Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა კაციტაძე: ”მილიონი ლარით დაფინანსება ოპოზიციური „რვიანის” შეთავაზება იყო”


ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიებისათვის შეთავაზებული ცვლილებების პაკეტი, რომელიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად არის მიმართული, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, აცხადებენ საარჩევნო სამართლის ექსპერტები. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებების ათპუნქტიან შეთანხმებას, რომელსაც ხელისუფლებამ და ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ 27 ივნისს მოაწერა ხელი, უკვე ყოფილ ოპოზიციურ „რვიანში” შემავალი ექვსი პარტია ემიჯნება. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პირობები არ შეესაბამება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პრინციპებს.

ვახტანგ ხმალაძე: შემოთავაზებული იყო დაფინანსების საკითხის გადაჭრა და არც ერთი სხვა არსებითად მნიშვნელოვანი საკითხი...

მამუკა კაციტაძე: ეს საკამათო თემაა.

ვახტანგ ხმალაძე: მე ჩემს შეფასებას, პირადად ვახტანგ ხმალაძის შეფასებას ვახმოვანებ.

მამუკა კაციტაძე: გმადლობთ კორუმპირებულის სტატუსის მონიჭებისათვის.

ქეთი ხუციშვილი: არა, მე მგონი, ეს არ უგულისხმია ბატონ ვახტანგს.

მამუკა კაციტაძე: მაშინ დააკონკრეტოს რა იგულისხმა...
ჩვენთვის გარკვეულწილად გასაოცარიც იყო, რომ ეს მილიონი თავდაპირველად თურმე ოპოზიციურმა „რვიანმა” შესთავაზა მმართველ პარტიას...

ეს მცირე დებატი ”ქორთიარდ მარიოტში” მას შემდეგ გაიმართა, რაც მამუკა კაციტაძემ დამსწრე საზოგადოებას ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წინადადებების, კონკრეტულად კი, დაფინანსების პუნქტების განმარტება წარუდგინა. ”ყბადაღებული მილიონი” - ასე უწოდა მან ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ერთ-ერთ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად ერთჯერადად ერთ მილიონ ლარს მიიღებს. როგორც დებატებისას გაირკვა, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ის ფაქტი, რომ აღნიშნული მილიონის გამოყოფა თავის დროზე თავად ოპოზიციური „რვიანის” წინადადებებში ფიგურირებდა, უცნობი იყო.

მამუკა კაციტაძე: ”რვიანის” ინიციატივა იყო, ოღონდ მილიონი დოლარი, ანუ მილიონ ლარზე მეტი იყო ”რვიანის” შეთავაზება.

ქეთი ხუციშვილი: სამოქალაქო საზოგადოების უმეტესობამ არ იცოდა და ჩვენთვის გარკვეულწილად გასაოცარიც იყო, რომ ეს მილიონი თავდაპირველად თურმე ოპოზიციურმა „რვიანმა” შესთავაზა მმართველ პარტიას.

მამუკა კაციტაძე: დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციური „რვიანის” მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე შეიქმნა, იყო საჯარო და გამოქვეყნებული, მათ შორის, დაფინანსების ნაწილიც. უკაცრავად, რომ ჩვენ სპეციალურად არ გავამახვილეთ ყურადღება ამ მილიონზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ ათთვიან კონსულტაციებს თვალს ადევნებდა. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, მისთვის უცნობი იყო იმ პირადი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შედეგები, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, ერთი მილიონი ლარი, რომელიც ბარიერგადალახული პარტიების დასაფინანსებლად გამოიყოფა, არაადეკვატურად მაღალი თანხაა.
თამარ ჩუგოშვილი

”თითქმის არც ერთ ქვეყანას არა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ასეთი მაღალი მარჟები, როგორსაც მმართველი პარტია სთავაზობს საარჩევნო სუბიექტებს. ასე რომ, ესეც დასაფიქრებელია, რამდენად შეუძლია ჩვენი რესურსების მქონე ქვეყანას და რამდენად სწორი იქნება, რომ ასეთი სერიოზული თანხები მიმართოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

არალოგიკურსა და ბუნდოვანს უწოდებს ხელისუფლებისა და თავის დროზე ოპოზიციური „რვიანის” თანმხვედრ წინადადებებს პოლიტიკური პარტიების მილიონი ლარით პოსტ ფაქტუმ დაფინანსების შესახებ საარჩევნო სამართლის ექსპერტი კახა კახიშვილი. ის აქცენტს იმ 300 ათას ლარზე აკეთებს, რომელიც, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წინადადების მიხედვით, მილიონი ლარიდან პოლიტიკურმა პარტიებმა სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად უნდა გამოიყენონ.
კახა კახიშვილი

”თუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ საარჩევნო სუბიექტი იმის მოლოდინში, რომ გადალახავს ბარიერს და შეუკვეთს სატელევიზიო რეკლამას იმის იმედად, რომ ის გაიმარჯვებს, მიიღებს მილიონს და ვალებს დაფარავს, შეიძლება ეს იმედი არ გაუმართლდეს და ის კომპანიები, რომლებიც გააშუქებენ მის საქმიანობას, ვერ მიიღებენ დაპირებულ თანხებს.”

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საარჩევნო სამართლის ექსპერტმა კახა კახიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე წამოჭრა, ხელისუფლების შეთავაზების ის ცალკეული პუნქტებია, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას, ორგანულ კანონს რეფერენდუმის შესახებ ეწინააღმდეგება. კონკრეტულად საუბარია პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდის თაობაზე. ანალოგიურ დარღვევაზე აკეთებს აქცენტს რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძეც. ის 2003 წლის 2 ნოემბერს გამართული რეფერენდუმის შესახებ საუბრობს.
პარლამენტს აქვს კანონიერი უფლება შეამციროს პარლამენტის წევრთა რაოდენობა თუნდაც ერთამდე, მაგრამ რაოდენობის გაზრდის უფლება არა აქვს...

”რაც შეეხება პარლამენტის წევრთა რაოდენობის ცვლას, ეს კანონი მიღებული იყო რეფერენდუმის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც კითხვა ასე იყო დასმული: ეთანხმებით თუ არა იმას, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150-ს. ამ კითხვაზე პასუხი იყო დადებითი. რეფერენდუმის ის გადაწყვეტილება დღეს არის კანონიერ ძალაში და ორგანული კანონი რეფერენდუმის შესახებ ამბობს, რომ რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ რეფერენდუმით. აქედან გამომდინარე, პარლამენტს აქვს კანონიერი უფლება შეამციროს პარლამენტის წევრთა რაოდენობა თუნდაც ერთამდე, მაგრამ რაოდენობის გაზრდის უფლება არა აქვს”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

აღნიშნული განცხადებების პარალელურად, საქართველოს პარლამენტში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების 150-დან 190-მდე გაზრდა კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდება. როგორც ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, რეფერენდუმის შედეგის შეცვლის საკითხი პარლამენტში იქნება განხილული და ყველაფერი კანონის შესაბამისად განხორციელდება.
XS
SM
MD
LG