Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელობურთი - შერკინება გურულად


წელიწადში ერთხელ, აღდგომის დღესასწაულზე, გურულები ლელობურთს თამაშობენ. ლანჩხუთის რაიონის სოფელი შუხუთი ორად იყოფა - ქვემო და ზემოშუხუთელები ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან. ვის მხარესაც ერთფუთიანი (16 კილოგრამი) ბურთი წავა, გამარჯვებულიც ის არის. დღემდე ზუსტად არავინ იცის, ვინ იგებს; არც ის, თუ რამდენი წელია თამაშობენ გურულები ლელობურთს. თუმცა ის, რომ ლელო მათი მთავარი ტრადიცია, დღესასწაული და ცხოვრების წესია, ამაში ყველა შუხუთელი თანხმდება. მთელი წელი სოფელში სიმშვიდეა, ერთი წლის თავზე კი, ლელოს თამაშის დღეს, რამდენიმე საათით შუხუთი გურიაში ყველაზე ხმაურიან ადგილად იქცევა. თუმცა წელს ლელოს თამაშით გამოწვეული სიხარული შუხუთელებს მწუხარებით შეეცვალათ - თამაშის დროს, ბოლო მრავალი წლის განმავლობაში პირველად, გულის უკმარისობით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში, დილის შვიდი საათია - აღდგომისა და ლელობურთის თამაშის წინადღე. უკვე რამდენიმე ათეული წელია, ლელოს აქაურები აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ. ამ დღეს ქალაქში გადახვეწილი ყველა შუხუთელი სოფელში ბრუნდება.

14 წლის გიორგი ბზეკალავაც ლელოს მოლოდინშია. ყოველ წელს, თამაშის მოახლოებასთან ერთად, მისი ღელვაც მატულობს. ლელოს თამაშობდა მისი მამა, მისი ბაბუა, დიდი ბაბუა. გიორგიც ემზადება. ადრე თუ მაყურებელი იყო, ახლა თვითონაც აპირებს მიწოლას. ყველაფერი იცის - სად დაიტენება ბურთი, ვინ სად შეიკრიბება, რომელზე გავარდება თოფი. ზემო მოიგებს, გვეუბნება, და მერე გვიხსნის, რას ნიშნავს ლელო შუხუთელებისათვის:

„ჩვენთვის ეს დღე ყველაფერია. დღესასწაულია. ეს ყველას ჯიშში გვაქვს, ყველას ჟინი აქვს მოგების, ამ დღეს ელოდებიან და მოგებაზე ოცნებობენ. არა, შიშით არავის ეშინია. სიამოვნება უფროა. წელს ვინ მოიგებს? ზემო. ზემომ უნდა მოიგოს. ასე მგონია მე“.

ლელობურთის თამაშის დღეს, დილით, ერთ-ერთ ეზოში სააღდგომო სუფრა იშლება. ეკლესიიდან ბურთი ქვიშით დასატენად სწორედ იქ მიაქვთ.

ახლა ბურთის გაკეთების დროა.

ბურთი, როგორც მთავარი გმირი

„ლელო 2015-ის“ სათამაშო ბურთის წონამ წელს 16 კილოს გადააჭარბა. ტრადიციის თანახმად, ბურთი ერთ ფუთს უნდა იწონიდეს - 16 კილოს.

„მომეცი ერთი სასწორი, თუ ძმა ხარ! ე, ბიჭო, სადღეგრძელო თქვი, ჩაასხი და მერე დალიე. აბაა, გაუმარჯოს ლელობურთის შემკერავს და დამტენავს, მოთამაშეს და გულშემატკივარს! აწონე, აბა! მეტია, გონია. 17 კილოა! კიდე ქე ჩავა სამი კილო“.

წარმოიდგინეთ ქვიშით დატენილი შავი ტყავის ბურთი, რომელსაც საგანგებოდ ამ დღისთვის კერავენ. ქვიშით და ნახერხით დატენამდე, დროებით, ბურთს სახელდახელო სასმისად აქცევენ, ჩაკეცილ ბურთში ღვინოს ასხამენ, მომავალ თამაშს და აღდგომის დღესასწაულს ლოცავენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ქვიშით გამოვსებას, თან გურულ ღვინოსაც ამატებენ. ტრადიციის მიხედვით, ბურთი დასატენად ეკლესიიდან დეკანოზ საბა ჟღენტს გამოაქვს. როცა ბურთი მზადაა და ლელოს „შესავალი სუფრაც“ დასრულებული, შუხუთის ეკლესიის დეკანოზი თამაშს დალოცავს და ბურთს გაათამაშებს - ასე ლელოს მონაწილეები ძალებს სინჯავენ.

„ბურთის ძალა უნდა მოვსინჯოთ ჯერ. ვისვრით, ვიჭერთ ხელში, მერე უკან აბრუნებთ და ასე. აბა, დევიწყეთ! ცოტა გეიჩოჩეთ. ადგილი გვჭირდება. ოოოო, მასე! კაია!“

ეკლესიამდე ამ ბურთის ერთმანეთისთვის გადაგდება-გადმოგდებით მიდიან. ზოგი იჭერს, ზოგს ხელიდან უვარდება. თამაშის დაწყებამდე მათ რამდენიმესაათიანი მოსამზადებელი დრო რჩებათ. სამ საათში ლელობურთი დაიწყება. მამა საბა კი წელს ლელოს ბურთს მეთექვსმეტედ ააგდებს:

„პირველივე წლიდან, რაც მე ამ ეკლესიაში მოვედი, სოფლის მკვიდრების თხოვნით, ბურთს მე ავაგდებ ხოლმე. სხვათა შორის, მარტივი ამბავი არ არის, რადგან ბურთის წონა 17 კილომდეა და აგდების შემდეგ ისიც უნდა მოახერხო, რომ თამაშიდან უვნებლად გამოძვრე. თექვსმეტი წელია, ასეა. ზუსტად არავინ იცის, რამდენწლიანი ტრადიცია აქვს ამ თამაშს. ამბობენ, რომ გურულები უკვე სამი საუკუნეა თამაშობენ“.

სახელიანი ბურთის მოლოდინში

ლელოს მოგებულ ბურთს ზემო და ქვემო შუხუთში, ორ ოჯახში ელიან. გააჩნია, რომელი მოიგებს. 24 წლის ტოლიკო შანიძე ერთი წლის წინ შემთხვევით გავარდნილმა ტყვიამ იმსხვერპლა. მისი დედა, მანანა, ადრიანი დილიდან სამზარეულოში ტრიალებს. უნდა, რომ ყველაფერი თავისი ხელით დაამზადოს. ტოლიკოს სახელზე მოგებული თამაში ოჯახისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია:

იმფერი მომენტიც ყოფილა, რომ აი, ახლა გატყდება ნეკნი, გგონია, მარა გადოუვლია „ტალპას“ და ამოგისუნთქია. შიშით არ მეშინია, მარა თამაში კია რთული. უფრო ხშირად მთვრალები იმტვრევიან ლელოში. ადამიანი რო მომკვდარიყოს, მასეთი არ მომხდარა არასდროს...
კახა იმნაიშვილი

„მიფიქრია, ბურთი რად მინდა, ჩემი შვილი ცოცხალი მჭირდება, მაგრამ რადგან ეს ტრადიცია არსებობს, რადგან ამ თამაშს მსოფლიო უყურებს, მეც მინდა, რომ ეს გამარჯვებული ბურთი ჩემი შვილის საფლავზე მივიდეს და იქ იდოს ჩემი სიცოცხლის ბოლომდე“.

ქვემო შუხუთში სამზადისშია იმნაიშვილების ოჯახიც. კახა იმნაიშვილი თავისი მამის სახელზე თამაშობს - სწორედ მის საფლავზე წავა ბურთი, თუ ქვემო შუხუთი მოიგებს. „ლელო სულ იქნება“, - ამბობს კახა და თამაშის რთულ მომენტებს იხსენებს:

„იმფერი მომენტიც ყოფილა, რომ აი, ახლა გატყდება ნეკნი, გგონია, მარა გადოუვლია „ტალპას“ და ამოგისუნთქია. შიშით არ მეშინია, მარა თამაში კია რთული. უფრო ხშირად მთვრალები იმტვრევიან ლელოში. ადამიანი რო მომკვდარიყოს, მასეთი არ მომხდარა არასდროს. ლელო რომ არ იყოს? რას ამბობ! სანამ კაცობრიობა იქნება, ღმერთმა დეიფაროს, რომ გადაშენდეს“.

მოთელვა და სტრატეგია

ლელოს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე თამაშისთვის საგანგებოდ „გამოწყობილი“ ზემოურები და ქვემოურები ერთმანეთისგან მოშორებით ადგილს არჩევენ, რამდენიმე წუთით შეჯგუფდებიან და თამაშის სტრატეგიას გეგმავენ. ყველა თავისას გაიძახის, ხმაურობენ, თუმცა საბოლოოდ რაღაცაზე მაინც თანხმდებიან და „ზემო-ზემოს“ და „ქვემო-ქვემოს“ ძახილით სტარტის ადგილისკენ მიდიან:

„ბურთი მიდის ქვევით, მარა წევიყვანოთ უნდა სკოლისკენ! ზემოურები, იცოდეთ, რო ხშირად ამით გვიგებდნენ და გვატყვილებდნენ, გაჩერდა ბურთიო, რომ იტყვიან, ამდგარია თვითონ და მაშინ აწვება ბურთს. ბიჭებს კიდე ჯერათ და ჩერდებიან. მიწოლა უნდა. შეიძლება სამ-ოთხ კაცს გადავუაროთ, მარა ლელოა, რას იზამ, ხან ცხვირზე მოხვდება ფეხი და ხან ყურზე და ხან ნეკნზე. აბა, წევეით! ქვემო შუხუთს გაუმაააარჯოოოს!“

შერკინება

თუ ლელობურთს პირველად ესწრები, შერკინების დაწყებამდე ვერაფრით მიხვდები, ეს რა თამაშია. ეს რომ მართლა იგრძნო, იქ უნდა იდგე და ერთმანეთს შებმულ, გაოფლილ და აწითლებულ, ტანსაცმელშემოგლეჯილ და მოღრიალე ხალხის მასას შეჰყურებდე, ხან კი შენ თვითონაც გაურბოდე, იმიტომ რომ არასოდეს იცი, ეს ერთმანეთში გადახლართული ადამიანების გორგალი საით გაიწევს, ვის გადათელავს. თოფის ხმაც მოულოდნელად გაისმის, ბურთი ვარდება და თამაში იწყება.

წელს შუხუთში იწვიმა. ამიტომ ადგილი, სადაც ლელომ სტარტი აიღო, მალევე გადაიქცა ტალახის მოედნად. მოთამაშეებმა იხუვლეს და ამის შემდეგ უკვე ძნელი გასარკვევი იყო, რა ხდებოდა შუაგულში. ლელოს მთავარი პრინციპი მიწოლაა. ბურთი ან ზემოშუხუთელებმა უნდა გადაიტანონ თავისი მხრისკენ და ხევში ჩააგდონ, ან ქვემოშუხუთელებმა. დროდადრო მასა ისვენებს, ვიღაც ცუდადაა და ხელს მაღლა წევს - ამ დროს თამაში ჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ცუდად გახდა, გვერდზე გაჰყავთ. შეჭიდება კი ისევ გრძელდება. ზოგან გახდილი ტალახიანი ფეხსაცმელი გდია, ზოგან - შემოხეული პერანგი. ხის ძირას და შენობების კედლებთან კი ტალახში ამოსვრილი, ფერდაკარგული მოთამაშეები არიან მისვენებულები. ზოგს იქვე ასულიერებენ. ახლომახლო სასწრაფო დახმარების მანქანაც დგას. ლელოს გორგალს ოხშივარი ასდის. გარშემო ქალები დადიან - მათი შვილები, ძმები, მამები თუ ქმრები თამაშობენ. ამ დროს სოფლის ყველა ქალი გარეთაა. თუ საჭირო გახდა, ისინიც მოაწვებიან. ამ დროს ბურთი სადაა, მხოლოდ შუაგულში მდგომებმა იციან.

ლელობურთის პირველი მსხვერპლი

წლევანდელი ლელო ტრაგიკულად დასრულდა. პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, თამაშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გოჩა ფირცხალაიშვილი თამაშის დროს ცუდად გახდა. როცა ის თამაშიდან გაიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მას გული აწუხებდა და სწორედ გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ლელობურთი არ შეწყვეტილა და მანამ გაგრძელდა, სანამ ზემოშუხუთელებმა ბურთი ხევში არ ჩაიტანეს.

ბურთი - ტოლიკოს

ლელობურთი დასრულდა. ბურთი ტოლიკო შანიძის საფლავზე დაიდება. თუმცა სანამ დაღლილი, ტალახიანი და ტანსაცმელშემოხეული ზემოშუხუთელები სასაფლაოს კარს შეძახილებით მიადგებიან, ჯერ ტოლიკოს სახელობის წყაროსთან, შემდეგ მის სახლში მიდიან და ბურთი აივანზე ააქვთ. მხოლოდ შემდეგ მიაქვთ ის წინა წელს გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა კაცის საფლავზე და მისი სურათის წინ დებენ.

