Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიგრაფია თუ ფონტი?


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით, უკვე მესამე წელია იმართება ყოველწლიური კონკურსი, სახელწოდებით ”ქართული კალიგრაფია”. კონკურსში მონაწილეობას იღებენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები საქართველოდან და ასევე უცხოეთიდან. კონკურსი მიმდინარე კვირას გამოცხადდა, გამარჯვებულები კი ივნისის ბოლოს დაჯილდოვდებიან. რა მიზანს ემსახურება ქართული კალიგრაფიის კონკურსი, რას ფიქრობენ ლამაზად წერის ხელოვნებაზე ქართველი კალიგრაფები და ბავშვები, რომლებიც ახლა სწავლობენ წერას?

ნიკა მესამეკლასელია. წერა ორი წლის წინ ისწავლა. ახლა ლამაზად წერას სწავლობს. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს ლამაზად წეროს. აი, როგორი ბავშვური გულახდილობით აღწერს ის წერის პროცესს: ”ვნერვიულობ და ზოგჯერ ოფლიც მომდის და მცხელა, ვიძაბები ხოლმე. მინდა, რომ უფრო ლამაზად ვწერდე და ლამაზი ხელის ჩუქურთმა მქონდეს, მაგრამ ხანდახან არ გამომდის”, - ამბობს 9 წლის ნიკა.

ე.წ. ხელის ჩუქურთმის ამბავი ნიკას და მის თანაკლასელებს მაია მასწავლებელმა უამბო. კლასის კედლები ბავშვების ხელნაწერებითაა სავსე. ამით ისინი ქართული კალიგრაფიის, უნიკალური ანბანის დაფასებას სწავლობენო, ამბობს მაია მჭედლიშვილი. ბავშვებს ლამაზად წერის დროს ხელები რომ არ დაეღალოთ, ამისათვის მათ პატარა საიდუმლოც აქვთ: ”მოვეფეროთ, ვეთამაშოთ ხელებს. ყოველთვის ვატარებთ ასეთ რიტუალს, რომ ნაწერი ლამაზი გამოგვივიდეს”, - ამბობს მესამოცე საჯარო სკოლის პედაგოგი მაია მჭედლიშვილი.

ყველას უნდა თავისი რვეული მაჩვენოს, ყველას უნდა ერთი სიტყვა მაინც მითხრას იმის შესახებ, თუ როგორ ძალიან უნდათ, რომ ლამაზად წერონ:

- ლამაზად რომ წერ, შენც გიხარია.
- ხელებს უნდა მოეფერო და ის უფრო ლამაზად დაწერს.
- ქართულის წერა ძალიან კარგად გამომდის, მაგრამ მათემატიკაში რიცხვებს ცოტა ცუდად ვწერ.
- წერა ძალიან მიყვარს, თუმცა მათემატიკა უფრო მირჩევნია. მაგრამ ქართულ წერას არ მივატოვებ, - აბა, ქართული ხომ უნდა ვისწავლო?!
- მე, სხვათა შორის, ძალიან ბევრი წიგნი მაქვს სახლში და მინახავს ძველი ხელნაწერები.

ელენე მაჭავარიანი
ელენე მაჭავარიანი
ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში. საუკუნეთა განმავლობაში ინტენსიურად იქმნებოდა ქართული წიგნი. მონასტრებში მოღვაწე კალიგრაფები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას და სხვა დეკორატიულ ელემენტებს. ავგაროზ ბანდაისძე, გაბრიელ მცირე, ეფრემი, იოანე მესვეტე, შავზაქარია, ბედისმწერლიშვილები - ეს იმ ქართველი კალიგრაფების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებში სხვადასხვა ტიპის წიგნებს ხელით წერდნენ და მომავალ თაობებს უტოვებდნენ. ელენე მაჭავარიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ათეულობით წელია ქართულ ხელნაწერს, კალიგრაფიასა და მის მნიშვნელობას სწავლობს. ის ჩვენთან საუბარში იმ განსხვავებაზე საუბრობს, რაც საქართველოში კალიგრაფ კაცებსა და ქალებს ახასიათებდათ: ”იყო კალიგრაფიული სკოლები. კალიგრაფია მაშინ ხელობად ითვლებოდა.

ანდერძებში მითითებული იყო, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ ისწავლა წერა. მაგალითად, მეთოთხმეტე საუკუნის ანდერძში ავგაროზ ბანდაისძე წერს, რომ დახელოვნებული იყო მხატვრობასა და წერაში. აი, ეს გარემოება კი მგონია, რომ გამორიცხულია, როდესაც ქალი წერდა. ის უფრო თვითნასწავლი იყო და ნაკლებკალიგრაფიული ხელით წერდა”, - შენიშნავს ელენე მაჭავარიანი.
ელენე მაჭავარიანი ამბობს, რომ თანამედროვე ეპოქაში, როცა ხელით წერის ტრადიცია ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავს და მას სულ უფრო ხშირად კომპიუტერი ენაცვლება, აუცილებელია ამ ტრადიციის წახალისება და საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობის შეხსენება. იდეა კალიგრაფიის კონკურსის შესახებაც სწორედ ამ მიზეზით დაიბადა. ხელით წერის კულტურის განვითარება კომპიუტერულ ეპოქაში - ასე შეიძლება დავახასიათოთ კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მისია, გვეუბნება ირინა გოგონაია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ”ძალიან ბევრი ადამიანი ლამაზად წერს და ეს ნიჭი და უნარი არ არის აქტუალიზებული, თითქოს არავის სჭირდება. და უცებ გამოჩნდა კონკურსი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით წარმოაჩენს მათი ნიჭის მნიშვნელობას. ამით კი ადამიანებს ეძლევათ თვითრეალიზაციის საშუალება.”

