Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტატისტიკაში დაკარგული კრიმინალი


2016 წლის 9 თვის განმავლობაში, 2014-15 წლებთან შედარებით, საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სახელწოდებით „2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და მისი ხელმისაწვდომობა“. ორგანიზაციის წარმომადგენლები განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევენ შსს-ს მიერ სტატისტიკის არასრულყოფილად გამოქვეყნებას.

გადმოწერა

2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში რეგისტრირებულია 27 846 დანაშაული, რაც, 2015 წელთან შედარებით, 1394 ერთეულით მეტია. როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება შემდეგი სახის დანაშაულებებისა: დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ; დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; სატრანსპორტო დანაშაული. როგორც ლევან ავალიშვილი, IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, 2012 წლის მასშტაბური ამნისტიის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა უარყოფითი მოლოდინი, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდებოდა. შესაბამისად, ამ პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი დანაშაულის სტატისტიკის მიმართ, თუმცა, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიულად არ ასაჯაროებდა სრულ სტატისტიკურ მონაცემებს. ეს სიტუაცია შეიცვალა 2015 წელს, თუმცა ცოტა ხნით. ლევან ავალიშვილის თქმით, მიმდინარე წელს დანაშაულის სრულყოფილი სტატისტიკა კვლავ არ ქვეყნდება, რაც ართულებს დანაშაულთან დაკავშირებული ტენდენციების გამოვლენას. მეტიც, ლევან ავალიშვილის თქმით, შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ვლინდება ცდომილებები, რაც ეჭვქვეშ აყენებს უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობას:

„როდესაც 2014 წელს შსს-მ გამოაქვეყნა 2013 წლის მონაცემები და შემდეგ, 2016 წელს, კვლავ გამოაქვეყნეს ამავე პერიოდის, 2013 წლის, მონაცემები, ეს მონაცემები ერთმანეთს არ დაემთხვა, განსხვავებულია. ანუ სანდოობის საკითხიც კი დგება დღის წესრიგში. რამდენად შეგვიძლია ვენდოთ იმ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელსაც აქვეყნებს შსს, რაც პრობლემის კიდევ სხვა მხარეა და, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი მხარე, ვიდრე,ზოგადად, ის, ქვეყნდება თუ არა სტატისტიკა“.

ერთი ფაქტი მომიყვანეთ დამალული დანაშაულის შესახებ. ეს ცდომილება შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, რაც გამოსწორდება, მაგრამ თქვენ მე მეუბნებით, რომ დანაშაული იმალება, მე კიდევ გეუბნებით, მითხარით, რომელიმე ფაქტი, რომელიც თქვენთვის ცნობილია და არ აღირიცხა სტატისტიკაში...
გიორგი მღებრიშვილი

ლევან ავალიშვილის ვარაუდით, ინფორმაციის ასეთი ხელმიუწვდომლობა ბადებს ეჭვს, რომ სამინისტროს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების არათანმიმდევრულობა და მონაცემების ცდომილება განპირობებულია სტატისტიკური მონაცემების შინაარსით და უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

დანაშაულის სტატისტიკის ზრდას კატეგორიულად უარყოფს შსს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ამის შესახებ მან ჯერ კიდევ გასულ თვეში საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, მაშინ, როდესაც პარლამენტში მომავალი მთავრობის წევრების მოსმენები იმართებოდა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ოთარ კახიძის, კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა. რაც შეეხება მონაცემების ცდომილებას, ის ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, ტექნიკური ხარვეზით იყოს გამოწვეული:

„ერთი ფაქტი მომიყვანეთ დამალული დანაშაულის შესახებ. ეს ცდომილება შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, რაც გამოსწორდება, მაგრამ თქვენ მე მეუბნებით, რომ დანაშაული იმალება, მე კიდევ გეუბნებით, მითხარით, რომელიმე ფაქტი, რომელიც თქვენთვის ცნობილია და არ აღირიცხა სტატისტიკაში. ეს კამათი შორს წაგვიყვანს. საქსტატს მიეწოდება სტატისტიკა, რომელიც კვარტალში ერთხელ ქვეყნდება, კიდევ ერთხელ გეუბნებით. რა გინდათ, დავიფიცო თუ დავიგინო“...

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა შსს-სგან მიეღო ინფორმაცია დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსაც“, რაზეც რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს ორგანიზაციის იურისტი მარიამ მხატვარი. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ საქსტატს, შსს-ს, პროკურატურას, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სასამართლოს ხელი აქვთ მოწერილი 2010 წელს გაფორმებულ მემორანდუმზე, რომლის მიხედვითაც, საქსტატის ვებგვერდზე ყოველთვიურად უნდა ქვეყნდებოდეს სამართლებრივი სტატისტიკა, თუმცა 2016 წელს შსს-მ არ შეასრულა მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულება:

„დემოკრატიული პოლიციის ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. შესაბამისად, პოლიცია უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მის ქმედებებზე განხორციელდეს დაკვირვება სხვადასხვა საზედამხედველო მექანიზმებით. ერთ-ერთი მექანიზმი მისი საქმიანობის შეფასების - ეს არის საჯარო ანგარიშები და, ამ შემთხვევაში, სტატისტიკა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შსს აწოდებდეს საზოგადოებას ინფორმაციას არსებული კრიმინოგენური ვითარების თუ რეგისტრირებული დანაშაულისა და გახსნის მაჩვენებლის შესახებ“.

IDFI მოუწოდებს შსს-ს სრულად, თანამიმდევრულად და ყოველთვიურად გამოაქვეყნოს დანაშაულის მაქსიმალურად დეტალიზებული სტატისტიკა, რათა საზოგადოებამ დაინახოს, როგორია, ამ მხრივ, რეალური მდგომარეობა ქვეყანაში; დეტალურად განუმარტოს საზოგადოებას, თუ რა მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობა 2013 წელს დაფიქსირებული დანაშაულის შესახებ სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის რადიკალური განსხვავება; შეასრულოს დანაშაულის კრიმინოგენური რუკის შექმნის ვალდებულება, რომელიც სამინისტრომ “ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში აიღო.

XS
SM
MD
LG