Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელევიზიო მედიასივრცის სამოქალაქო მონიტორინგი


„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მიმდინარე წლის ივნის-სექტემბერში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკული მუშაობის მონიტორინგი განახორციელა. წარმოდგენილი შუალედური ანგარიში ნაწილია კვლევისა, რომლის სახელწოდებაცაა „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის“. მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა სატელევიზიო მედიის საკითხებზე კომისიის მუშაობა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომისიის წევრებისა და, კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ინტერესთა კონფლიქტს. საქმე ისაა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი შპს „მაგი სტილი მედიას“ საერთო წილის 35%-ის მფლობელია, ხსენებული კომპანიის ძირითადი საქმიანობა კი სატელევიზიო ეთერში რეკლამის განთავსებაა.

ის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, ამავროულად, 35% წილს ფლობს შპს „მაგი სტილი მედიაში“, რომლის ძირითადი საქმიანობაც ტელეეთერში რეკლამის განთავსებაა, ხოლო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა კი სატელევიზიო ეთერში გასული რეკლამის რაოდენობისა და ქრონომეტრაჟის ზედამხედველობა-კონტროლი, მონიტორინგის ავტორებს განუმტკიცებს აზრს, რომ საქმე ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს. მონიტორინგის ავტორების დასკვნით, იმის გამო, რომ ირაკლი ჩიქოვანის შემოსავლები ტელეკომპანიების ბადეში განთავსებული რეკლამის რაოდენობასა და ტარიფებზეა დამოკიდებული, კომისიისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩება მაუწყებლების მხრიდან რეკლამის ლიმიტების გადაჭარბების შემთხვევები.

იურიდიულ დეტალებზე მსჯელობაში გადაზრდილი მონიტორინგის პრეზენტაციაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი კახა ყურაშვილი კი ამტკიცებდა, რომ ინტერესთა კონფლიქტზე საუბარი ზედმეტია:

„ანგარიშში ნათქვამია, ბატონ ირაკლის შეუძლია, იმის გამო, თურმე რომ ის არის „მაგი სტილი მედიას“ დამფუძნებელი, ზემოქმედება მოახდინოს, თვალი დახუჭოს, არ დააჯარიმოს მაუწყებელი, რეკლამასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის გამო და აქვე აღნიშნულია, რომ რეკლამის ოდენობაზე ზემოქმედება მოახდინოს. ნება მიბოძეთ, არ დაგეთანხმოთ, რადგან რეკლამის ოდენობას განსაზღვრავს დამკვეთთა მოთხოვნა. აქვე აღნიშნულია, რომ რეკლამის ტარიფებს განსაზღვრავენ ტელემაუწყებლები, ანუ ბატონ ირაკლის არ შეუძლია რეკლამის ტარიფებზე ზემოქმედება მოახდინოს, ხოლო, რაც შეეხება რეკლამის ლიმიტებს, რომელიც სამაუწყებლო ბადეში უნდა განთავსდეს, განსაზღვრავს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი“.

ამ მსჯელობიდან გამომდინარე, კომინიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურისტი კახა ყურაშვილი ასკვნის:

„ბატონი ირაკლის წილობრივი მონაწილეობა კომპანიაში, რომელიც სარეკლამო შეკვეთებს იღებს და განათავსებს სატელევიზო ბადეში, ინტერესთა კონფლიქტი ვერანაირად ვერ იქნება“.

კახა ყურაშვილის არგუმენტაციის საპირისპიროდ, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ დირექტორი, ლევან დოლიძე, რომელიც ხელმძღვანელია პროექტისა „სამოქალქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისთვის“, შენიშნავს: ის, რომ რეკლამის კონტროლი კომიისის კონტროლის სფერო არ არის, ამაზე არ დაობენ, თუმცა სადავო სხვა საკითხია, რომლის შესახებ თავად ლევან დოლიძეს მოვუსმინოთ:

„ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება ყველა იმ ტელეკომპანიასთან მიმართებით, სადაც შპს „მაგი სტილი მედია“ განათავსებს რეკლამას ორი მიზეზის გამო, რაც უფრო მეტ რეკლამას მიიტანს შპს „მაგი სტილი მედია“, მისი შემოსავალი მით მეტი იქნება, ანუ კომპანია იმყოფება კომერციულ ურთიერთობებში კონკრეტულ ტელეკომპანიებთან, რაც გულისხმობს იმას, რომ წარმოქმნის მის ეკონომიკურ ინტერესს კონკრეტულ ტელეკომპანიებთან მიმართებაში და მეორე, თუ როგორი იქნება კონკრეტულ ტელეკომპანიებში რეკლამის განთავსების ტარიფი, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს რეკლამის განთავსების ღირებულებაზეც და, შესაბამისად, მოგების ოდენობაზეც“, – აცხადებს ლევან დოლიძე. „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ დირექტორი.

იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტს ხედავს და ამბობს, რომ ეს მაგალითი ქრესტომათიულია:

„ეს შემთხვევა უნდა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის თეორიის და საზოგადოების თვალში მისი აღქმის ძალიან მკაფიო მაგალითი, არ შეიძლება ეს უმსგავსობა გრძელდებოდეს ასეთ დონეზე“.

მიუხედევად იმისა, რომ მონიტორინგის ავტორებმა დასკვნა წარმოადგინეს, რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ბერკეტების ნაკლებობის გამო, შესაძლოა, ვერ განხორციელდეს. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაია განმარტავს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი პარლამენტის განხილვის საგანია:

„თუ დადასტურდა ინტერესთა კონფლიქტი, მაშინ არსებობს პროცედურა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრების 1/3-ის თანხმობაა საჭირო, რომ დადგეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, ხოლო 3/5 თანხმობაა საჭირო, რომ გათავისუფლდეს“.

ამ პროცედურის დაწყება კი თამარ კორძაიას ამ ეტაპზე ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნია, ამდენად არასამთავრობო ორგანიზაციები ამჯერად მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებით შემოიფარგლნენ. გაზეთ „რეზონანის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში კი აცხადებს, რომ მონიტორინგის საფუძველზე შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებების დაწყება მაინც დადგეს დღის წესრიგში, რომელიც მეტად დააზუსტებდა სარეკლამო კანონმდებლობას და მასზე ზედამხედველობის საკითხებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG