Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკლესიები და მეჩეთები ჩვენს ხელში


ოშკი
ოშკი
საქართველოსა და თურქეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს განზრახულობათა ოქმს, რომლის თანახმადაც რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე იშხნისა და ოშკის ტაძრებს. ასევე გათვალისწინებულია ბათუმში გასული საუკნის 30-იან წლებში დამწვარი აზიზიეს მეჩეთის სანაცვლოდ ახლის აშენება და ახალციხეში აჰმედიეს კომპლექსის რესტავრაცია. მოლაპარაკება კულტურული მემკვიდრეობის ამ მნიშვნელოვანი ძეგლების აღდგენა-გადარჩენის თაობაზე თბილისსა და ანკარას შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორ შეხვდნენ სიახლეს საქართველოში?

ბათუმის ორთა, იგივე აჰმედ ჯამე, რომელიც აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილმა 1866 წელს ააშენა, პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე მისულ ჯამაათს ვერ იტევს. ჯემალ პაქსაძე - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი - ამბობს, რომ მლოცველების ნაწილს სიცივეშიც კი გარეთ უწევს ყოფნა. შესაბამისად, მისივე თქმით, კიდევ ერთი მეჩეთის აშენება დიდი შვება იქნებოდა:
ჩვენთვის სულ ერთია თურქეთის მხარე კულტურის სახლს ააშენებს, მუზეუმს თუ სხვა რამეს...


„დაახლოებით 500-700 ადამიანს თოვლსა და წვიმაში უწევთ ლოცვა. ძალიან გვინდა, რომ ის მეჩეთი, რომელიც უნდა აშენდეს, იყოს ქართული არქიტექტურით. მოგეხსენებათ, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის შესასვლელი კარი მოჩუქურთმებულია ვაზის ორნამენტებით... ასევე გვინდა, როგორც სხვა ქართულ მეჩეთებში, ქადაგება წარმოებდეს ქართულ ენაზე, მოძღვარი ლოცვებს კითხულობდეს ქართულად.“

მაგრამ რა იქნება, თუკი ახალ მეჩეთში ღვთისმსახურება ქართულად არ ჩატარდება და მშენებლობის დროსაც არ გაითვალისწინებენ ქართული კულტურის ელემენტებს? ჯემალ პაქსაძის პასუხი ასეთია:

„ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ გვაინტერესებს! ჩვენთვის სულ ერთია თურქეთის მხარე კულტურის სახლს ააშენებს, მუზეუმს თუ სხვა რამეს. გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად მივიღებთ.“

ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ამ ერთი კვირის წინ მიიღო, როცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა თავის თურქ კოლეგას ანკარაში შეხვდა.

ნიკოლოზ რურუა: „ეს არის ბოლო შანსი იმისათვის, რომ ოშკი და იშხანი დანგრევას გადავარჩინოთ. ოშკი კიდევ ერთ დიდთოვლობას ვეღარ გაუძლებს. ის არასოდეს რესტავრირებულა და მის კედლებს ხის შედგმული ბოძები იკავებენ. თურქეთი ამაში ითხოვს დანგრეული აზიზიეს საკუთარი სახსრებით აშენებას იქ, სადაც ადგილს გამოყოფს აჭარის მთავრობა, და თურქი სპეციალისტების ჩართვას აჰმედიეს რესტავრაციაში.“

ნიკოლოზ რურუას თქმით, მე-18 საუკუნეში ბეგლარბეგ აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აჰმედიეს მეჩეთის, მედრესეს და აბანოს საპროექტო და სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. რაც შეეხება 1868 წელს სულთან აზიზის განკარგულებით აშენებულ აზიზიეს მეჩეთს, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში კომუნისტებმა ეკლესიებთან ერთად დაანგრიეს, მისგან არაფერია შემორჩენილი. საინტერესოა რას ფიქრობენ ბათუმელები აზიზიეს ახალი მეჩეთის აშენების შესახებ.

მამაკაცის ხმა: „უნდა იყოს მეჩეთი, რათა ყველა მის რწმენას ემსახუროს.“
არ აპირებენ არც იმ ასლის აგებას, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. ისინი აპირებენ კაპიტალური შენობის აშენებას, მაგრამ ბათუმი ამას არ აიტანს...


