აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხურჩასა და ორსანტიაში. ამერიკელი დიპლომატის სტუმრობა განაპირობა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განზრახვამ, დახუროს ე. წ. საზღვარზე მდებარე ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიის გამშვები პუნქტები, რომლებსაც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები იყენებენ დანარჩენ საქართველოში გადასასვლელად. იან კელიმ განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო შეშფოთებულია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმით. დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა აღიარებს საქართველოს მთლიანობას საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში და, შესაბამისად, არ ცნობს აფხაზეთის საზღვრისა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების არსებობას:
„სრულიად აშკარაა, რომ ეს აისახება ათობით ადამიანის არსებობასა და მათ კეთილდღეობაზე. ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც მდინარე ენგურს მიღმა ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, არიან ძალიან დაუცველები. ლაპარაკია სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ აქ გადმოსვლას და სკოლამდე მისასვლელად, დაახლოებით, 50 კილომეტრის გავლა მოუწევთ შემოვლითი გზებით. ლაპარაკია მოხუცებზე, რომლებიც გადმოდიან სამედიცინო დახმარების მისაღებად, და ლაპარაკია ასევე ოჯახის წევრებზე, რომლებსაც სურთ მათთვის ძვირფას ადამიანებთან შეხვედრა, ქორწილსა თუ დაკრძალვაში მონაწილეობის მიღება. ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რაც უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა იან კელიმ.
ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის თარიღზე განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს. ნაწილი აცხადებს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობისგან გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას ყოველდღიურ რეჟიმში ელოდება, ნაწილს კი იმედი აქვს, რომ ეს პროცესი გადაიდება:
„ამბობენ, ერთი თვე გადაიდოო, თებერვლის ბოლომდე. ზუსტად არ ვიცი“;
„ეს (გადასასვლელი) არ იქნებაო, ენგურის ხიდი იქნება. იქ ცხენია, ურემია, მაგრამ მე მოხუცი ვარ და ვერ ვივლი. ძალიან გაგვიჭირდება“, - განაცხადეს ჟურნალისტებთან საუბრისას ხურჩა-ნაბაკევის ჯერ კიდევ მოქმედი პუნქტის გავლით გადმოსულმა მგზავრებმა. ენგურის ხიდის შემდეგ სწორედ ეს და ოტობაია-ორსანტიის ე.წ. გადასასვლელები გამოირჩევა მგზავრთა სიმრავლით. გალის ქვედა ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მათ ზუგდიდთან სიახლოვის გამო ანიჭებს უპირატესობას. დახურვის შემთხვევაში კი, ისინი შიშობენ, რომ გადაადგილება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, შეუძლებელი გახდება, რადგან ენგურის ხიდამდე დიდი მანძილის გავლა მოუწევთ, რაც დამატებით დროს და თანხას მოითხოვს. გალელები დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებენ, არ დახუროს ქვედა ზონის ე.წ. გადასასვლელები. ამ მოთხოვნით 25 იანვარს ოკუპირებულ რეგიონში ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ცნობით, 200-მდე მოქალაქე შეიკრიბა ენგურის ხიდთან და პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. შედარებით მცირე ზომის საპროტესტო აქცია გაიმართა გალის სოფელ ნაბაკევში.
ნაბაკეველი რესპონდენტი აქციის დეტალებზე რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ჰყვება. მან უსაფრთხოებისათვის ვინაობის დაფარვასთან ერთად ხმის შეცვლა ითხოვა:
„პუნქტები რომ არ დაეკეტათ, ამაზე იყო აქცია. იყო შეძახილები და მოთხოვნა, გზა რომ არ დაეკეტათ“.
„სოხუმში იყვნენ წარმომადგენლები ჩასული მოსახლეობის სახელით. მათ არ უთქვამთ გადაჭრით, რომ გადასასვლელებს დავკეტავთო და ამიტომაც არის გარკვეული მცირე იმედი, რომ დატოვებენ ამ პუნქტებს“, - ამბობს ასევე ნაბაკევში მცხოვრები მამაკაცი, რომლის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ.
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვაზე თბილისის პოზიცია არის მკვეთრი და მკაფიო, რაც მწვავედ ფიქსირდება როგორც ჟენევის დისკუსიებზე, ისე გალის შეხვედრაზე, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მან აღნიშნა, რომ თბილისის პოზიციას სავსებით იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.
„ცალსახად მძიმე პირობებია და ეს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ნაბაკევში გამოსვლის თაობაზე, მოსახლეობის სწორედ ამ განწყობას ასახავს. აქ ექცევიან ასევე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სარგებლობდნენ ამ ე. წ. გადასასვლელებით. თქვენ იცით, რამდენიმე მონაკვეთს, სკოლების სიახლოვის და განათლების ქართულ ენაზე მიღების სურვილით, ბავშვები გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს 60 კილომეტრით აგრძელებს ამ გზას და არის უმძიმესი გამოწვევა", - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
სახელმწიფო მინისტრის სიტყვებით, ეს თემა ჟენევის დისკუსიების ძალიან ბევრ რაუნდზე განიხილებოდა იმ დღიდანვე, რა დღესაც დე ფაქტო მთავრობამ გააკეთა განცხადება ე. წ. გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე. მანვე დასძინა, რომ თბილისი ამ პრობლემას მწვავედ დააყენებს ყველა იმ ფორმატის შეხვედრაზე, სადაც კი ამის შესაძლებლობა იქნება.