ლელო -თავგადასავალი

მე რაც მახსოვს, ლელოს თამაში 1936 წელს დეიწყო. აი, მახსოვს ნამდვილად, ბავშვი ვიყავი და დავდიოდი და ვუყურებდი. ომის მერე მეც ვთამაშობდი. ერთი ლელო თლათ მე ევიტანე. მე და ჩემმა სახლიკაცმა...
დურსუნ აფხაძე

არავინ იცის, რამდენი წლისაა ლელო. არც ის, ვინ იგებს - ზემო შუხუთი თუ ქვემო შუხუთი. გადმოცემით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს თამაში თურქებთან ბრძოლის იმიტაციაა. სოფელში დღესაც ჰყვებიან, რომ შუხუთის შუაგულში მდგარი ცაცხვის ხეების ძირში ამ ბრძოლაში დაღუპული თურქ-სელჩუკები არიან დამარხული.

დურსუნ აფხაძე მალე 90-ის გახდება. არც ერთი ლელო არ გაუცდენია. ადრე თუ მოთამაშე იყო, ახლა მაყურებელია. ლელოს თამაშის დღეს მისი სამჭედლო იკეტება და უხუცესი შუხუთელი ლელოს საყურებლად მიდის:

„მე რაც მახსოვს, ლელოს თამაში 1936 წელს დეიწყო. აი, მახსოვს ნამდვილად, ბავშვი ვიყავი და დავდიოდი და ვუყურებდი. ომის მერე მეც ვთამაშობდი. ერთი ლელო თლათ მე ევიტანე. მე და ჩემმა სახლიკაცმა. ეგ მახსოვს კარგად. მაშინ თამაში იყო წესიერი. სხვა კი არ გვერეოდა არავინ. ერთმანეთს ვუფრთხილდებოდით. ჩამიარდა ბრიგადირი და გვეტყოდა, დღეს არ დალიოთო! ხოდა, მაშინ პირველ მაისს ვარდებოდა ბურთი, აღდგომას არა“.

თურმე, ადრე ლელოს ქალებიც თამაშობდნენ. 74 ნანი ცნობილაძეც ერთ-ერთი მათგანია. შვილის სიკვდილის შემდეგ ის თამაშის საყურებლდაც აღარ დადის, თუმცა ჩვენთან საუბარში ძველ ლელობურთებს ასე იხსენებს:

ლელო - შერკინება გურულად
please wait

No media source currently available

0:00 0:06:13 0:00

​„როცა ბიჭები გაჭირვებაში იყვნენ, ხელს დაგვიქნევდნენ და მას მერე მივდიოდით საშველად, რომ უკნიდან მივწოლოდით. სულ ხუთნი ვიყავით ასეთი ქალი“.

შუხუთის კიდევ ერთი მკვიდრი, გრიგოლ ჯაფარიძე, გვიამბობს, რომ ლელოს გურიის თითქმის ყველა სოფელში თამაშობდნენ, თუმცა დღემდე ეს ტრადიცია მხოლოდ ამ ერთ სოფელში შემორჩა. ამ თამაშის წესი ის არის, რომ თუ ვინმე წაიქცა და ცუდად გახდა, თამაში წამებით ჩერდება და მოთამაშე ლელოს ეთიშება.

„კულტურული ტანსაცმლით და სუფთად და ლამაზად ვერ ითამაშებ ამ თამაშს. მოკერებულებს ვეძახით ჩვენ ამ ტანსაცმელს, რასაც ვიცვამთ თამაშის დროს. რომც დეიხეს და გაგძვრეს თამაშის დროს, რომც დაიკარგოს, გული არ უნდა შეგტკიოდეს. როგორი თამაშია, იცით, ლელო? სრულიად დაწყნარებული ადამიანი შეიძლება მიხვიდე თამაშზე საყურებლად და უცებ დატრიალდება რაღაცა და სულ არ გედარდება, რომ ახლები გაცვია, შევარდე შეიძლება და ითამაშო“.

წლევანდელი ლელო პირველი თამაში იყო, როცა შუხუთელებს საზეიმო განწყობა ბოლომდე არ გაჰყვათ. თამაში არ შეჩერებულა, თუმცა თანასოფლელის გარდაცვალებამ დღესასწაული ჩაშალა. მომავალ წელს ბურთი შესაძლოა სწორედ დაღუპულის სახელზე ავარდეს. ლელო კი არ გაჩერდება, ამბობენ შუხუთელები.

„ლელო უკვე სოფლის სიმბოლოა, სოფლის გერბია. შუხუთი და ლელო ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია“, - ეს კი უფროსი გიორგი ბზეკალავას სიტყვებია, უმცროსი გიორგის ბაბუის. 14 წლის გიორგიმ ლელო უკვე ითამაშა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

  • 16x9 Image

    გიორგი გოგუა

    გიორგი გოგუა არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან.

XS
SM
MD
LG