მამაკაცის ხმა: „მეჩეთის აშენების მომხრე ვარ, იმიტომ რომ ბევრი მუსლიმი ცხოვრობს აქ და საჭიროა.“

მამაკაცის ხმა: „აქ აშენება არაა საჭირო! თურქეთში რომ აშენებენ ეკლესიას, ექნება მას ფუნქციობის საშუალება? არა? თუ არა, მაშინ რატომ უნდა აშენდეს ახალი მეჩეთი? არის ერთი და ის იკმარონ!“

მეჩეთის აშენების კატეგორიული წინააღმდეგია მურმან დუმბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და ლიდერი მოძრაობისა „ემსახურე საქართველოს“. დუმბაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ეკლესიების რესტავრაციის სანაცვლოდ ახალი მეჩეთის აგებით, ირღვევა ნაცვალგების პრინციპი, ასევე მიუღებელია დამპყრობლის სახელობის რაიმე სახის შენობის აგება. და კიდევ:

„არ აპირებენ არც იმ ასლის აგებას, რომელიც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. ისინი აპირებენ კაპიტალური შენობის აშენებას, მაგრამ ბათუმი ამას არ აიტანს, ეს არის კატეგორიულად გამორიცხული, რადგანაც ეს არის თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გეოგრაფიის გაფართოება. თურქეთის მოქალაქეებით ისედაც სავსეა ბათუმი. ასე რომ, 15-20 წელში მოგვიგებენ როგორც რაოდენობრივად, ასევე რელიგიურადაც. ეს ორი ფაქტორი კი პოლიტიკის განმსაზღვრელია და ეს უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა გამყიდველმა ხელისუფლებამ და ამ ხელშეკრულებაზე უარი უნდა თქვას.“

თუმცა ამ აზრს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს თავად ბათუმშიც. ერთ-ერთი მათგანია ისტორიკოსი ემზარ კახიძე, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია როგორც ტაძრების აღდგენა თურქეთის ტერიტორიაზე, ასევე მეჩეთების მშენებლობა-რესტავრაცია საქართველოში. მისი თქმით, ასევე უსაფუძვლოა იმის ვარაუდი, რომ მეჩეთი თურქული იქნება.

„ჩვენ გვყავს ქართველი მუსლიმები, რომლებსაც ყაიდა უნდა გავუწიოთ თუ გვინდა, რომ ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ. ნაცვალგება საერთოდ არაფერ შუაშია, მაგრამ რადგანაც ჩვენი საზოგადოება ასეთ დიდ ფსონზეც კი არ მოდის და ეს იციან თურქეთის მთავრობაში, ამიტომ მოითხოვენ სანაცვლოდ რაღაცის გაკეთებას. რწმენის საკითხში მუსლიმებისთვის არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ეროვნებას. ისლამში მეჩეთი არის საერთო და არა ქართული, თურქული ან არაბული“, უთხრა ემზარ კახიძემ რადიო თავისუფლებას.
ოშკი ისეთ მძიმე დღეშია, რომ გიკვირს, რა ძალას უჭირავს გუმბათი. ოდნავი ბიძგი და ჩამოინგრევა...


უნდა ითქვას, რომ საკულტო შენობათა საკუთრების საკითხი საქართველოს საპატრიარქოსაც აღელვებს. მოლაპარაკების საწყის ეტაპზე ილია მეორემ თურქეთის მთავრობას ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ეკლესიების საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა. გარდა ამისა, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმების მიღწევას მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით საპატრიარქოს უარყოფითი დამოკიდებულებაც აფერხებდა. საინტერესოა, როგორი პოზიცია აქვს საპატრიარქოს ახლა, მხარეთა მიერ პრინციპული შეთანხმების მიღწევის შემდეგ. დეკანოზ დავით შარაშენიძის თქმით, საპატრიარქო თავის დამოკიდებულებას კათალიკოს-პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბებს.

საკულტო ნაგებობების საკუთრების საკითხზე კომენტარის გაკეთება უჭირთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროშიც, რომლის პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას ვერც ის უთხრა, ითვალისწინებს თუ არა ხელშეკრულება ღვთისმსახურების განახლებას რესტავრირებულ საკულტო ნაგებობებში. ირკვევა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და მას ნათელი თურქეთის დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოეფინება. თუმცა, როგორც უნდა იყოს, ქართველი ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ დრო საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს და საკითხის გაჯანჯლებით იშხანმა და ოშკმა შესაძლოა გუმბათჩამოშლილი ხანძთის ბედი გაიზიარონ. ასე ფიქრობს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური:

„ოშკი ისეთ მძიმე დღეშია, რომ გიკვირს, რა ძალას უჭირავს გუმბათი. ოდნავი ბიძგი და ჩამოინგრევა. იშხანში წინა კედელი მთელ სიგრძეზე გაბზარულია. აუცილებლად სასწრაფოდ გასამაგრებელია!“

თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე იშხანი მე-7 საუკუნეში, ხოლო ოშკი მე-10 საუკუნეშია აშენებული. მათთან ერთად ასევე იგეგმებოდა მე-10 საუკუნის ხანძთისა და ოთხთა ეკლესიების რესტავრაციაც, მაგრამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ ორი ეკლესიის აღდგენაზე შეთანხმდნენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG