Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გამრეკელი - ქართული ვოკალის მშვენება


თბილისის ოპერა
თბილისის ოპერა
ცნობილი ქართველი მომღერალი დავით გამრეკელი დაჯილდოებული იყო უნიკალური ხმით. მისი ბარიტონი ხავერდოვანი ტემბრით და კეთილშობილებით გამოირჩეოდა. არტისტული ტემპერამენტი, საოცარი სითბო, სიმღერის ლაღი სტილი სრულიად განუმეორებელ აურას ქმნიდა. შემთხვევითი როდია, რომ გასული საუკუნის ორმოციან წლებში მომღერალი თბილისელი მსმენელის კერპად იქცა - გამრეკელი ხომ ჭეშმარიტად ქართველი მომღერალი იყო. საინტერესოა, რომ მოგვიანებით, მოსკოვის დიდ თეატრში მუშაობის პერიოდში, მისი ქართული მგრძნობელობა და მსოფლშეგრძნება ხშირად იქაურ დირიჟორთა წინააღმდეგობას აწყდებოდა. კერძოდ, ისტორიას შემორჩა მისი კონფლიქტი წარმოშობით თბილისელ სამუილ სამოსუდთან, რომელიც 1943 წლამდე დიდ თეატრს ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს დირიჟორი და მომღერალი საოპერო პარტიის ინტერპრეტაციაზე ვერ შეთანხმდნენ, რის შედეგადაც, გამრეკელმა რეპეტიცია დატოვა. არადა, ქართველი ბარიტონის ხმის ბგერადობაში კონცენტრირებული იყო გრძნობების უმდიდრესი სამყარო, რაზედაც მისი ყოველი მუსიკალური ფრაზა, ყოველი ინტონაცია მეტყველებდა. სამოსუდის მშრალი აკადემიზმისგან ეს ძალიან შორს იყო. ჩვენი ცნობილი მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელი სამართლიანად აღნიშნავს, რომ: ”დავით გამრეკელის სასიმღერო ინდივიდუალობის თავისებურებები, მისი ხმის სულისმიერი თუ ფიზიკური პარამეტრები საერთაშორისო სტანდარტებს, ვოკალური ხელოვნების უმაღლეს კრიტერიუმებს შეესაბამებოდა. დროთა განმავლობაში დავით გამრეკელის ფენომენალური ხმა და სასიმღერო ტალანტი თავადაც ეტალონად იქცა.” უნდა ითქვას, რომ სწორედ ქალბატონ მანანას მეცადინეობით გამოიცა 2005 წელს, საქართველოში პირველად, კომპაქტ-დისკი, დავით გამრეკელის უნიკალური ჩანაწერებით. ყოფილი პირველი ტელეარხის არქივში მოპოვებული მუსიკალური მასალა ბრწყინვალედ დაამუშავა ხმის რეჟისურის ქართველმა დიდოსტატმა მიხელ კილოსანიძემ.

დავით გამრეკელი დაიბადა ჭიათურაში 1911 წლის 27 ივლისს. 1935 წელს მან დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ვრონსკის კლასით. იმავე წელს ახალგაზრდა ქართველმა ბარიტონმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე იმღერა ელეცკის პარტია ჩაიკოვსკის ოპერაში ”პიკის ქალი”. 1937 წელს მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, მომღერალმა დიდი წარმატებით შეასრულა კიაზოს პარტია ფალიაშვილის ”დაისიდან”. კიდევ ერთი წლის შემდეგ გამრეკელი ვოკალისტთა პირველი საკავშირო კონკურსის ლაურეატი გახდა. მომდევნო პერიოდში თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე მან წამყვანი პარტიები იმღერა ქართულ და უცხოურ ოპერებში. 1943 წელს მომღერალს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. სულ მალე გამრეკელის შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა - ის მოსკოვის დიდ თეატრში სოლისტად მიიწვიეს. საბჭოთა კავშირის მთავარ სცენაზე ქართველმა ბარიტონმა რვა წელი, 1944-დან 52-მდე, გაატარა.

თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე დავით გამრეკელმა ოცდაათამდე საოპერო პარტია შეასრულა. შთამბეჭდავია მათი ჩამონათვალი: ჩაიკოვსკის ევგენი ონეგინი, ვერდის რიგოლეტო, ჟერმონი და რენატო, ბიზეს ესკამილიო და სხვ. გრამფირფიტაზე ჩაწერილია რიმსკი-კორსაკოვის ოპერა ”სადკო”, სადაც ჩვენი გადაცემის გმირს პარტნიორობას უწევდნენ სახელგანთქმული საბჭოთა მომღერლები ბარსოვა, ხანაევი, რეიზენი, პეტროვი. განუმეორებელი იყო გამრეკელის მიერ მშობლიურ თბილისში შესრულებული პარტიები ქართულ ოპერებში ”აბესალომ და ეთერი”, ”დაისი”, ”თქმულება შოთა რუსთაველზე”. 1944 წელს მან, კიდევ ერთ ცნობილ ქართველ მომღერალ დავიდ ბადრიძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სიკო დოლიძისა და დავით რონდელის ფილმში ”ჯურღაის ფარი”, რომელმაც მოგვიანებით სტალინური პრემია დაიმსახურა. 29 ნოემბერს შესრულდება ოცდათორმეტი წელი, რაც ჭეშმარიტად სახალხო არტისტი, დავით გამრეკელი, ჩვენთან აღარ არის. მისი მშვენიერი ხმა უნიკალურ ჩანაწერებში ცოცხლობს.
XS
SM
MD
LG