29 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო მერებაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მთავარი იურისტი. მან ილაპარაკა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკაზე საქართველოში. 28 სექტემბერს IDFI-მ დააჯილდოვა ორგანიზაციები, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აჩვენა. გამოვლინდა აგრეთვე ყველაზე დახურული დაწესებულება - იუსტიციის სამინისტროს სახით. ნინო მერებაშვილის განმარტებით, თანაბარი მიდგომისთვის ორგანიზაცია ერთნაირ მოთხოვნებს უგზავნის ყველა საჯარო უწყებას და მიღებული პასუხების შესაბამისად ადგენს რეიტინგებს. რაც შეეხება შეფერხებებს, რიგ შემთხვევებში IDFI-მ სასამართლოსაც მიმართა. ნინო მერებაშვილმა ილაპარაკა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ ამ ეტაპზე უკვე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო დავაზე - როცა სამინისტრომ არ ჩათვალა საჯარო ინფორმაციად ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაცვლილი ინფორმაცია გადაუდებელი აუცილებლობით გაპირობებული შესყიდვების შესახებ. გარდა ამისა, "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარე დავაზე, როცა სასამართლომ უარი თქვა ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების გაცემაზე. ნინო მერებაშვილმა გაიხსენა აგრეთვე შსს-სთან სასამართლო დავა, რომელიც ეხებოდა 2014 წელს შსს-დან პრემიებსა და დანამატებზე ინფორმაციის გამოთხოვაზე უარის მიღებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ს სარჩელი. შსს-მ გაასაჩივრა გადაწყვეტილება. უზენაესმა სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად ჩათვალა, რის შემდეგაც, ნინო მერებაშვილის თქმით, შსს-მ ის არ შეასრულა. IDFI-ს მთავარი იურისტი ლაპარაკობს სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესებაზე და აგრეთვე იმაზე, რომ საჭიროა ახალი კანონის მიღება ინფორმაციის თავისუფლებაზე და ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტის შემოღება.