ეს ათი ფილმი არჩეულია ერთი ადამიანის მიერ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ყოველ თქვენგანს სულ სხვა სია „ჰქონდეს თავში“ და არ მეთანხმებოდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ გამომრჩა რომელიმე კარგი ფილმი არჩევნებზე. რა დაითვლის მათ! მით უმეტეს ჰოლივუდში, რომლისთვისაც არჩევნები ერთ-ერთი საყვარელი თემაა.
10. Wag the Dog (1997) – „ძაღლის ქიცინი“, (რეჟ. ბარი ლევინსონი)
მხატვრული თვალსაზრისით ჰოლივუდისთვის ტრადიციული ფილმი, რომელშიც ძირითადი დატვირთვა მსახიობებზე და სცენარზე გადადის. თუმცა სურათი მაინც საინტერესოდ იკვლევს საარჩევნო პიარკამპანიის მექანიზმებს. იმას, თუ ტექნიკურად როგორ ხდება ამბის „გადაფარვა“ საარჩევნოდ პრეზიდენტის მრჩევლის (რობერტ დე ნირო) მიერ. დღეს ამ ფილმში ასახული ისტორია სრულიად გასაგებია ქართველი მაყურებლისთვის. თავის დროზე, როცა ლევინსონის ფილმი ვიდეოკასეტებზე შემოვიდა, ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენა. უფრო მეტიც, ვიდეოგაქირავებაში ფილმი წარმოგვიდგინეს როგორც „ფანტასტიკა“.
9. All the President's Men (1976) – „პრეზიდენტის მთელი რაზმი“ (რეჟ. ალან პაკულა)
„უოტერგეიტის საქმე“ ერთ-ერთი გამორჩეული სკანდალია ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლური მედიის ისტორიაში. პაკულამ, პირველ რიგში ვირტუოზული დუეტის, რობერტ რედფორდისა და დასტინ ჰოფმანის დახმარებით, დოკუმენტური დრამა, რომლის ყველა დეტალი იცოდა ამერიკულმა საზოგადოებამ, გადააქცია თრილერად და თანაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოერიდა ამ საქმის მთავარი გმირის (და გამარჯვებულის), მედიის იდეალიზაციას. მედია პაკულასთან მართლაც არის „მეოთხე ხელისუფლება“, რომელსაც შეუძლია გადააწყოს ქვეყნის პოლიტიკა, მაგრამ არც თუ ისე უანგაროდ.
8. Forbidden (1932) – „აკრძალული“ (რეჟ. ფრენკ კაპრა)
ძალიან საყვარელი ფილმია, განუმეორებელი ბარბარა სტენვიკით. საყვარელია გულუბრყვილობით, რომლის შენიღბვა კაპრას არც არასდროს უცდია. „ცხოვრება მშვენიერიას“ ავტორს სჯერა ამერიკული დემოკრატიის, ქადაგებს ლიბერალიზმს და, ფაქტობრივად, იმის ერთგულია, რასაც ჩვენში „სოცრეალიზმს“ უწოდებენ - „მისაბაძი გმირებით“, მორალის უპირატესობით, ადამიანის სისუსტეების აღიარებასთან ერთად. ყველა კადრში იგრძნობა კაპრას რაღაცნაირი სათნო მზერა და მისი უნარი, ყოველთვის მისცეს შანსი თავის გმირებს უსიამოვნებებისგან თავის დასახსნელად.
7. The Manchurian Candidate (1962) – „კანდიდატი მანჯურიიდან“ (რეჟ.ჯონ ფრანკენჰაიმერი)
ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკური თრილერი კინოს ისტორიაში, „უსასრულო სასპენსით“, ცარიელი ადგილების გარეშე. ამ პერიოდის ამერიკულ კინოს აქვს იდუმალება, რომლის გააზრება და ახსნა ზოგჯერ იმიტომ რთულდება, რომ რეალობის მიმართ დამოკიდებულებაა განსხვავებული (დღევანდელ ამერიკულ კინოსთან შედარებით): დიზაინი, გარემო, დროის აღმნიშვნელი დეტალები და, რაც მთავარია, ფრენკ სინატრას და ლოურენს ჰარვის დუეტი მართლაც რომ ქმნიან სანახაობას, რომელშიც ისტორიული ფონი (და არჩევნების თემა) გადაჯაჭვულია ორი უბრალო ადამიანის დრამასთან.
6. La fleur du mal (2003) – „ბოროტების ყვავილი“ (რეჟ. კლოდ შაბროლი)
კლოდ შაბროლის ერთ-ერთი საუკეთესო და, სამწუხაროდ, დაუფასებელი ფილმი (კრიტიკა უკმაყოფილო იყო იმით, რომ შაბროლის სხვა ფილმებისგან განსხვავებით სურათს დაძაბულობა აკლია). ფრანგული პროვინციის მერის არჩევნების ფონზე შაბროლი გვიამბობს ერთი ოჯახის სამ თაობაზე. „ახალი ტალღის“ კლასიკოსი როგორც ყოველთვის ულმობელია და ცინიკური თავისი პერსონაჟების მიმართ და ეჭვის ქვეშ აყენებს საერთოდ დემოკრატიული არჩევნების „დემოკრატიულობას“. რა ვიცით ჩვენ იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ვირჩევთ? რას გვიმალავენ ისინი? და რაღა დაგვრჩება, თუკი ყოველი ჩვენგანის ბიოგრაფიას გამოვიკვლევთ? უფრო მეტიც, კანდიდატების ბებიებსაც მივხედავთ?
5. Le mani sulla citta (1962) – „ხელები ქალაქზე“ (რეჟ. ფრანჩესკო როზი)
დეპუტატი-ბიზნესმენი ანგრევს ნეაპოლის ძველ სახლებს და აშენებს ახლებს, რომლებიც მალე ინგრევა. ხანდახან მგონია, რომ როზიმ ჩვენკენაც გამოიხედა და აღწერა ის, რაც ხდებოდა და ხდება თბილისში. სიტყვა „ინვესტორი“, რომელსაც ბიზნესმენი-პოლიტიკოსები ხმარობენ ხოლმე, უბრალოდ, სახალისო იქნებოდა, რომ არა უბედურება, რომელიც ამ სიტყვამ შეიძლება მოუტანოს ქალაქს და ქალაქელებს. როზის სურათმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნეაპოლის მერის არჩევნებზე. პრემიერას რამდენიმე საპროტესტო მანიფესტაცია მოჰყვა იტალიაში ქალაქმშენებლობის პოლიტიკის წინააღმდეგ.
4. Todo Modo, (1975) – „ტოდო-მოდო“ (რეჟ. ელიო პეტრი)
ძალაუფლების პერვერსიების გამორჩეული მკვლევარი ელიო პეტრი იღებს იგავს არაფორმალურ მმართველებზე, რომლებიც სადღაც რომის გარეუბანში, ვილაში, „უფროსს“ ირჩევენ. კომპრომატების ომი ამ ისტორიას გადააქცევს აბსურდად, რომელიც მთლიანად წაშლის ზღვარს დოკუმენტურსა და მოგონილს შორის. პეტრი, ჩემი აზრით, პიერ-პაოლო პაზოლინის შემოქმედებასთან ყველაზე ახლოს მყოფი ავტორია 70-იანი წლების იტალიურ კინოში - უკომპრომისო, რადიკალური. საგულისხმოა, რომ „ტოდო-მოდო“ იტალიის ეკრანებზე სწორედ პაზოლინის მკვლელობის დროს გამოვიდა.
3. L’Arbre, le maire et la médiathèque (1993) – „ხე, მერი და მედიათეკა“ (რეჟ. ერიკ რომერი)
რომერი, როგორც ჩანს, მაინც იძულებული გახდა, გამოხმაურებოდა ბრალდებებს მემარცხენე მეგობრების მხრიდან, გამოხმაურებოდა ამ ირონიული ფილმით, რომელშიც პროგრესზე და არქიტექტურაზე მსჯელობისას საერთოდ დააბნია თავისი ოპონენტები. ბოლომდე მაინც გაურკვეველი რჩება, ავტორი დასცინის თავის სოციალისტ გმირს, ფრანგული პროვინციის მერს, თუ უთანაგრძნობს მას. და, საერთოდ, პროგრესის მიმართ რომერის ამბივალენტურმა დამოკიდებულებამ საბოლოოდ დაუმკვიდრა მას ფრანგულ კინოში „ეკოლოგისტის“ სახელი. „ეკოლოგისტის“, „მწვანის“, მაგრამ არამც და არამც მემარცხენის.
2. „M“ (1931), რეჟ. ფრიც ლანგი
ნაციზმის გენიალური წინასწარმეტყველება, ფილმი მანიაკ-მკვლელზე, რომლის დასაჭერად პოლიციასთან ერთად ქურდული სამყარო და, ფაქტობრივად, მთელი ქალაქი ერთვება. აქ უკვე ფრიც ლანგის თრილერი გადაიქცევა სატირად ნაციზმის მოლოდინში მყოფ გერმანულ საზოგადოებაზე, მის ფარისევლობაზე. ატმოსფეროს შექმნის თვალსაზრისით ფრიც ლანგს ბევრი რეჟისორი ვერ შეედრება კინოს ისტორიაში. დღესაც გაოცებს, როგორ გრძნობს იგი დეტალს, ხმას (მისი პირველი ხმოვანი ფილმია) და როგორ მუშაობს გენიალურ მსახიობთან, პეტერ ლორესთან.
1. Citizen Kane(1941) – „მოქალაქე კეინი“ (რეჟ. ორსონ უელსი)
სიმდიდრე არ გამორიცხავს მარტოობას. სიხარბე და ძალაუფლების სიყვარული - მით უმეტეს... და დგება დრო, როცა აღარავინ გემორჩილება.. ორსონ უელსის ფილმი კინოკრიტიკოსთა არაერთ გამოკითხვაშია აღიარებული ყველა დროისა და ხალხის ფილმად პირველ რიგში იმ როლის გამო, რომელიც 26 წლის რეჟისორის ფილმმა შეასრულა კინოს ისტორიაში, თხრობის სრულიად ახალი სტილის, კინემატოგრაფიული გამოსახულების ახალი შესაძლებლობების ჩვენების გამო. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ „მოქალაქე კეინი“ შექსპირის დონის ფილმია, რომელიც რომ არ ძველდება, ამას ჩვენი დღევანდელი, ქართული რეალობაც ადასტურებს.