Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა სოფელი პერევი დატოვეს


რუსი სამხედროები სოფელ პერევში
რუსი სამხედროები სოფელ პერევში
გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა დაადასტურა, რუსეთის სამხედრო წარმომადგენლები სოფელ პერევიდან გავიდნენ. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი“ უტიაშვილის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ საჩხერის რაიონის ამ სოფელს უკვე სრულად აკონტროლებს საქართველოს პოლიცია. იუწყებიან ასევე, რომ სოფელში სრული სიმშვიდეა. ცნობა, რომ რუსეთის მხარე ოკუპირებულ სოფელ პერევიდან სამხედროების გაყვანას აპირებდა, გასულ ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს გავრცელდა, როცა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა გააკეთა ამ შინაარსის განცხადება, მაგრამ მაშინ არ დაზუსტებულა, როდის მოხდებოდა სოფლის დეოკუპაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გააკეთა საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსი სამხედროების გაყვანასთან დაკავშირებით. ამ ფაქტს სამინისტრო „სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს და მიუთითებს, რომ თითოეული სოფლის დეოკუპაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, უწინარეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუმცა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფელ პერევიდან საოკუპაციო ჯარის გაყვანა მხოლოდ „მიკროსკოპული“ ნაბიჯია იმ ვალდებულებების ფონზე, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, ბოლომდე შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და მოახდინოს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის სრული დეოკუპაცია“.
XS
SM
MD
LG