Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მარკეტინგის პრობლემები


სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. შეიქმნა სპეციალური ფონდი, მიმდინარეობს უფასო ხვნა-თესვის პროგრამა და გაიცემა დაბალპროცენტიანი აგროკრედიტები. ამ ძალისხმევას ბევრი ექსპერტი ეჭვის თვალით უყურებს, რადგან როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, მას საქართველოს სოფლის მეურნეობის ბიზნესის მარკეტინგული პრობლემები დაჩრდილავს.

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა. თავდაპირველად უფასო ხვნისა და უფასო სასუქების ვაუჩერების დარიგება დაიწყო, შემდეგ დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი აგროკრედიტების გაცემას შეუდგნენ. სულ ახლახან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დაიჭირეს სახსრების გაფლანგვის გამო, თუმცა პროგრამის დაწყებიდან ჯერ კიდევ ერთი თვის თავზე ფერმერები და გლეხები თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას არ ფარავდნენ დახმარების პროგრამის მიზნებისა და ამოცანების მიმართ. აი, მაგალითად, რა უთხრეს სამი თვის წინ რადიო თავისუფლებას სამცხეჯავახელმა ფერმერებმა:

"მარტო მიწის მოხვნით, რაც პროგრამა არსებობს, სოფელი ვერ აღორძინდება, თუ მოსავალი არ გასაღდა. მოსავალს აქვს დარჩენილი ორი თვე, ამ ორი თვის მერე მოსავალი გადასაყრელია, ფუჭებადია".

"თუ არ გავიდა სადღაც, თითქმის 25 ტონა კომბოსტო მაქვს და ჯერ არც ერთი არ გამიყიდია. ადრე უკრაინაში გადიოდა, აზერბაიჯანში გადიოდა, სომხეთში გადიოდა, მაგრამ წელს არსად არ გადის, აბსოლუტურად".

სამცხე-ჯავახეთის მსგავსად, მოწეული მოსავლის რეალიზების პრობლემა ჰქონდათ აჭარელ ფერმერებსაც.
ხალხის ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს ერგნეთის გზა და იქნებ აქედან იყოს შესაძლებელი - რუსები გამოაგზავნიან ტრაილერებს და ყველაფერს შეისყიდიან. მაგრამ თუ ასე გააკეთებენ, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ფასი ძალიან დაბალი იქნება. ამიტომ ვერ გავიზიარებ ფერმერების ოპტიმიზმს რუსეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, ის ძალიან პრობლემური იქნება...
რემერ ლეინი

პასუხად, მთავრობა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტირების პერსპექტივაზე, უფრო კონკრეტულად კი, რუსეთის ბაზრის გახსნაზე ესაუბრება. სწორედ რუსეთის ბაზარს ასახელებს, სამცხე-ჯავახეთის პროდუქციის რეალიზების თვალსაზრისით, პრობლემის გადაჭრის გზად ქალაქ ვალეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზურაბ ნასყიდაშვილი, რომლის განცხადებითაც, პირველი აპრილიდან ყველაფრის შეტანა შეიძლება რუსეთის ბაზარზე.

ამ განცხადებაში დასახელებული თარიღიდან თითქმის ორი თვე გავიდა, მაგრამ რუსეთის ბაზარზე შეღწევის უფლება, რთული პროცედურების გავლის შემდეგ, ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე დასახელების ღვინომ და მინერალურმა წყალმა მოიპოვა.

ეკონომიკის ქართველი ექსპერტების ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს რუსეთის ბაზრის გახსნის პერსპექტივას. მიზეზებს შორის ბაზრის პოლიტიზებას, იქ არსებულ მკაცრ მოთხოვნებს და კორუფციულ პრობლემებს ასახელებენ. რუსეთის ბაზრის მიმართ საქართველოში არსებულ ოპტიმიზმს არ იზიარებს საერთაშორისო ექსპერტი სოფლის მეურნეობის მარკეტინგის დარგში რემერ ლეინი:

”რუსეთი მკაცრად აკონტროლებს ვის და რა შეაქვს მის ქვეყანაში. განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ პესტიციდების ანალიზს. და თუ რაიმეს აღმოაჩენენ, თქვენი მანდარინი საზღვარზევე დალპება. მაგრამ ხალხის ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს ერგნეთის გზა და იქნებ აქედან იყოს შესაძლებელი - რუსები გამოაგზავნიან ტრაილერებს და ყველაფერს შეისყიდიან. მაგრამ თუ ასე გააკეთებენ, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ფასი ძალიან დაბალი იქნება. ამიტომ ვერ გავიზიარებ ფერმერების ოპტიმიზმს რუსეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, ის ძალიან პრობლემური იქნება”.

რემერ ლეინი
რემერ ლეინი
საქართველოში რემერ ლეინი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ - მოწვევით იმყოფებოდა. მას სოფლის მეურნეობის მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობის ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს, ბოლო დროს კი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეგიდით, სერბიის სოფლის მეურნეობის მარკეტინგის გაუმჯობესების პროექტს ხელმძღვანელობდა.

მისი მოღვაწეობის პერიოდში - 2004 წლიდან 2010 წლამდე - სერბიის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ერთიორად გაიზარდა. თუ დასაწყისში ქვეყანას 150 მილიონი დოლარის სასურსათო დეფიციტი ჰქონდა, 2010 წლისთვის სერბიის სოფლის მეურნეობა ერთ-ნახევარ მილიარდ დოლარამდე ჭარბ პროდუქციას აწარმოებდა. რემერ ლეინის განცხადებით, საქართველოსაც მსგავსი შედეგების მიღწევა შეუძლია:

”რა გვაკლია? ჩვენ არ შეგვიძლია შევაღწიოთ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანად და მომგებიანად. თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი პროდუქცია იყიდება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მეტი გავყიდოთ და უფრო მეტი მოგება მივიღოთ”.

მაგალითად გამოდგება თხილი. საქართველო მსოფლიოში თხილის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა და ბაზრის თითქმის 7 პროცენტს იკავებს. მაგრამ ირკვევა, რომ საქართველოს თხილი არ შეაქვს, მაგალითად, შეერთებული შტატების ბაზარზე, მცირე რაოდენობით შეაქვს გერმანიაში, მით უმეტეს, რომ ამერიკასთან საქართველო ვაჭრობის პრეფერენციების სისტემით, ”ჯი-ეს-პით”, ხოლო ევროკავშირთან ”ჯი-ეს-პი პლუსით” სარგებლობს. ეს სისტემები ქართული პროდუქციის დაბალი საბაჟო გადასახადებით ან სულაც უბაჟოდ ექსპორტირების საშუალებას იძლევა. ამ და სხვა შესაძლებლობების გამოყენებას აგრარული ბიზნესის ექსპერტები შესაძლებლად მიიჩნევენ ნაწარმის სათანადოდ შეფუთვის, ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებისა და მთელ მსოფლიოში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის უპირატესობათა რეკლამირების გზით.
XS
SM
MD
LG