დავით ყიფიანი დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს თბილისში. ფეხბურთის თამაში დაიწყო სახელგანთქმულ 35-ე სკოლაში. 1970 წელს თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში", 1971-82 წლებში - თბილისის "დინამოში". საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 245 მატჩი და გაიტანა 79 გოლი, საბჭოთა ნაკრებში - 19 მატჩი და 7 გოლი. იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში და ევროპის თასების თასის მფლობელი. 1977 წელს აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად, 1980 წელს ითამაშა ევროპის ნაკრებში. სხვადასხვა წლებში წვრთნიდა თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივს", იაროსლავლის "შინიკს", ქუთაისის "ტორპედოს", საქართველოს ნაკრებს. სპორტის დამსახურებული ოსტატი, ფიფას ღირსების ორდენის კავალერი. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა საქართველოს თასის გათამაშებას. დაიღუპა ავტოკატასტროფაში 2001 წლის 17 სექტემბერს.
ენციკლოპედიაში - "ფეხბურთის 100 წელი" - დავით ყიფიანის საფეხბურთო ოსტატობა ასეა შეფასებული: "გამოირჩეოდა ბურთის ფლობისა და მეტოქის გვერდის ავლის მაღალი ტექნიკით, ისეთი გრძელი გადაცემის გაკეთების უნარით, რომელიც მყისიერად ამწვავებდა თამაშს. ერთნაირად ძლიერი იყო შეტევების ორგანიზებასა და დაგვირგვინებაში. მოედნის საუცხოო ხედვა, ჩანაფიქრის მახვილგონიერება, შესრულების არტისტიზმი ყიფიანს საშუალებას აძლევდა მთავარი მოქმედი პირი ყოფილიყო გუნდში, რომელიც ევროპაში საუკეთესოთა რიცხვში შევიდა."
საცნობარო გამოცემათა სტილი, როგორც წესი, ზომიერია და ლაკონიური, თუმცა ენციკლოპედიის შემდგენლებმა ამჯერად ტრადიციას უღალატეს და დავით ყიფიანისთვის იშვიათი გამონაკლისი დაუშვეს. მიზეზი გასაგებია: ყიფიანი, როგორც ორიგინალური ხელწერის ფეხბურთელი, სტანდარტებზე მაღლა დგას და მისი საფეხბურთო ნიჭის შესაფასებლად მშრალი ტექსტი ვერ გამოდგება. მეტიც: შეუძლებელია სიტყვებით აღწერო და მეტ-ნაკლები სიზუსტით გადმოსცე ყველაფერი ის, რასაც ყიფიანი მოედანზე აკეთებდა. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ და ასე მოვიქცეთ აუცილებლად, რათა გავიხსენოთ დიდი ქართველი ფეხბურთელი, ვის სახელსაც უკავშირდება თბილისის "დინამოს" უმთავრესი გამარჯვებები. ყიფიანზე და მისი თაობის "დინამოზე" ბევრი თქმულა, ბევრიც დაწერილა. ამ მასალის ერთი ნაწილი თავმოყრილია შარშან გამოცემულ საინტერესო კრებულში "დღესასწაულის წადილი", რომელიც ყიფიანის ბავშვობის მეგობარმა გიორგი გორგოძემ შეადგინა.
[გიორგი გორგოძის ხმა] "რომელ ცნობარშიც არ უნდა ჩაიხედოთ, დათო ყიფიანის დაბადების თარიღად 1951 წლის 18 ნოემბერია მითითებული. სინამდვილეში, დათო 18 ივნისს არის დაბადებული და ეს პატარა ეშმაკობა ჯერ კიდევ 1969 წლიდან იღებს სათავეს, როცა საბჭოთა კავშირის 18-წლამდელთა ნაკრები მის თავკაცს ევგენი ლიადინს შოტლანდიაში უნდა წაეყვანა უეფას ტურნირზე. იქ მხოლოდ პირველ აგვისტოს მერე დაბადებულები მიჰყავდათ. ამ ტურნირის დაწყებამდე ორი კვირით ადრე საბურთალოზე, კინოთეატრ "თანამგზავრის" ეზოში, მე და ჩვენს მეგობარს ფეხბურთი გვეთამაშა. ექვს გოლამდე იყო თამაში და ხუთი ფორა მოგვცა, მარჯვენა ფეხით არ უნდა შეეგდო, ცენტრის იქით არ უნდა დაერტყა. მოკლედ, ხუთით ხუთი რომ გახდა, ლევანმა ფეხი გამოსდო და იქიდან პირდაპირ ტრავმატოლოგიურში გავაქანეთ პროფესორ ღუდუშაურთან. ასე დარჩა ყიფოს გვერდზე შოტლანდია და გადასწორებული პასპორტი. ხოლო მისი მეგობრები წელიწადში ორჯერ აღვნიშნავდით მის დაბადების დღეს."
1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ ქართულ ფეხბურთზე მთელი ევროპა ალაპარაკდა. ყიფიანისა და დინამოელთა სხვა ლიდერების ოსტატობას მაღალ შეფასებას აძლევდნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის - ჰელმუტ შიონი, ბობი ჩარლტონი, არტემიო ფრანკი და სხვები. რამდენიმე ციტატას აქვე შეგახსენებთ: "დინამომ" მაყურებელს ვირტუოზული ნომრები უჩვენა. ყიფიანი შეუდარებელია, ის თავისი ტრიუკებით ცირკშიც წარმატებით გამოვიდოდა;" "რაც ყიფიანს, ჩივაძეს, დარასელიას ბურთთან კონტაქტში შეუძლიათ, ბუნდესლიგის ნებისმიერი მოთამაშისთვის დიდი პატივი იქნებოდა;" "ქართული გვარები ძნელი წარმოსათქმელია, მაგრამ ყიფიანი ყველას დაგვამახსოვრდა. დღეს ევროპაში ასეთი მასშტაბის ოთხი-ხუთი ვარსკვლავი თუ მოიძებნება". ერთი წლის შემდეგ, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ესპანურ ჟურნალ "მუნდიალში" 24 ფინალისტი გუნდის მწვრთნელებმა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს. მარადონას, ზიკოსა და პლატინის შემდეგ, ყიფიანი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. რაც შეეხება საქართველოს, აქ, ცხადია, ყიფიანს ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს. დავით ყიფიანს საკუთარ წარმატებებზე ლაპარაკი არ უყვარდა, სხვებს კი ყოველთვის დიდი პატივისცემით მოიხსენიებდა. ნახეთ, როგორი სიყვარულით იხსენებს მიხეილ მესხს, რომელსაც განსაკუთრებით აფასებდა:
[დავით ყიფიანის ხმა] "გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი ტოლი ფეხბურთელი იშვიათად შემხვედრია. ეს პიროვნება მოვლენილი იყო ქართველთა გასახარებლად. მისი ყოველი გამოჩენა საფეხბურთო მინდორზე იყო დიდი დღესასწაული. მე პატარა ბიჭი ვიყავი, როცა მიშას თამაში ვნახე. მთელი ჩემი ოჯახი, მამაჩემის თამადობით, მისი გულშემატკივარი იყო."
ისევე როგორც მიხეილ მესხმა, ყიფიანმაც მთელი ცხოვრება ფეხბურთს მოახმარა. "დინამოდან" წასული, მალე კვლავ " დინამოში" მიბრუნდა, ახლა უკვე მწვრთნელის რანგში. მერე იყო სხვა გუნდები, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. ყიფიანი, როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი, სამაგალითო იყო ყველასათვის, - ასე ფიქრობს მურთაზ ხურცილავა, ვისაც, მოედანზეც და მწვრთნელის სკამზეც, ყიფიანთან არაერთი საფეხბურთო სეზონი გაუტარებია:
[მურთაზ ხურცილავას ხმა] "დათო 1971 წელს მოვიდა თბილისის "დინამოში". ძალიან კარგი მეგობრობა გვქონდა მე და დათოს. სამწუხაროდ, ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან, არადა, კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო ქართული ფეხბურთისთვის. როგორც ფეხბურთელი, ორი აზრი არ არის, დიდი ფეხბურთელი იყო, მოაზროვნე, ძალიან ტექნიკური. ბურთს რომ მიიღებდა, იცოდა, მერე რა გაგრძელება უნდა გაეკეთებინა."
2001 წლის 17 სექტემბერს ყიფიანის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. ჩვენ, ვისაც წილად გვხვდა ახალკაცის დროინდელი "დინამოს" თამაშის ხილვის ბედნიერება და სტადიონის სალაროებთან ღამეები გვითენებია, ბევრჯერ გაგვახსენდება დიდი გუნდი და მისი განუმეორებელი მაესტრო - დავით ყიფიანი.