Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მსოფლიო წამების გარეშე”


ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება წამების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებებზე ანგარიშს წარადგენს.

1 ივლისს თბილისში, სახალხო დამცველისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” ორგანიზებით, გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რიგით მეშვიდე კონფერენცია - ”მსოფლიო წამების გარეშე” - გაიმართა. რჩება თუ არა საქართველოში წამება და არაადამიანური მოპყრობა კვლავაც პრობლემად, როგორია საერთაშორისო რეკომენდაციები და როგორ ანგარიშს წარუდგენს გაეროს მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება?
არასათანადო მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა გლდანის N8 დაწესებულების საკარანტინე ნაწილში....

გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეს, რომელსაც მსოფლიო 26 ივნისს აღნიშნავს, პირველ ივლისს თბილისში უკვე ტრადიციული კონფერენციით გამოეხმაურნენ. კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა შეკრებილ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენა წამების მხრივ საქართველოში და, კერძოდ, საპატიმროებში არსებული ვითარება:

”არასათანადო მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა გლდანის N8 დაწესებულების საკარანტინე ნაწილში, სადაც ახლად მიღებულ პატიმრებს გაუსაძლის პირობებში რამდენიმე დღის და ზოგჯერ კვირის გატარებაც უწევთ. ეს საკნები ხშირად გამოიყენება პატიმრების დასასჯელად. ადმინისტრაცია საკარანტინე ოთახებს იყენებს დისციპლინური დანიშნულებით და საცხოვრებელი კორპუსებიდან პატიმრებს საკარანტინე ნაწილში დასჯის მიზნით ათავსებს. ზოგ საკარანტინე ოთახში საწოლიც არ არის, იქ კი, სადაც არის საწოლები, რამდენიმე ათეულ პატიმარს ერთად ათავსებენ და მათ არათუ დაწოლის, დაჯდომის საშუალებაც არა აქვთ. მათ არ აძლევენ საშუალებას მიიღონ შხაპი, გაისეირნონ და უზრუნველყოფილნი იყვნენ ექიმის მომსახურებით.”

2004-2005 წლების პირველი გარღვევის შემდეგ, როდესაც წამება, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევის სისტემატიური ფორმა, აღმოიფხვრა, სურათი დიდად აღარ შეცვლილა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიორგი ტუღუში:
გიორგი ტუღუში

”ადრე თუ წამება სისტემური დანაშაული იყო და სახალხო დამცველს კვირაში რამდენჯერმე მიმართავდნენ იმის გამო, რომ პოლიციამ დაკავებულ პირს სცემა, აწამა და მოახდინა მასზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, ეს ნამდვილად შემცირებულია და მე შემიძლია წლის განმავლობაში მომხდარ რამდენიმე ასეთ ფაქტზე ვილაპარაკო. თუმცა დინამიკაც საინტერესოა. მაგალითად, მე ჩემს ანგარიშშიც მიწერია, რომ პოლიციის მიერ არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები კვლავ აქტუალურია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში...”

თუმცა მსგავსი ფაქტების უმრავლესობაზე არასათანადო რეაგირება, გამოძიების გაჭიანურებული პროცესი, დაგვიანებული ექსპერტიზა, დაუსჯელობის სინდრომი წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს მხოლოდ ამრავლებს, ფიქრობს სახალხო დამცველი:

”პენიტენციარული სისტემის ადმინისტრაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და, ვფიქრობ, ამაზე თვალს ხშირად შეგნებულადაც ხუჭავს გამოძიება. ეს იყო პრობლემა ჩემი სახალხოდამცველობის პირველ წელს და ეს პრობლემა რჩება დღესაც.”

საპატიმროებში ადამიანის წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების არსებობაზე ლაპარაკობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიის” წარმომადგენელი მარიამ ჯიშკარიანიც, რომელიც ასევე ჩივის, რომ დღემდე არც ერთი მათი რეკომენდაცია არ შესრულებულა.
ახალი სამოქმედო გეგმა კონცენტრირებულია პრევენციასა და სახელმწიფო მონიტორინგის გაძლიერებაზე, რომ საბოლოოდ დავძლიოთ ეს პრობლემა...

გავიხსენოთ, რომ 2011 წლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ წამების საწინააღმდეგო ახალი სამოქმედო გეგმა და სტრატეგია შეიმუშავა. იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაია პატარაია გვეუბნება, რომ ეს დოკუმენტები წარმოადგენს ერთგვარ ორიენტირს, რომელიც ქვეყანას უნდა დაეხმაროს საბოლოოდ აღმოფხვრას ადამიანების მიმართ არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები:

”გასაგები და მისაღებია, რომ სახალხო დამცველი და არასამათავრობო ორგანიზაციები არიან კრიტიკულები და მათ მეტის მიღწევა სურთ ამ სფეროში და სახელმწიფოც იზიარებს ამ აზრს. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ წამება, როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ, საქართველოში აღმოფხვრილია. ახალი სამოქმედო გეგმა კი, რომელიც წელს დამტკიცდა, კონცენტრირებულია პრევენციასა და სახელმწიფო მონიტორინგის გაძლიერებაზე, რომ საბოლოოდ დავძლიოთ ეს პრობლემა.”
კონფერენციის მონაწილეები

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოს, როგორც გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მონაწილე ქვეყანას, მთელი რიგი ვალდებულებები ეკისრება, მათ შორის, წამების ფაქტების პრევენცია, მიუკერძოებელი გამოძიება და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცი, განმარტავს ციხის საერთაშორისო რეფორმის წარმომადგენელი ცირა ჭანტურია. სწორედ ამ ვალდებულებების შესრულების ამსახველი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ანგარიშიც, რომელიც მან გაეროს ნოემბერში უნდა წარუდგინოს. ცირა ჭანტურია ამბობს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის პოლიტიკური ნება ქვეყანაში არსებობს, თუმცა არც ის კონკრეტული ფაქტები უნდა დავივიწყოთ, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა, და არც ის რეკომენდაციები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს სთავაზობენ:

”ამ რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი ისიც არის, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიეცეთ საშუალება თავისუფლად შევიდნენ თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG