Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საბრძოლო მზადყოფნა მორიგი სამხედრო ამბოხის ფონზე


იმ ადამიანებს, ვინც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ზედმეტ თავდაჯერებულობაში ადანაშაულებს, 24 მარტს კრიტიკის ახალი საბაბი მიეცათ.

ორშაბათ საღამოს 20 ყოფილი გვარდიელისგან შემდგარმა რაზმმა სრულიად დაუბრკოლებლად შეძლო თბილისის ცენტრში მდებარე სამხედრო ნაწილში შეღწევა, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის ხელში ჩაგდება და შტაბში გამაგრება. ამ სამხედრო ავანტიურამ მთელი სიცხადით დაადასტურა, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს, სასიცოცხლო ობიექტების დაცვის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული განსაკუთრებული ზომები. ამასთან, 24 მარტის მოვლენები, შესაძლოა, სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, რომ არა ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული "კომანდოს" ბატალიონი, რომელმაც რამდენიმე წუთში შეძლო ამბოხებულთა შტაბის ლოკალიზება.

ანტიერაყული კოალიციის წევრისა და ნატოს წევრობაზე მეოცნებე საქართველოსთვის ყველაზე სუსტი წერტილი კვლავაც საკუთარი არამოტივირებული სამხედრო სისტემაა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანამ სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო მღელვარება გადაიტანა: 2001 წლის 25 მაისს ეროვნული გვარდიის ოპერატიულმა პოლკმა წამოიწყო სამხედრო ამბოხი სოფელ მუხროვანში, 2002 წლის მარტში შინაგანი ჯარის 40 მებრძოლმა მიატოვა საბრძოლო საგუშაგოები პანკისის ხეობაში, იმავე წლის ივლისში, პროტესტის ნიშნად, 102 ქართველმა ოფიცერმა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. სამხედრო სტრუქტურისთვის მიუღებელი ფორმით გამოხატული თითოეული საპროტესტო აქციის უკან თითქმის მსგავსი შინაარსის მიზეზები დგას: არმიის დაუფინანსებლობა, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობა, მეთაურის მხრიდან პირადი შემადგენლობის აბუჩად აგდება, მმართველობის დრომოჭმული სტილი, კორუფციული ურთიერთობები და გაურკვეველი მომავალი. მსგავსია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაც: შესაბამისი სტრუქტურის ხელმძღვანელები პოსტფაქტუმ აცხადებენ, რომ ჰქონდათ წინასწარი ინფორმაციები მღელვარების მზადების შესახებ, მაგრამ არასოდეს არ მიიჩნევენ საჭიროდ დააზუსტონ, თუ რატომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდა დანაშაულის პროფილაქტიკა. ხელისუფლების ხელწერა არ იცვლება სამხედრო მღელვარების შეფასების საკითხშიც: ყოველთვის ხაზი ესმება სამხედრო ამბოხის უკან მდგარ რაღაც "მესამე ძალას" და "მეხუთე კოლონას". თუმცა რეალურად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნა აღმოჩენილი ის ძალა, ვინც პერმანენტულად არის დაინტერესებული საქართველოში სამხედრო ავანტიურის ორგანიზებით. მეტიც, ხელისუფლების რეაქცია ზოგჯერ მოულოდნელიც კია - 2001 წლის მაისის მუხროვანის ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი, უკრაინაში სამხედრო ატაშედ დაინიშნა, პოლკოვნიკი კობა ოთანაძე კი სხვა უწყებაში ასევე მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. ერთადერთი, ვინც ყველაზე სასტიკად დაისაჯა, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავაა, რომელსაც წოდება ჩამოართვეს და არმიის რიგებიდან დაითხოვეს. ჯანჯღავას მიერ გამოხატული პროტესტი, მინისტრ თევზაძის პოლიტიკის გაკრიტიკება საჯარო გამოსვლებში, მართალია, იმსახურებდა დისციპლინურ სასჯელს, მაგრამ არ გასცდენია ცივილიზებული პროტესტის ფორმას.

ორშაბათს, 24 მარტს, ვეტერანი გვარდიელების მიერ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შეჭრა, შტაბისა და შეიარაღების ხელში ჩაგდება და ხელისუფლების მიმართ ულტიმატუმის წაყენება არც ერთ ზემოხსენებულ საპროტესტო აქციას არ ჰგავს. ამ პრეცედენტის უკან შეიძლება ამოვიკითხოთ სამხედრო სისტემის უკონტროლობა, პრევენტიული უსაფრთხოების ძალების თანდაყოლილი სისუსტე და მომავალი სამხედრო მღელვარებების მაღალი ალბათობა. სიახლეა ისიც, რომ 24 მარტის ექვსსაათიან სამხედრო ავანტიურაში უკვე აღარ მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი სახელები, როგორიც ოთანაძე ან კრიალაშვილი იყვნენ - მარტიაშვილი და გალდავა ხომ მხოლოდ ვეტერანის სტატუსით სარგებლობენ და შევარდნაძის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ოპონენტის თენგიზ კიტოვანის თანამოაზრეები არიან. შესაბამისად, მათ მიმართ კანონის მთელი სიმკაცრით ამოქმედებისას ხელისუფლებას ხელი აღარ აუკანკალდება. საქართველოში ხომ დიდი ხანია არავინ დასჯილა სამაგალითოდ! ქართული თემიდა მრისხანეა, როგორც არასდროს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG