ავტორი: თამარ გაზდელიანი
ხიდს აქეთ ოტობაიაა, სამეგრელო. ხიდს იქით კი ორსანტია-გალი, აფხაზეთი. ასე ვიყავით მე და აფხაზეთი გაღმით და გამოღმით, შუაში კი ენგური მოდიოდა. ხიდიან ხტებოდნენ მეგრელი ბავშვები ენგურში, ენგურში რომელიც ერთდროულად აფხაზეთიც იყო და სამეგრელოც. ენგურში, რომლმაც ერთ დროს მთვარე მოიტაცა. და დადიოდნენ მეგრელები და აფხაზები ერთ ხიდზე თხილის ტომრებით. მეგრელები და აფხაზები, რომლებისთვისაც ეს ხიდი ხიდიც იყო და იყო ხიდზე უფრო მეტიც.
ერთ-ერთი ორგანიზაციისტრენინგის ფარგლებში ანაკლიაში მომიხდა წასვლა, სადაც მოკლემეტრიაჟიანი დოკუმენტური ფილმი უნდა გადაგვეღო. თემები „რენდომით“ განისაზღვრა. ჩემს ჯგუფს „დევნილები“ შეხვდა. თავიდან სახეც კი შემეცვალა, გავიფიქრე, რომ ათასგზის გადღეჭილ თემაზე, როგორ უნდა მომეხერხებინა, რომ რაღაც ახალი მეთქვა. მოკლედ მიუხედავად ყველაფრისა საქმეს მაინც ჩასვლიდან მეორე დღეს შევუდექით. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ მე „თითქმის აფხაზეთში“ მომიწევდა წასვლა. სოფელ „ორსანტიაში“ წავედით. სოფლის ბოლოს ხიდს მივადექით, რომლის იქითაც სოფელი „ოტობაიაა“, სოფელი, რომელიც გალის რაიონს ეკუთვნის და სოფელი რომელსაც ქართული მხარე აღარ აკონტროლებს. ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის პრაკტიკაში საზღვართან ასე ახლოს, პირველად მოვხვდი. მანქანიდან ფეხი როგორც კი გადავდგი, მაშინვე ვიგრძენი რომ რაღაც სხვა ხდებოდა. ეს არ ჰგავდა არც პარლამენტში მუშაობას, არც საკრებულოს სხდომის გაშუქებას, ან რომელიმე აქციაზე ყოფნას. ეს იყო პირველი გადაღება, სადაც ჰაერი ჩავისუნთქე და დიდი ხანი დამჭირდა ამომესუნთქა, გადაღება რომლის დროსაც ისე დავიძაბე, როგორც არასდროს პროფესიული საქმიანობისას.ვიყავი ერთდროულად ძალიან სავსეც და ძალიან ცარიელიც. პირველად მეწყინა, რომ სადღაც ვერ გადავდიოდი, წყენა ტკივილამდე. რაღაც ასეთი იყო. აფხაზეთი აქამდე ჩემი არ ყოფილა, რადგან არასოდეს მიფიქრია გადასვლა, მაგრამ როცა ხიდზე გადასხვლა მომინდა მაშინ უკვე ჩემი გახდა.
p.S
საკუთრ სახლში გინდა შესვლა, მეზობელმა კი გასაღები წაგართვა და გეუბნება, რომ სახლი შენ აღარ გეკუთვნის, შეგიძლია შუქის, გაზის და სხვა კომუნალური გადასახადები გადაიხადო, თუმცა ფეხსაც კი ვერ შეადგამ.