Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტრონული გამჭვირვალობის რამდენიმე ასპექტი


ელექტრონული კვლევის შედეგების პრეზენტაცია
ელექტრონული კვლევის შედეგების პრეზენტაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, რომელსაც ეკუთვნის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის - www.opendata.ge-ს - შექმნის იდეა, ახალი კვლევა გამოაქვეყნა საქართველოში ელექტრონული მმართველობისა და გამჭვირვალობის საკითხებზე.

48 საჯარო დაწესებულების ელექტრონული კვლევის შედეგი ორ წიგნად გამოიცა. პირველი რამდენიმე თვის წინ დაარსებული ვებგვერდის, www.opendata.ge-ს, მიერ მოგროვებულ მონაცემებზე მოგვითხრობს, მეორე კი დეტალური ანალიზია როგორც საქართველოს საჯარო უწყებების ელექტრონული გამჭვირვალობის, ისე იმ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებს დასავლეთის ქვეყნებში და რისი საჭიროებაც საქართველოშიც არსებობს. www.opendata.ge-ს რამდენიმეთვიანმა მუშაობამ აჩვენა, რომ საჯარო დაწესებულებები, სამინისტროები კვლავაც ერიდებიან საზოგადოებისათვის ყველაზე საინტერესო - ფინანსური შინაარსის შემცველი - ინფორმაციის გასაჯაროებას.

”დღემდე პრობლემაა სახელმწიფო ჩინოვნიკების პრემიებისა და სახელფასო დანამატების გამჭვირვალობა. ამ მხრივ, საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა მოიკოჭლებს, თუმცა არის ისეთი უწყებებიც, რომელიც ინფორმაციას არ მალავს”, - განმარტავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი 33 შეკითხვიდან 31-ზე პასუხი ორგანიზაციას საერთოდ არ მიუღია. ასეთივე სურათია განათლების სამინისტროსა და ლტოლვილთა სამინისტროს შემთხვევაში. 31 კითხვიდან არც ერთზე არანაირი პასუხი არ არსებობს შსს-დან. 16 გაგზავნილი კითხვიდან 16-ს უპასუხა რეინტეგრაციის სამინისტრომ და არც ერთს - თავდაცვის სამინისტრომ. საქართველოს საჯარო დაწესებულებების რეიტინგი მათი ვებგვერდების ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით კი ასე გამოიყურება:

”პირველი ხუთეული, მაგალითად, ესენია აღსრულების ეროვნული ბიურო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სამოქალაქო რეესტრის სააგენტო. ეს ხუთი უწყება გამოირჩევა, სხვებთან შედარებით, გამჭვირვალობით.”

საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებდა. პროექტის კოორდინატორი კონსტანტინე ჯანჯღავა ასახელებს ერთადერთ, ენერგეტიკის სამინისტროს დებულებას, რომლის თანახმად ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა დაიდოს ენერგეტიკასთან დაკავშირებული ყველა საჯარო ინფორმაცია. სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც სამინისტროს დაავალდებულებდა ვებგვერდის შექმნას და მის გარკვეულ სტანდარტებში მოქცევას, არ გვაქვს. შესაბამისად, ვებგვერდის არსებობა საჯარო უწყების ნებაზეა დამოკიდებული. კოტე ჯანჯღავა ამბობს, რომ სფეროს სამართლებრივად დარეგულირებას ისეთი კანონი სჭირდება, რომელიც ყველა საჯარო უწყებას დაავალდებულებდა საკუთარი, გარკვეულ სტანდარტს დაქვემდებარებული, ელექტრონული გვერდის შექმნას.

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ, მართალია, საჯარო დაწესებულებების 99%-ს უკვე აქვს საკუთარი ვებგვერდი, რომელიც ძირითადად ამ დაწესებულებების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მოკლე ინფორმაციით ახლდება - იმით, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად შეიძლება აინტერესებდეს, ელექტრონულ სივრცეში ძნელი მოსაძიებელია, მაგალითად, ინფორმაცია ამა თუ იმ უწყების მიერ განხორციელებულ პროგრამათა დეტალების შესახებ, ცალკეული ბრძანებები და, რაც მთავარია, ფინანსური დოკუმენტი - სამინისტროს ბიუჯეტი, რომელსაც, კვლევის ავტორების თქმით, ამ ვებგვერდებზე ძნელად წააწყდებით.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG