Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაკოალიცია მედიის ინტერესების დაცვაზე იზრუნებს


თბილისში დაფუძნდა ახალი მედიაკოალიცია, რომელმაც მიზნად მედიის ინტერესების დაცვა დაისახა და რომელშიც 11 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა. კოალიციის სამი მთავარი მიზანია მედიაგარემოს ხელშეწყობა საქართველოში, მედიამფლობელებისა და ჟურნალისტების ინტერესების დაცვა და დემოკრატიის განვითარების პროცესში მედიის როლის გაძლიერება. კოალიციის წევრებმა 13 აპრილს მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ტექსტი, რომლის გარშემოც 11 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება, 13 აპრილს კლუბში - ”ფრონტლაინ ჯორჯია” - ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ ჩაიკითხა:
კოალიცია ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, რომელიც იზიარებს კოალიციის მიზნებს და მზადაა ითანამშრომლოს მასთან...

”თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ რა დამოუკიდებელი მედიაგარემოს არსებობის მნიშვნელობას და მის განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, ასევე სამოქალაქო სექტორის პასუხისმგებლობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე მოვლენებში,
საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მივმართავთ ყველა ძალისხმევას, რათა გაუმჯობესდეს მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობა, განხორციელდეს მუდმივი კონტროლი კანონის შესრულებაზე და დაცული იყოს ჟურნალისტთა უფლებები და მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა. გვჯერა, რომ ჩვენი ერთიანობა გახდება ჩვენივე მიზნების განხორციელების საწინდარი. კოალიცია ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, რომელიც იზიარებს კოალიციის მიზნებს და მზადაა ითანამშრომლოს მასთან.”
არის ზეწოლა ჟურნალისტებზე, არის ინფორმაციის გაუცემლობის ფაქტები, გაუმჭვირვალობა... ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია...

ჯერჯერობით კი დამფუძნებლებს შორის არიან:”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ”სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”, ”საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია”, არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისათვის”, ”საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია”, ”რეგიონალური მაუწყებლების ქსელი”, ”ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია”, ”მედიაკლუბი”, ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”. საერთო მიზანი, ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, საქართველოში მედიაგარემოს გაუმჯობესებაა.

”არის ზეწოლა ჟურნალისტებზე, არის ინფორმაციის გაუცემლობის ფაქტები, გაუმჭვირვალობა... ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. კოალიციის მიზანი ის არის, რომ ეს ხელისუფლება დავარწმუნოთ, რომ მათი ნება არასწორია და კოალიციამ უნდა შეცვალოს ეს გარემო, ის დახურული სივრცე, რაც არსებობს მედიისთვის ამ ქვეყანაში”, - ამბობს მედიაკოალიციის კოორდინატორი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი თამარ კორძაია.
”ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის” წევრი ზვიად ქორიძე

„ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის“ წევრი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ გასულ კვირას პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებიც კი მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც თავისთავად შორს დგას იდეალურისგან, დიდი ბრძოლის შედეგი იყო. ამიტომ ის ფიქრობს, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომელთაც თავისუფალ მედიაზე გული შესტკივათ, ბრძოლა არ უნდა შეწყვიტონ და მიღწეული მინიმუმით არ უნდა დაკმაყოფილდნენ. მით უმეტეს, რომ დაგეგმილი საქმიანობების სია საკმაოდ გრძელია:

”ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფრო უკეთესი გარემოს შექმნა და გვინდა, რომ ამაზე ვიმუშაოთ. არის ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლებიც ასევე გვინდა მოვამზადოთ და, რა თქმა უნდა, ისეთი საკითხების ადვოკატირებაც, რომელიც კონკრეტულ ჟურნალისტთა მიმართ განხორციელებულ ზეწოლას ეხება.”

კოალიციის კიდევ ერთი წევრი კი, „მედიაკლუბის“ წარმომადგენელი შორენა შავერდაშვილი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ გაერთიანებაში რეგიონალური მედიის ჩართულობას ანიჭებს:
”მედიაკლუბის” წარმომადგენელი შორენა შავერდაშვილი

”რეგიონალური მედიის პრობლემები ძირითადად არ აღწევს ხოლმე ცენტრალურ მედიასაშუალებებამდე. მაგალითად, ამას წინათ 14-მა რეგიონალურმა გაზეთმა მოაწყო ასეთი კამპანია - გაზეთის პირველი გვერდი გამოუშვა ცარიელი და თქვეს, მოგვეცით საჯარო ინფორმაციაო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ცენტრალურ მედიაში, ფაქტობრივად, არ გაშუქებულა.”

სიტყვის თავისუფლებისათვის ცალ-ცალკე ყველა შეძლებისდაგვარად ვიბრძოდით, მაგრამ საბრძოლო საკითხები იმდენი დაგროვდა, რომ გადავწყვიტეთ კოალიცია შეგვექმნაო, აღნიშნეს შეხვედრაზე. რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე ფიქრობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კოალიციამ უახლოეს მომავალში უნდა გააკეთოს, ეს სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა:
თუ ეს არ იქნება ყველა ჩვენგანის პრობლემა და თუ ვერ ჩავრთეთ ამ პროცესში ფართო მასები, მაშინ ხელისუფლებაც არ მიაქცევს ამას ყურადღებას...

”და ამ პროცესში რაც შეიძლება ფართო მედიაწრე უნდა ჩაერთოს. რადგან, თუ ეს არ იქნება ყველა ჩვენგანის პრობლემა და თუ ვერ ჩავრთეთ ამ პროცესში ფართო მასები, მაშინ ხელისუფლებაც არ მიაქცევს ამას ყურადღებას. არადა, ის, რაც დღეს ხდება, ეს არის სასუნთქი სივრცის შეზღუდვა. შეიძლება უკეთესი იყოს ერთბაშად მოგისწრაფონ სიცოცხლე, ვიდრე ნელ-ნელა აღმოჩნდე აგონიაში.”

კოალიციის წევრები 18 აპრილს დაგეგმილ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომას დაესწრებიან. სხდომაზე კომისიამ პრიორიტეტები უნდა გამოაცხადოს, რასაც სატელევიზიო პროექტებზე კონკურსების გამოცხადება მოჰყვება. ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ სწორედ ამ კონკურსების შედეგების მონიტორინგი უნდა გახდეს კოალიციის ერთ-ერთი პირველი აქტივობა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG