და "აფრო-კუბან ჯეზ ბენდი" (დიზი 1989 წელს ტფილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ხდება, ტფილისშივე ანიჭებენ მას "ჯაზის რაინდის წოდებას", რომლის ლაურეატებიც მანამდე იყვნენ, ლუი არმსტრონგი, დეივ ბრუბეკი და სხვ.). 1989 წელს ჩვენი ქალაქის სცენაზე შედგა 25 წლის გოგონას, დაიანა კრალის დებიუტი. იმავე წელს გაიბრწყინებენ 19-20 წლის ნიჭიერი ყმაწვილები, ბრედ მელდაუ და ჯოშუა რედმანი.

1989 წლის ბოლოს გამოდის ჯაზ კომპაქტ დისკების სერია, რომელსაც ერთად წერენ ტფილისური "გრამაფონ პალასი", ასევე "Blue Note"-ი და "ECM"-ი. ამ ისტორიული გამოცემების ამოცნობა ადვილად შეიძლება ტფილისის სიმბოლოს გამოსახულებით დისკის გარეკანზე. ეს გახლავთ "მტკვრის წისქვილი" (ლოგო დაამუშავა ირაკლი ფარჯიანმა), რომლითაც აჭრელებულია მთელი ქალაქი.

ამ უზარმაზარი დღესასწაულის შემდეგ ეკრანებზე გამოდის მარტინ სკორსეზეს მუსიკალური დოკუმენტური ფილმი, „ერთი ღამის დღესასწაული“, რომელიც ამ ფესტივალს ეძღვნება. ამ ღამის გამო ტფილისში ერთ ქუჩას 9 აპრილის ქუჩასაც კი უწოდებენ, ეს დღე უქმედაა გამოცხადებული...

მას შემდეგ, ყოველ 9 აპრილს ქალაქში „ერთი ღამის ფესტივალი“ ეწყობა ხოლმე. აგერ 20 წელი გავიდა, მაგრამ ტფილისი სულ მუდამ 1989 წლის 9 აპრილის იმ არაჩვეულებრივ ღამეს უბრუნდება და იხსენებს. სასწაულების ღამეს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG