Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ტრამვაი ბრუნდება


ფოტომონტაჟი, თანამედროვე ტრამვაი რუსთაველის გამზირზე
ფოტომონტაჟი, თანამედროვე ტრამვაი რუსთაველის გამზირზე
თბილისის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ავტობუსების ელექტროტრანსპორტით ნაწილობრივ ჩანაცვლებას აპირებს. არაა გამორიცხული, დედაქალაქის ქუჩებში კვლავ გამოჩნდეს ოთხი წლის წინ მერიის დადგენილებითვე გაუქმებული ტრამვაი. საქმე ისაა, რომ თბილისის მერმა საყურადღებო მოსაზრებები გამოთქვა ორიოდე დღის წინ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე – „თანამედროვე ტრამვაი თანამედროვე თბილისში“, რომელიც საინიციატივო ჯგუფ „თბილისის ტრამვაის“ მიერ იყო ორგანიზებული.

თბილისის წარმოების ტრამვაი ”თბილისი” გმირთა მოედანზე, 1960 წელი.
სპეციფიკურ ხმაურს თბილისის ქუჩებში მოძრავი ტრამვაის შემადგენლობა თითქმის ასი წლის განმავლობაში გამოსცემდა. ისტორია დაიწყო 19-ე საუკუნის 80-იან წლებში, როცა ქალაქში გამოჩნდა ელექტრო ტრამვაის წინაპარი – ცხენების გამწევ ძალაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე. წ. ,,კონკა”, ელექტროტრამვაის ამოქმედების თარიღად კი 1904 წლის 25 დეკემბერი ითვლება. აქედან მოყოლებული, თბილისის ტრამვაის ხაზების სიგრძე განუხრელად იზრდებოდა და მაქსიმუმს – 108 კილომეტრს 1986 წელს მიაღწია, თუმცა, სულ რაღაც, 4-5 წელიწადში ვითარება მკვეთრად შეიცვლა: ქსელის პერმანენტული შეკვეცა 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაის სრული ლიკვიდაციით დასრულდა, რამაც ბევრ თბილისელს, მათ შორის, თბილისის ყოფილ მერს ნიკო ლეკიშვილსაც დასწყვიტა გული:

„ეს ტრანსპორტი ძველი თბილისის ფენომენია. ბევრგან ვყოფილვარ და ბევრ ქალაქში მინახავს ტრამვაი. ჩემი ნება რომ იყოს, რაღაც მარშრუტებზე ტრამვაის არ გავაუქმებდი“.

ტრამვაის შენარჩუნების მომხრენი იყვნენ საინიციატივო ჯგუფ „თბილისის ტრამვაის“ წევრები: კახა მჭედლიძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ბექა ნინიკური, ირაკლი ჟოჟუაშვილი და ლუკა ქსნელაშვილი, რომლებიც წლების განმავლობაში ტრანსპორტის ამ სახეობის პოპულარიზებას ეწეოდნენ. ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე ჩატარებული მათ კვლევის მიხედვით, ტრამვაი გამოირჩევა მაღალი გამტარუნარიანობით, ეკოლოგიურობით, უსაფრთხოებითა და ეკონომიურობით. ტრამვაი გზის ფართობს 8-ჯერ უფრო ეკონომიურად იყენებს, ვიდრე ავტოტრანსპორტი, თანაც, განცალკევებულ სავალ ზოლზე მოძრაობის გამო, მგზავრთა გადაყვანის სიჩქარეც ერთი ორად მაღალია. გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, ტრამვაის ეკონომიურობის გასაზომად საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს თბილისის ერთ-ერთი მარშრუტი, რომელსაც 10 ავტობუსი ემსახურებოდა. შედეგად გაირკვა:

გიორგი ბაბუნაშვილი, საინიციატივო ჯგუფი ”თბილისის ტრამვაი”
„10 ავტობუსი დღეში მოიხმარს 578 ლიტრი რაოდენობის საწვავს, რომლის ღირებულებას 1008 ლარია. თუ ჩვენ მოვახდენთ ამ ავტობუსების ტრამვაით ჩანაცვლებას, მაშინ ეს 10 ტრავმაი დღეში მოიხმარს 2310 კვტ ელექტროენერგიას, რომლის ღირებულება, მეტროს ტარიფით, შეადგენს 231 ლარს. გამოდის, რომ ავტობუსით ერთი მგზავრის გადაყვანაზე დახარჯული ენერგია არის 29 თეთრი, ტრამვაით კი – 7 თეთრი“.

რაც შეეხება ეკოლოგიურობას, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარისა და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ნინო ჩხობაძის თქმით, სწორედაც რომ, მაღალი ეკოლოგიური მაჩვენებლების გამო, ევროპის ყველა დიდი ქალაქი ცდილობს ტრამვაით ჩაანაცვლოს შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ტრანსპორტი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს დედაქალაქი სულ ახლახან შეუერთდა ევროპის მერების კონვენციას, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნის თანახმად, 2020 წლამდე თბილისმა ნახშირორჟანგის ემისია 20%-ით უნდა შეამციროს.

„პრაქტიკულად ყველა ქალაქი ევროპაში გადადის ამ ტრანსპორტზე. ყოველ შემთხვევაში, ძირითად რკალს ნამდვილად ამ ტრანსპორტით კრავენ! მაგალითად, ჟენევამ ტრამვაის სისტემის აშენება 10 წლის წინ დაიწყო და ამისათვის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ძალიან დიდი სახსრები გამოყო“, – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ ნინო ჩხობაძემ.

ცხადია, თუ ჟენევისა და ევროპის სხვა ქალაქების მაგალითს მიბაძავს, დიდი სახსრების გამოყოფა მოუწევს თბილისის მუნიციპალიტეტსაც, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას თქმით, თბილისში ტრამვაის სისტემის დანერგვა 3-4 წლის პერსპექტივაა.

თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისის ტრამვაის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე
„ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადადგმულია. თბილისის მერია მუშაობს ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს პარიზის ტრამვაის დაგეგმარების სფეროში. შესაბამისად, დაახლოებით, ნოემბერში გვექნება მთელი ქალაქის მასშტაბით ჩატარებული კვლევა სატრანსპორტო ნაკადებზე და პარალელულად გვექნება კონკრეტული პროექტი, რომელიც პირველი ეტაპის სამუშაოებს მოიცავს“. გიგი უგულავას თქმით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწვავის ხარჯი თვის განმავლობაში 30 მილიონი ლარია, მაშინ, როცა მეტროპოლიტენი, სულ რაღაც, 6 მილიონი ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, რენტაბელობის თვალსაზრისით, აშკარაა ელექტროტრანსპორტის უპირატესობა, თუმცა, მისივე განცხადებით, ტრამვაის სისტემის შესაქმნელად მასშტაბური კაპიტალდაბანდებაა საჭირო:

„ტრამვაის გასაყვანად სასტარტო ინვესტიცია, დაახლოებით, 500 მილიონ ევროს აღწევს, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი პროექტი და ის დანახარჯს აუცილებლად ამოიღებს“.

გიგი უგულავას მსგავსად, ტრამვაის სისტემის აღდგენას გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძეც, რომლის თქმითაც, პირველი ელექტროტრანსპორტის აღსადგენად პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

„ვმუშაობდით 2010 წლის განმავლობაში უცხოელ კონსულტანტებთან ერთად, რომელთაც წარმოგვიდგინეს საგზაო რუკა ქალაქის განვითარების ათი წლის პერსპექტივაში, სადაც განხილულია ტრამვაის ორი მარშრუტი მტკვრის ორივე სანაპიროზე, საერთო სიგრძით 36 კილომეტრი“, – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ აკაკი ჯოხაძემ.

საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები ტრამვაის სისტემის აღდგენაზე:

„ძალიან კარგია! მე თავის დროზე უკმაყოფილო ვიყავი, რომ გააუქმეს ტრამვაი!“

„ჩვენთან კი არა, მოსკოვში 9 წელი ვიცხოვრე, იმხელა ქალაქში ისევაა ტრამვაის ხაზი და ხალხი მშვენივრად იყენებს მას. აქ რატომ მოსპეს, ვერ გავიგე!“

თბილისის ტრამვაი, 1959 წელი
„მოძრაობა გაადვილდება. ავტობუსს რომ ველოდებით, იმდენი ხანი არ მოგვიწევს ტრამვაის ლოდინი... მალე მივალთ“...

„ტვინი რომ ჰქონოდა ჩვენს მთავრობას, თავის დროზე არ გააუქმებდა ტრამვაის“.

„დაბრკროლებას ვერ ვხედავ! უკეთესია ყველაფრით ტრამვაი, გამონაბოლქვიც არ აქვს და გზებიც აღარ იქნება გადატვირთული“.

სპეციალისტებიც მიიჩნევენ, რომ ტრამვაი საუკეთესო მიწისზედა ელექტროტრანსპორტია და მას, გადატვირთული ინფრასტრუქტურის განმუხტვის გარდა, დედაქალაქისთვის სხვა სარგებლის მოტანაც შეუძლია. საინიციატივო ჯგუფ „თბილისის ტრამვაის“ წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ტრამვაის აღდგენის შემდეგ თბილისი ტურისტებისთვისაც მეტად მიმზიდველი გახდება. თბილისის ტრამვაი ხომ თავის 130 წლიანი ისტორიით, მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ქალაქის განუყრელი ნაწილი იყო, მასთან ერთად იცვლებოდა და მის პოლიფონიაში საკუთარი, გამორჩეული წვლილი შეჰქონდა, თუმცა რატომ წარსულ დროში? გადაწყვეტილია: თბილისში ტრამვი ბრუნდება!
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG