Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია - რელიგიური ექსტრემიზმი


ანდრო ეული ოთხშაბათს გერმანიის მთავრობამ კანონგარეშედ გამოაცხადა ისლამისტ ექსტრემისტთა რადიკალური ორგანიზაცია სახელწოდებით ”ჰილაფეთ დევლეთი” ანუ ხალიფატის სახელმწიფო, რომელიც ცნობილია აგრეთვე

როგორც ”ისლამისტური ჯგუფებისა და სათვისტომოების ასოციაცია”. ქალაქ კიოლნში დაფუძნებულ ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს თურქეთის მოქალაქე, მეთინ კაპლანი, რომელსაც თურქეთში სამშობლოს ღალატის ბრალდება აქვს წაყენებული, ხოლო გერმანიაში ამჟამად იხდის პატიმრობის სასჯელს მკვლელობისკენ წაქეზების ბრალდებით.

ვიდრე ”ხალიფატის სახელმწიფო” 12 დეკემბერს კანონგარეშედ გამოცხადდებოდა, პოლიციამ რეიდები მოაწყო ამ ორგანიზაციისა და მისი 19 განყოფილების დაწესებულებებში, ბინებსა და მეჩეთებში გერმანიის რამდენიმე მხარეში: მათ შორის ბავარიაში, ქვემო საქსონიაში, ჰესენსა და ბერლინში. მოხდა ორგანიზაციის ქონების სრული კონფისკაცია, ხოლო გერმანიის საიმიგრაციო კანონის დარღვევის გამო ქალაქ ვისბადენში ერთი ადამიანი დააპატიმრეს.

პრეს-კონფერენციაზე ბერლინში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ოტო შილიმ განაცხადა, რომ ისლამისტ ექსტრემისტთა ორგანიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, აგრეთვე გერმანიის უშიშროებას:

[ოტო შილის ხმა] ”ხალიფატის სახელმწიფო ისლამურ თეოკრატიულ სახელმწიფოს აყენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მაღლა და ალაჰის სახელით ძალადობას ამართლებს. ეს კი, ხალხის სუვერენიტეტის ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება”.

გადაწყვეტილება ”ხალიფატის სახელმწიფოს” აკრძალვის შესახებ ცხრა ნოემბერს იქნა მიღებული, როცა გერმანიის პარლამენტმა სათანადო ცვლილება შეიტანა ქვეყნის კონსტიტუციაში და მიიღო ახალი კანონი, რომელიც რვა დეკემბერს შევიდა ძალაში. კაპლანის ორგანიზაცია პირველი რელიგიური დაჯგუფებაა, რომელსაც ეს კანონი შეეხო. აქ შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებში მონაწილე სამი თვითმკვლელი ტერორისტი წლების მანძილზე ცხოვრობდა ქალაქ ჰამბურგში და ამდენად, გერმანია ანტიტერორისტული გამოძიების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ოტო შილის არ უთქვამს, მონაწილეობდა თუ არა ”ხალიფატის სახელმწიფო” 11 სექტემბრის ტერაქტებში, თუმცა გერმანელ გამომძიებლებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ 1996-97 წლებში კაპლანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოსამა ბინ ლადენთან. ამავე პერიოდში ”ხალიფატის სახელმწიფოს” წევრები რამდენჯერმე ჩავიდნენ ავღანეთში და ”ალ ყაიდის” ლიდერებს შეხვდნენ.


მიმდევართა შორის ”კიოლნის ხალიფად” ცნობილი კაპლანი გამოდის საჯარო მოწოდებით, რომ თურქეთში დამხობილ იქნეს ამჟამინდელი სეკულარული მთავრობა და ის ისლამური რეჟიმით – ხალიფატით შეიცვალოს. ოტო შილის იმიტომაც მიაჩნია გამართლებულად ”ხალიფატის სახელმწიფოს” აკრძალვა, რომ ორგანიზაცია ეწევა აგიტაციას თურქეთისა და ისრაელის წინაღამდეგ.

უკვე ორი წელია თურქეთის ხელისუფალნი კაპლანის გაცემას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ 1998 წელს ამ სასულიერო პირმა მოაწყო თურქეთის სახელმწიფოს დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმის აფეთქების წარუმატებელი მცდელობა, როცა თვითმკვლელი ტერორისტი თვითმფრინავით უნდა დაჯახებოდა შენობას. აქამდე გერმანია უარს ამბობდა თურქეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან შიშობდა, რომ თურქეთში კაპლანს წამება და სიკვდილით დასჯა მოელის. მაგრამ პრეს-კონფერენციაზე ბერლინში ოტო შილიმ განაცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლებმა შესაძლოა გადასინჯონ თავიანთი პოზიცია ამ საკითხში, თუ ანკარისაგან მიიღებენ გარანტიას, რომ სამშობლოში დაბრუნებულ კაპლანს სიკვდილით არ დასჯიან.

კაპლანის განსვენებული მამა – ჯემალეთინი, თურქეთში სამოცდაათიანი წლების დამლევსა და ოთხმოციანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურად განწყობილი ისლამისტი ექსტრემისტი იყო და ირანის მაშინდელ უზენაეს სულიერ ლიდერს – აიათოლა ხომეინის ეთაყვანებოდა. გერმანიაში ემიგრირებული ჯემალეთინი თურქეთში ისლამური სახელმწიფოს დაარსების პროპაგანდას ეწეოდა. ხოლო მისი შვილის, მეთინ კაპლანის ორგანიზაცია ”ხალიფატის სახელმწიფო” 1983 წელს დაარსდა, როცა უფრო დიდსა და ზომიერ ისლამურ ორგანიზაციას ”მილი გორუს” გამოეყო. დღეს მას გერმანიაში 1200-დე რეგისტრირებული წევრი ჰყავს, ხოლო თურქეთში - სამასამდე მიმდევარი.

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ოფიციალურმა ანკარამ მოუწოდა გერმანიას, ბელგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს, სადაც ეთნიკური თურქების ანდა ქურთების მრავალრიცხოვანი სათვისტომოებია, მიიღონ სათანადო ზომები აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG