რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მიზანმიმართული გეგმები საქართველოში და მთლიანად რეგიონში - ასეთი იყო მსჯელობის მთავარი თემები უშიშროების საბჭოს აპარატის სტრატეგიული დისკუსიის მეორე საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელსაც 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე მასპინძლობდა. კონკრეტულ გამოწვევებსა და საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
საქართველო საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებთან ბრძოლაში, შესაბამისად გაითავისებს დასავლურ ცხოვრების წესს და ორგანულად შეერწყმება დასავლურ ცივილიზაციას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს, როცა ის სტრატეგიული დისკუსიის მეორე საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებს მიმართავდა. თუმცა გიორგი მარგველაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ ბედნიერ დასასრულამდე მიყვანა შეუძლია მხოლოდ დასავლური ძლიერი ფასეულობებისთვის ბრძოლის გაგრძელებას, რასაც უკვე მრავალი წელია უპირისპირდება რუსეთი:
„ბოლო 25 წლის განმავლობაში ვართ მსხვერპლი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის. ეს არ დაწყებულა 2008-ში, ეს დაიწყო თავიდანვე, მაშინ, როდესაც ახალმა ქართულმა სახელმწიფომ, 90-იან წლებში, დააფუძნა თავისი დამოუკიდებელი იდენტობა და იმ დღიდან დაწყებული, ქართული სახელმწიფო ვითარდება, იზრდება და ძლიერდება სწორედ რუსული სხვადასხვა ტიპის აგრესიის ფონზე“.
რა უნდა გააკეთოს საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ევროკავშირისა და ნატოს სივრცეში თავისი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად? - 28 თებერვლის შეხვედრის მთავარ აქცენტებს სწორედ ამ შეკითხვების გარშემო აერთიანებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რთული გამოწვევების წინაშე მდგომმა საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური მხარდაჭრა უნდა მოიპოვოს და დასავლური ფასეულობის გზით უნდა იაროს:
„საქართველოს ამ შემთხვევაში მოეთხოვება, ბუნებრივია, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რეფორმების გაგრძელება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს და, რა თქმა უნდა, აუცილებელია საქართველოს მაქსიმალური ჩართვა იმ რეგიონული თუ გლობალური დანიშნულების პროექტებში, რომლებიც უკავშირდება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას... რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელი გარემო შეიქმნება უსაფრთხოების განმტკიცებისთვის და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის“.
რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე მსჯელობისას, შეხვედრის ფარგლებში, საგანგებო ყურადღება დაეთმო პრორუსული პროპაგანდის დაუფარავ აქტიურობას საქართველოში. როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთის პროპაგანდის საფრთხეებს საქართველოში არასათანადო ყურადღება ექცევა:
„რეაგირება არ არის არანაირი. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს ყველაფერი არ ხდება, არადა, სინამდვილეში, ხდება ძალიან აქტიურად. გამახვილდა ყურადღება, რომ მეტი მოეთხოვება საქართველოს საზოგადოებრივად და, პირველ რიგში, ხელისუფლების როლია, რომ იყოს რეალური მექანიზმები ამის წინააღმდეგ, რომ იყოს უფრო აქტიურად პროდასავლური და არ მიეცეს საშუალება პრორუსულ პროპაგანდას, რომ ასე ღიად და აქტიურად ჩამოყალიბდეს საქართველოში, რამაც, შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ცუდი შედეგები მოგვიტანოს“.
28 თებერვლის შეხვედრა ნაწილია ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ თებერვლის დასაწყისში წამოწყებული საერთო ეროვნული დისკუსიისა, რომელიც უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდიამ განაცხადა რადიო თავისუფლების პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, საჭიროა, რომ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ევროპის უსაფრთხოების ახლებური გამოწვევები:
„ეს არის განპირობებული, პირველ რიგში, ჰიბრიდული საფრთხეებით, რომლებიც დადგა ევროპული უსაფრთხოების წინაშე. ეს არის უკრაინასთან დაკავშირებული რუსეთის აგრესიული ნაბიჯები, ყირიმის ანექსია... ამასთან ერთად, ტერორიზმის საფრთხე, რასაც ჰქვია ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან გამოწვევები, რომლებიც არის ასევე ჰიბრიდული... და როდესაც ყველაფერი ამის გაანალიზება მოხდა ნატოსა და ევროკავშირის მიერ, მთავარი ახლებური მიდგომა არის ის, რომ მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს მზად იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც არსებობს ევროპულ უსაფრთხოებაში, და მთავარი ამის გასაღები არის მედეგობის გაწევა მოქალაქეების დონეზე და არა მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე“.
როდესაც უსაფრთხოებაზე ლაპარაკობს, თეონა აქუბარდია საგანგებოდ გამოყოფს რუსეთის პროპაგანდას, რომელიც საკმაოდ ძლიერ იარაღს წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ზემოქმედების თვალსაზრისით და ასეა საქართველოშიც. შესაბამისად, მოქალაქეებს კარგად უნდა ჰქონდეთ გაანალიზებული უშუალოდ ეს საფრთხეც და მასთან ბრძოლის გზებიც. უშიშროების საბჭოში მიიჩნევენ, რომ, რადგანაც უსაფრთხოების ჭრილში ერთმანეთისგან განუყოფელია დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნები, შესაბამისად, ამ მიზნების მიღწევა, მუდმივად მზარდი და ცვალებადი საფრთხეების გათვალისწინებით, საერთო ეროვნულ კონსენსუსს მოითხოვს. შესაბამისად, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული საყოველთაო დისკუსია მრავალი სფეროს წარმომადგენლების - პოლიტიკოსების, ექსპერტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების - ფართო ჩართულობას გულისხმობს. დაგეგმილია შეხვედრების გამართვა რეგიონებშიც და ეს შეხვედრები, თავის მხრივ, მოსახლეობის ინფორმირებასაც ისახავს მიზნად.