დათო მაისურაძე
დათო მაისურაძე
19 წლის კალიგრაფი დათო მაისურაძე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. ის კალიგრაფთა კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მისი ნამუშევარი უახლოეს მომავალში კალიგრაფიის საერთაშორისო გამოფენაზე გაიგზავნება. ის რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კალიგრაფიას, ლამაზად წერის ხელოვნებას ასწავლის. თვითონ კი სკოლაში შესვლამდე ჯერ ასომთავრული დამწერლობა შეისწავლა. მოხაზულობა მომწონდა და წიგნებიდან ვიხატავდიო, მეუბნება ის. მისი დღევანდელი კალიგრაფია მეთექვსმეტე საუკუნის წერის სტილზეა დაფუძნებული. ამბობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში არც ისე ლამაზად წერს. შესაძლებელია თუ არა, რომ კლავიატურამ და ფაილმა ფანქარი და ფურცელი ჩაანაცვლოს? ვკითხე დათოს: ”შეიქმნა ფოტოაპარატი, იღებენ ფოტოსურათებს, მაგრამ ამან მხატვრობა ხომ ვერ ჩაანაცვლა? ჩვენ შეგვიძლია კომპიუტერში ავკრიფოთ ტექსტი, გავუგზავნოთ ვინმეს, მაგრამ ხელით ნაწერს მაინც ვერ შეცვლის. ამას, მართალია, შეიძლება პრაქტიკული დატვირთვა აღარ ჰქონდეს, მაგრამ ეს უკვე ხელოვნებაა. მე, მაგალითად, ჩემს ნამუშევრებს სახლის კედლებზე ვკიდებ, როგორც სურათებს. მეგობრებსაც ვჩუქნი”, - ამბობს დათო მაისურაძე.

ვიღაცას ალპური მწვერვალების დალაშქვრა სჭირდება; ელექტრონული ფოსტის ხანაში ადამიანები მარკებს მაინც აგროვებენ; რა კარგი იქნება, მშობლები ბავშვებს კალიგრაფიული ხელოვნების სკოლებში აბარებდნენ, ხელწერის ასპარეზობებზე გზავნიდნენ ...
უმბერტო ეკო
როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ამ დროისათვის მუშავდება კალიგრაფიული სკოლის შექმნის პროექტი, სადაც დაინტერესებული ადამიანები შეისწავლიან როგორც ქართული დამწერლობის ისტორიას, ასევე ლამაზად წერის ხელოვნებასაც.

სხვათა შორის, კალიგრაფიის კურსები დაახლოებით სამი ათეული წლის წინ კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ჯობსმაც გაიარა. სწორედ ეს გამოცდილება გამოიყენა მან კურსების დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც ის ”მაკინტოშისათვის” ფონტებს ქმნიდა. ვერავინ და მათ შორის ვერც მე წარმოვიდგენდი, თუ რაში დამჭირდებოდა კალიგრაფიის კურსებზე სიარულიო, თქვა სტივ ჯობსმა გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე: ”ათი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ”მაკინტოშის” პირველ კომპიუტერს ვაკეთებდით, ეს ცოდნა უკან დამიბრუნდა. ეს იყო პირველი კომპიუტერი არაჩვეულებრივი ტიპოგრაფიით. მე რომ კალიგრაფიის კურსები არ დამემთავრებინა, ”მაკინტოშს” არასდროს ექნებოდა ასეთი გამორჩეული დიზაინის ფონტები. ვინდოუსს რომ არ გადაეღო ისინი, არც თქვენს პერსონალურ კომპიუტერებს ექნებოდა ეს ფონტები.”

და აქვე გვერდს ვერ ავუვლით იტალიელი ფილოსოფოსისა და მწერლის უმბერტო ეკოს წერილს, რომელიც ორი წლის წინ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნდა. ”კალიგრაფიის დაკარგული ხელოვნება” - ასე ჰქვია პუბლიკაციას, სადაც უმბერტო ეკო კალიგრაფიის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე საუბრობს:

”დიდი ხანია, ადამიანები ცხენზე ამხედრებულები აღარ მოგზაურობენ, მაგრამ ზოგი საცხენოსნო სკოლაში დადის; მართალია, მოტორიანი იახტები გვაქვს, მაგრამ ისეთიც რამდენია, ვისაც ნიჩბის მოსმა ისეთსავე სიამოვნებას ანიჭებს, როგორც ძველ ფინიკიელებს 3000 წლის წინ; გვირაბები და რკინიგზები გავიყვანეთ, მაგრამ ვიღაცას ალპური მწვერვალების დალაშქვრა სჭირდება; ელექტრონული ფოსტის ხანაში ადამიანები მარკებს მაინც აგროვებენ; რა კარგი იქნება, მშობლები ბავშვებს კალიგრაფიული ხელოვნების სკოლებში აბარებდნენ, ხელწერის ასპარეზობებზე გზავნიდნენ - მარტო იმისთვის კი არა, რომ ბავშვმა მშვენიერების შეგრძნება არ დაკარგოს, არამედ მისი ფსიქომოტორული გაწაფულობისთვისაც. დიახ, მართალია, ბავშვებს სატელეფონო გზავნილებისა და კომპიუტერის გამოყენებას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ კაცობრიობა სპორტს, ესთეტიკურ სიამოვნებებს, ცივილიზაციის მიერ არასავალდებულოდ მიჩნეულ ზოგ საქმიანობას მაინც ვერ შეელია.”
XS
SM
MD
LG