Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა ყველაზე ელიტარულ სამხედრო ნაწილში – ისევ გაურკვეველია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, თავდაცვის სამინისტრო და პოლიტიკოსები ჯერაც ვერ არქმევენ სახელს 19 ივლისის მოვლენებს, როცა საქართველოს ყველაზე ელიტარულ სამხედრო ნაწილად

აღიარებული კომანდოსის ბატალიონის 102 ოფიცერმა და ზემდეგმა მინისტრს ჯარიდან დათხოვნის შესახებ პატაკით მიმართა. რა იყო ეს – სამხედრო ბუნტის მცდელობა, ჯარში არსებულ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობის საშუალება თუ პოლიტიკური ინტრიგა?

როგორც კი კოჯრის ბატალიონში მომხდარი ფაქტი გახმაურდა, ძალაუნებურად მეხსიერებაში წამოტივტივდა ერთი წლის წინანდელი მოვლენები, როცა ეროვნულმა გვარდიამ დატოვა დისლოკაციის ადგილი, შეიჭრა მუხროვანის ბრიგადის ტერიტორიაზე და სოციალური პრობლემების მოგვარება მოითხოვა. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 19 ივლისისა და 25 მაისის მოვლენებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ – ორივე მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა.
ყველაზე გაუგებრად კომანდოსების პროტესტის მოტივი რჩება. ერთი მხრივ, სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ნიკოლოზ ჯანჯღავა აცხადებს, რომ უკმაყოფილება სოციალური პრობლემებით არ არის გამოწვეული და ოფიცრები, უბრალოდ, დაიღალნენ. მეორე მხრივ, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე მომხდარს ნიკოლოზ ჯანჯღავას არაადეკვატური ქმედებით ხსნის, თუმცა არც პოლიტიკური მოტივის შესაძლებლობას გამორიცხავს.
[დავით თევზაძის ხმა] “ძალიან ცუდი იქნება, თუ გამოიკვეთა, რომ ეს მიდის პოლიტიკამდე.”
და მაინც, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ ძალიან მშვიდად მიიღო კოჯრის ბატალიონის ოფიცრების პროტესტი. მუხროვანის აჯანყებისგან განსხვავებით, პრეზიდენტი შევარდნაძე არათუ არ შეხვდა კოჯრის ბატალიონის შემადგენლობას, არამედ იალტაში გაემგზავრა სუუამის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. 19 ივლისს თბილისში არც რანგით სახელმწიფოს მეორე პირი, პარლამენტის თავმჯდომარე, იმყოფებოდა – ნინო ბურჯანაძე ქობულეთში, პარლამენტის ბიუროს გასვლით სხდომაზეა და იქიდან მოუწოდებს ქართველ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ “წვრთნისა და აღჭურვის” ამერიკულ პროგრამას, რომელიც, ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით, 2000 კაციანი ანტიტერორისტული ქართული ბატალიონების მომზადებას გულისხმობს. მისივე განცხადებით, არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ამ პროგრამის განხორციელებას.
20 ივლისს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დადგენილი განრიგით ხორციელდება. კერძოდ, 20 ივლისს იალღუჯის სამხედრო პოლიგონზე დაიწყო პროგრამის მეორე ეტაპი. აღმოსავლეთ საქართველოდან უკვე ჩამოვიდა 365 რეზერვისტი, რომლებსაც ორშაბათს იმავე რაოდენობის რეზერვისტი შეუერთდება დასავლეთ საქართველოდან. რეზერვისტებს კომანდოსის სპეცბატალიონის ქართველი ოფიცრები მოამზადებენ. 19 ივლისის აქციის მერე მხოლოდ სამმა ოფიცერმა დატოვა კოჯრის სასწავლო ცენტრი. ერთთვიანი მოსამზადებელი კურსის შემდეგ შერჩეულ 400 სამხედრო მოსამსახურეს უკვე ამერიკელი სამხედროები გაწვრთნიან.
XS
SM
MD
LG